ჰაბსბურგები

ჰაბსბურგები (გერმ. Habsburger) — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო შუა საუკუნეებიდან ახალ დრომდე. დინასტიის წარმომადგენლები ავსტრიას მართავდნენ 1282 წლიდან, რომელიც მოგვიანებით მრავალეროვნულ ავსტრიულ იმპერიად გარდაისახა (1918 წლამდე) და ევროპის ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი სახელმწიფო იყო. საგვარეულო იკავებდა ასევე საღვთო რომის იპმერიის ტახტს 1438-დან 1806 წლამდე. (მცირე წყვეტით 1742-45 წწ).

გარდა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერიისა ჰაბსბურგებს შემდეგი სახელმწიფოების ტახტი ეკავათ:

ამას გარდა, არაერთი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა.

Familienwappen Habsburg-Stroehl
1890 წელს გამოსახული ჰაბსბურგების დინასტიის გერბი

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 584, თბ., 1987 წელი.
  • Brewer-Ward, Daniel A. The House of Habsburg: A Genealogy of the Descendants of Empress Maria Theresia. Clearfield, 1996.
  • Crankshaw, Edward. The Fall of the House of Habsburg. Sphere Books Limited, London, 1970. (first published by Longmans in 1963)
  • Evans, Robert J. W. The Making of the Habsburg Monarchy, 1550–1700: An Interpretation. Clarendon Press, 1979.
  • McGuigan, Dorothy Gies. The Habsburgs. Doubleday, 1966.
  • Palmer, Alan. Napoleón and Marie Louise Ariel Mexico, 2003.
  • Wandruszka, Adam. The House of Habsburg: Six Hundred Years of a European Dynasty. Doubleday, 1964 (Greenwood Press, 1975).
ეკატერინე ავსტრიელი

ეკატერინე ავსტრიელი (დ. 14 თებერვალი 1507 — გ. 12 თებერვალი 1578) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ისა და მისი ქმრის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე I-ის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1525-1557 წლებში როგორც ჟუან III-ის მეუღლე. თავისი შვილიშვილის, სებასტიან I-ის რეგენტი 1557-1562 წლებში.

ელიზაბეთ ავსტრიელი (1526-1545)

ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich, პოლ. Elżbieta Habsburżanka; დ. 9 ივნისი, 1526, ლინცი — გ. 15 ივნისი, 1545, ვილნიუსი) — პოლონეთის დედოფალი ჰაბსბურგების გვარიდან. მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტის მეუღლე.

ერცჰერცოგი

ერცჰერცოგი (გერმ. Erzherzog) — წოდება, რომელსაც იყენებდნენ მარტოოდენ ავსტრიის ჰაბსბურგთა მონარქიული სახლის წარმომადგენლები. შუა საუკუნეებისა და ახალი ეპოქის გერმანიის წოდებების იერარქიაში ერცჰერცოგი იდგა ჰერცოგზე მაღლა, მაგრამ კურფიურსტსა და მეფეზე დაბლა. ეს წოდება ყველაზე ახლოსაა დიდი ჰერცოგის (გერმ. Großherzog) წოდებასთან, რომელიც გერმანიაში XIX საუკუნის დასაწყისამდე არ გამოიყენებოდა.

იოზეფ I (სრი)

იოზეფ I (დ. 26 ივლისი, 1678 — გ. 17 აპრილი, 1711) — საღვთო რომის იმპერატორი 1705–1711 წლებში. ის იყო იმპერატორ ლეოპოლდ I-ის უფროსი შვილი პირველი ცოლის, ელეონორ მაგდალენისაგან. იოსეფს ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, 1687 წელს მიანიჭეს უნგრეთის მეფის ტიტული, ხოლო რუმინეთის მეფის — 11 წლის ასაკში 1690 წელს. მან მიიღო საიმპერატორო ტახტი მას შემდეგ რაც მისი მამა გარდაიცვალა. იოზეფმა განაგრძო მამის მიერ დაწყებული ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომი, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის წინააღმდეგ და უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტზე დაესვა თავისი უმცროსი ძმა კარლი (შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI). ამ პერიოდში, მან თავისი გამარჯვებების წყალობით ავსტრიის გავლენის ქვეშ მოაქცია იტალიის ტერიტორია. იოზეფს ასევე გაუჭიანურდა უნგრელთა ამბოხის ჩახშობა, რომელიც წაქეზებული იყო საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის მიერ. ეს პრობლემა ვერც მისი უდროო სიკვდილის შემდეგ ვერ მოაგვარეს მისმა მემკვიდრეებმა.

კარლ II (ესპანეთი)

კარლ II მოჯადოებული, კარლ II შეშლილი (ესპ. Carlos II El Hechizado; დ. 6 ნოემბერი, 1661 — გ. 1 ნოემბერი, 1700) — ესპანეთის მეფე 1665–1700 წლებში, ფილიპე IV-ის ვაჟი, ჰაბსბურგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ესპანეთის ტახტზე.

