ხუსტისიალისტური პარტია

ხუსტისიალისტური პარტია (ესპ. Partido Justicialista, PJ) — პერონისტული პარტია არგენტინაში, პერონისტული მოძრაობის მთავარი ძალა. პარტიის წევრია ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი, ამავე პარტიის რიგებიდან იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ნესტორ კირხნერი და ედუარდო დუალდე. არგენტინის დეპუტატთა პალატაში 257 ადგილიდან პარტია ფლობს 116 მანდატს. ასევე უმრავლესობაშია სენატში, 42 მანდატი 72-დან. 24 პროვინციის გუბერნატორიდან 16 ხუსტისიალისტური პარტიის წევრია.

პარტია დააარსეს ხუან და ევიტა პერონებმა 1947 წელს.

Partido Justicialista
ხუსტისიალისტური პარტია
ლიდერი დანიელ სციოლი
დაფუძნდა 1947
იდეოლოგია პერონიზმი, ნაციონალიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია ცენტრისტული დემოკრატიული ინტერნაციონალი
შტაბ-ბინა 130 Matheu Street ბუენოს-აირესი, არგენტინა
ფერები ცისფერი, თეთრი

რესურსები ინტერნეტში

პარტიის ოფიციალური საიტი

არგენტინის დეპუტატთა პალატა

არგენტინის დეპუტატთა პალატა (ესპ. Cámara de Diputados de la Nación) – არგენტინის ეროვნული კონგრესის, არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატა. დაარსდა 1851 წელს არგენტინის კონსტიტუციის საფუძველზე. მისი ექსკლუზიური უფლებაა დააწესოს გადასახადები, შეუძლია ბრალი წაუყენოს პრეზიდენტს, მინისტრებს და უზენაესი სასამართლოს წევრებს სენატის წინაშე.

დეპუტატთა პალატაში 257 ადგილია, რომლის ნახევარი აირჩევა 2 წლის ვადით, ხოლო მეორე ნახევარი 4 წლით. პროპორციული არჩევნები ტარდება დ'ონდტის მეთოდის საფუძველზე. საარჩევნო ბარიერია 3 %. 2011 წლისათვის პალატის პრეზიდენტია ხუსტისიალისტური პარტიის წევრი ედუარდო ფელინერი.

არგენტინის ეროვნული კონგრესი

არგენტინის ეროვნული კონგრესი (ესპ. Congreso de la Nación Argentina) — არგენტინის საკანონმდებლო ორგანო. შედგება ორი პალატისგან: 72 ადგილიანი სენატისა და 257 ადგილიანი დეპუტატთა პალატისგან.

კონგრესის შენობა მდებარეობს ბუენოს-აირესში, დე-მაიოს გამზირის დასავლეთ ნაწილის ბოლოში.

ჩვეულებრივი სესიები გრძელდება 1 მარტიდან 30 ნოემბრამდე, მაგრამ შესვენების დროს, საჭიროების შემთხვევაში არგენტინის პრეზიდენტს შეუძლია მოიწვიოს საგანგებო სესია. სათანადო მანდატის განმავლობაში, სენატორები და დეპუტატები სარგებლობენ საპარლამენტო იმუნიტეტით, რომელიც შესაძლებელია მოხსნილ იქნას თავიანთ კოლეგების მიერ, თუ ისინი წასწრებულ იქნებიან კრიმინალურ ფაქტზე.

კონგრესი უფლებამოსილია დაამტკიცოს ან უკუაგდოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც არგენტინა სხვა ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან აფორმებს. კონგრესის მოვალეობაში შედის ასევე გამოსცეს დეკლარაცია არგენტინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის შესახებ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.კონგრესის შენობა 1898-1906 წლებში აშენდა, ესთეტიკური დეტალების დონეზე კი მხოლოდ 1946 წელს დასრულდა.

არგენტინის სენატი

არგენტინის სენატი (ესპ. Senado de la Nación Argentina) – არგენტინის ეროვნული კონგრესის, არგენტინის პარლამენტის ზედა პალატა. შედგება 72 ადგილისაგან, რომელთაც იკავებს ქვეყნის თითოეული პროვინციიდან სამი-სამი წარმომადგენელი. წარმომადგენლების რაოდენობა გაისაზღვრა 1994 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1995 წლის 14 მაისის არჩევნების შემდეგ. სენატს ხელმძღვანელობს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი. 2007 წლის 10 დეკემბრიდან სენატის პრეზიდენტია ვიცე-პრეზიდენტი ხულიო კობოსი.

არგენტინის კონსტიტუციის 55-ე მუხლის თანახმად არგენტინის სენატის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს:

30 წლის მაინც;

არგენტინის მოქალაქე 6 წლით მაინც

წარმოშობით იმ პროვინციიდან, სადაც კენჭს იყრის, ან მუდმივად ცხოვრობდეს იმ პროვინციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ედუარდო დუალდე

ედუარდო დუალდე (ესპ. Eduardo Alberto Duhalde Maldonado) – არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწე. არგენტინის პრეზიდენტი 2002-2003 წწ. პროფესიით ადვოკატი. პერონისტი. მისი მმართველობის დროს არგენტინამ თავი დააღწია ეკონომიკურ კრიზისს.

1973 წლიდან ბუენოს-აირესის მეტროპოლიის ხელმძღვანელი.

1987-1989 წწ. დეპუტატი და ვიცე-სპიკერი.

1989-1991 წწ. კარლოს მენემის ვიცე-პრეზიდენტი

1991-1999 ბუენოს-აირესის პროვინციის გუბერნატორი.

ევიტა პერონი

მარია ევა დუარტე პერონი (ესპ. María Eva Duarte de Perón; დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) — პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.

დაიბადა 1919 წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. 1944 წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. 1946 წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-პერონისტული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — ქალ პერონისტთა პარტიას.

1951 წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის 26 ივლისს, ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.

ნესტორ კირხნერი

ნესტორ კირხნერი, სრული სახელი ნესტორ კარლოს კირხნერ ოსტოიკი (ესპ. Néstor Kirchner; დ. 25 თებერვალი, 1950 — გ. 27 ოქტომბერი, 2010) — არგენტინის პრეზიდენტი, 2003 წლის 25 მაისიდან 2007 წლის 10 დეკემბრამდე. პერონისტი მემარცხენე, კირხნერი 1991-2003 წლებში იყო სანტა-კრუსის პროვინციის გუბერნატორი.

კირხნერი ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორი ასპარეზზე და სამშობლოშიც კი არჩევის წინ, როდესაც მან მხოლოდ 22 პროცენტით გაიმარჯვა პირველ რაუნდში, მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მენემი პოსტისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მათ სპასუხოდ ვინც მისგან წარუმატებლობას ელოდა, ახალმა პრეზიდენტმა აღთქმა დადო რომ „ცვლილებების ცივ ქარს“ მოიტანდა თავის ცივ სამხრეთ პატაგონიიდან. 2003 წლის მაისში, პოსტის დაკავების შემდეგ, კირხნერმა მსოფლიო გააოცა გავლენიანი სამხედრო და პოლიციური მაღალჩინოსნების გადაყენებით. ხელისუფლებაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად, კირხნერმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა საამნისტიო კანონში სამხედრო ოფიცრების მიმართ, რომლებიც 1976-1983 წლების „ბინძური ომი“-ს დროს სამხედრო მმართველობისას მკვლელობებსა და წამებაში იყვნენ დადანაშაულებულები.

2007 წლის 28 ოქტომბერს, ერთგვარ დინასტიური მმართველობის შექმნით, მის შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, მისი მეუღლე კრისტინა ფერნანდესი აირჩიეს. მეუღლის მიერ საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ, ის „არგენტინის პირველი ჯენტლმენი“ გახდა.

2010 წლის 27 ოქტომბერს 60 წლის ასაკში, ნესტორ კირხნერი, კალაფატეში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

პერონიზმი

პერონიზმი ან ხუსტისიალიზმი (ესპ. Movimiento Nacional Justicialista, ესპ. Peronismo) — არგენტინის პოლიტიკური იდეოლოგია. დაკავშირებული პრეზიდენტ ხუან პერონის პოლიტიკასთან. კრიტიკოსები ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას ადარებენ იტალიურ ფაშიზმს, ასევე გოლიზმსა და ფრანკიზმს. არგენტინაში პერონიზმი ითვლება ნეოლიბერალიზმის ალტერნატივად.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.