მეფობის უდიდესი ნაწილი მისი რეგენტი იყო დედამისი, მარიანა ავსტრიელი, ხელისუფლება ფაქტობრივად ხუან ავსტრიელის ხელში იყო. კარლის მეფობის დროს ესპანეთში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. პროვინციებში მძლავრობდა სეპარატიზმი, ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დიდი ნაწილი ინგლისისა და საფრანგეთის მფლობელობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში გაბატონებული იყო შიმშილი. მადრიდის სასახლეში ოლიგარქიულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები. კარლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელიც ესპანელი ბურბონების სასარგებლოდ დასრულდა.

კარლ VI (სრი)

კარლ VI (დ. 1 ოქტომბერი, 1685, ვენა – გ. 20 ოქტომბერი, 1740, იქვე) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1711-1740 წლებში, ლეოპოლდ I-ის ძე. უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტის დაუფლებას. ებრძოდა ოსმანთა იმპერიას (1716-1718, 1737-1739 წწ.) 1713 წელს გამოსცა პრაგმატული სანქცია.

კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი

კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი (ესპ. Catalina micaela de Austria; ინგლ. Infanta Catherine michelle of spain) (დ. 10 ოქტომბერი ,1567 — გ. 6 ნოემბერი, 1597) — ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და მისი მესამე, ფრანგი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტა დე ვალუას უმცროსი ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ის მეუღლე. სავოიის ჰერცოგინია 1585–1597 წლებში.

კონსტანცია ავსტრიელი

კონსტანცია ავსტრიელი (გერმ. Constanze von Österreich, პოლ. Konstancja Habsburżanka, დ. 24 დეკემბერი, 1588 — გ. 10 ივლისი, 1631, ვარშავა) — ავსტრიის ერცჰერცოგინია ჰაბსბურგების გვარიდან. პოლონეთის მეფის და ლიტვის დიდი მთავრის, სიგიზმუნდ III ვაზას მეორე ცოლი.

ლეოპოლდ I (სრი)

ლეოპოლდ I (დ. 9 ივნისი, 1640, ვენა — გ. 5 მაისი, 1705, იქვე) — ავსტრიის ხელმწიფე 1657–1705 წლებში, იმპერატორი 1658 წლიდან, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, ფერდინანდ III-ის ძე. კათოლიკურ ეკლესიაზე დაყრდნობით ცდილობდა ჰაბსბურგთა სამფლობელოებში აბსოლუტიზმის განმტკიცებას. მისმა პოლიტიკამ უნგრეთის მიმართ (ავტონომიის გაუქმება, კათოლიკური რეაქცია) გამოიწვია მთელი რიგი აჯანყებები. ოსმალეთთან დადო კარლოვიცის ზავი (1699 წ.). მონაწილეობდა ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში (1701 წლიდან)

მარია ავსტრიელი

მარია ავსტრიელი (გერმ. Maria von Österreich; დ. 18 სექტემბერი, 1505, ბრიუსელი — გ. 18 ოქტომბერი, 1558, კასტილია) — ფილიპე I-ის და ხუანა I შეშლილის ქალიშვილი.

ის ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: მარია ჰაბსბურგი, მარია უნგრელი, მარია ბურგუნდიელი, მარია კასტილიელი. მარიას და-ძემბს შორის იყვნენ საღვთო რომის იმპერატორები, კარლ V და ფერდინანდ I; პორტუგალიის და შემდგომ საფრანგეთის დედოფალი ელეონორა ავსტრიელი; დანიის, ნორვეგიის და შვედეთის დედოფალი იზაბელა ავსტრიელი; პორტუგალიის დედოფალი, ეკატერინე ავსტრიელი.

მარია ავსტრიელი იყო უნგრეთის და ჩეხეთის მეფე ლაიოშ II-ის ცოლი, რომელიც იყო ვლდისლავ II-ის და ალა დე ფუას ვაჟი. 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში ლუდოვიკოს დაღუპვის შემდეგ, მარია გახდა თავისი ძმის, კარლ V-ის მემკვიდრე.

მარია ანა ავსტრიელი (1770-1809)

მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich) (* 21 აპრილი 1770, ფლორენცია – † 1 ოქტომბერი 1809, ნოიდორფი) - იყო ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია.

მარია კლემენტინა ავსტრიელი

კლემენტინე ავსტრიელი (გერმ.: Klementine von Österreich) (* 24 აპრილი 1777, პოჯო (ნეაპოლი); † 15 ნოემბერი 1801, ნეაპოლი) - იყო ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია და ორივე სიცილიის სამეფოს დედოფალი.

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (1632-1649)

მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (გერმ. Maria Leopoldine von Österreich; დ. 6 აპრილი 1632 - გ. 7 აგვისტო 1649) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ტიროლიის გრაფ ლეოპოლდ V-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია კლაუდია მედიჩის ნაბოლარა ქალიშვილი. მიათხოვეს თავის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ს. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მარია ლეოპოლდინა თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა.

მარია პორტუგალიელი

მარია მანუელა პორტუგალიელი (დ. 15 ოქტომბერი 1527, კოიმბრა — გ. 12 აგვისტო 1545, ვალიადოლიდი) — პორტუგალიის პრინცესა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის პირველი ცოლი.

მარიას მშობლები იყვნენ პორტუგალიის მეფე ჟუან III და ეკატერინე ავსტრიელი.

საქორწილო ცერემონია ფილიპეს და მარიას შორის 1543 წელს შედგა. რადგანაც ისინი ახლო ნათესავები იყვნენ — ფილიპე მარიას ბიძაშვილი იყო — მათ დასაქორწინებლად საჭირო იყო პაპის კურთხევა, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე იყო მიღებული. მას შეეძინა ტახტის მემკვიდრე დონ კარლოსი, რომელიც ფიზიკურად და სულიერად იყო დაავადებული, რაც მისი მშობლების ნათესაურ კავშირს უკავშირდებოდა. მარია შვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მარია ტერეზია

მარია ტერეზია ვალბურგა ამალია კრისტინა (გერმ. Maria Theresia Walburga Amalia Christina; დ. 13 მაისი, 1717, ვენა — გ. 29 ნოემბერი, 1780, იქვე) — ავსტრიის ერცჰერცოგინა, უნგრეთის დედოფალი 1741 წლის 25 ივნისიდან, ბოჰემიის დედოფალი 1740 წლის 20 ოქტომბრიდან (ფლობდა ამ წოდებებს პირადად, მემკვიდრეობით). 1745 წელს არჩეული საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ფრანც I სტეფან ლოთარინგიელის ცოლი, შემდეგ კი ქვრივი.

ფერდინანდ III

ფერდინანდ III (დ. 13 ივლისი 1608 — გ. 2 აპრილი 1657) — 1637 წლის 15 თებერვლიდან საღვთო რომის იმპერატორი; აგრეთვე უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ბოჰემიის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი.

ფილიპე I (კასტილია)

ფილიპე I ლამაზი (ესპ. Felipe el Hermoso; დ. 22 ივლისი, 1478, ბრიუგე, ფლანდრია — გ. 25 სექტემბერი, 1506, ბურგოსი, კასტილია) — ბურგუნდიის ჰერცოგი 1482 წლიდან ფილიპე IV სახელით. კასტილიისა და ლეონის სამეფოს თანამმართველი 1506 წლიდან ფილიპე I სახელით. ესპანეთის ტახტზე ჰაბსბურგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი.

ფრიდრიხ III (სრი)

ფრიდრიხ მშვიდობიანი (დ. 21 სექტემბერი, 1415 — გ. 19 აგვისტო, 1493) — 1424 წლიდან ავსტრიის ჰერცოგი, როგორც ფრიდრიხ V, 1440 წლიდან გერმანიის მეფე, როგორც ფრიდრიხ IV, და 1452 წლიდან საღვთო რომის იმპერატორი, როგორც ფრიდრიხ III.

1452 წელს, 37 წლის ასაკში ის დაქორწინდა პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის 18 წლის ქალიშვილზე, ელეანორაზე, რომლის მზითევიც გამოადგა შემდგომში მას, რომ შეემცირებინა ვალები და განემტკიცებინა ძალაუფლება.

77 წლის ასაკში, ლინცში, ფეხის ამპუტირების შედეგად ძლიერი სისხლდენის გამო ფრიდრიხი გარდაიცვალა. 1493 წელს, ათწლიანი თანამმართველობის შემდეგ, ფრიდრიხი შეცვალა მისმა შვილმა, მაქსიმილიან I-მა.

ფრიდრიხი იყო უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც რომში იქნა ნაკურთხი. ამასთან, ეწინააღმდეგებოდა საღვთო რომის იმპერიის გარდაქმნით პროცესებს და გააფრთებით ცდილობდა თავიდან აერიდებინა კურფიურსტთა მიერ სხვა კანდიდატურის გამეფება.

ხუანა ავსტრიელი

ხუანა ავსტრიელი (ესპ. Juana de Austria, პორტ. Joana de Austria; დ. 24 ივნისი 1535 — გ. 7 სექტემბერი 1573) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა და ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებიდან, პორტუგალიის პრინცესა ქორწინებით. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და მისი მეუღლის, ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა შვილი. პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის დედა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და და მისი რეგენტი 1554-1559 წლებში.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.