ჭიუხი

ჭიუხი — სწორხაზოვნად გადაჭიმული მაღლობი, რომელსაც მომრგვალებული, გუმბათისებრი ზედაპირი აქვს. ჩვეულებრივ წარმოადგენს ძლიერ დანგრეული და შემდეგ რამდენადმე აზევებული ქედების ნარჩენებს. კავკასიონის ჭიუხები კრისტალურ ქანებში გამომუშავებული დაკბილული კლდოვანი მთებია.

Ornak a10
ჭიუხი ტატრას მთებში (აღმ. ევროპა)

ლიტერატურა

ბაიკალი

ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი) ბაიკალი იყინება.ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი. ადგილობრივები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორის ფართობით მე-6 ადგილზეა. კუნძულების გარეშე მისი ფართობია 31 722 კმ². ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 კილომეტრზე. სიგანე მერყეობს 24-იდან 79 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2100 კმ. ტბის დასავლეთი სანაპირო კლდოვანი და ციცაბოა, ხოლო აღმოსავლეთი — შედარებით ბრტყელი. ბაიკალი არის დედამიწის უღრმესი ტბა. თანამედროვე მისი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მეტრი — დაადგინეს 1983 წელს ერთ-ერთი ჰიდროგრაფიული ექსპედიციის დროს. სიღრმის გაზომვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსმა გეოგრაფმა ლეონიდ კოლოტილომ. ბაიკალის მაქსიმალური სიღრმე რუკაზე დაიტანეს 1992 წელს, ხოლო 2002 წელს სიღრმე დადასტურდა ბელგია-ესპანეთი-რუსეთის ერთობლივი პროექტის დროს, რომელიც მიმართული იყო ბაიკალის ტბის ახალი ბათიმეტრიული რუკის შედგენისაკენ. ბაიკალის საშუალო სიღრმე უდრის 744,4 მ-ს, რაც აგრეთვე დიდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

ბაიკალის გარდა დედამიწაზე მხოლოდ ორად-ორი ტბა არსებობს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყინულისქვეშეთში მოქცეულ ტბა — ვოსტოკს), რომელთა სიღრმე 1000 მ-ს სჭარბობს, ესენია: ტანგანიიკა (1470 მ) და კასპიის ზღვა-ტბა (1025 მ). მოიცავს ზედაპირული მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის 1/5. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. მკვეთრად გამოიყოფა ნახევარკუნძულები: სვიატოი-ნოსი და ხორინ-ირგის; ჩივირკუის, პროვალის და სხვ. ყურეები. წყლის მოცულობა შეადგენს 23 615,39 კმ³-ს. წყალშემკრები აუზის ფართობი 570 000 კმ². საერთო მინერალიზაციის მაჩვენებელია 0,120 ‰. გამჭვირვალობა 40 მ-მდე.1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ ენდემიზმშია გამოხატული. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობენ ბურიატი ტომები, რომლებიც მისდევენ მეთხეობასა და მეაქლემეობას და აგრეთვე დაკავებული არიან მსხვილი რქოსანი საქონლისა და ცხვრის მოშენებით.

გიორგი გიგაური

გიორგი ხვთისოს ძე გიგაური (დ. 23 მაისი, 1928, ბლო, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2011, თბილისი) ― ქართველი პოეტი.

დონეცის ჭიუხი

დონეცის ჭიუხი — მაღლობი აღმოსავლეთ ევროპის დაბლობის სამხრეთით, უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. გადაჭიმულია 370 კმ, სიგანე 160 კმ. საშუალო სიმაღლე 200-დან 300 მეტრამდე, უმაღლესი წერტილია მთა მოგილა მეჩეტნაია, 367 მეტრი ზღვის დონიდან (მდებარეობს ლუგანსკის ოლქში).

ვეტრენი-პოიასი

ვეტრენი-პოიასი — ჭიუხი რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთში, თეთრი ზღვის ონეგის უბის სამხრეთით, არხანგელსკის ოლქსა და კარელიის რესპუბლიკაში. სიგრძე დაახლოებით 200 კმ, სიმაღლე 200-300 მ (უდიდესი 306 მ). ჩრდილოეთისაკენ ციცაბოდ ეშვება, სამხრეთისაკენ— დამრეცად. აგებულია უძველესი კრისტალური ფიქლებით, მაგმური ქანების ინტრუზივებითა და ბაზალტებით. შემოსილია ტაიგის ტყით (უმთავრესად ნაძვი).

ვიჩეგდა

ვიჩეგდა (რუს. Вычегда, კომ. Эжва) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში; მდ. ჩრდილოეთის დვინის ყველაზე დიდი შენაკადი (მარჯვენა). სიგრძე 1130 კმ, აუზის ფართობი 121 ათ. კმ². სათავეს იღებს ტიმანის ჭიუხის სამხრეთ კიდეზე. ზემო წელში ხეობა ვიწროა, ჩაჭრილია 20–40 მეტრზე, აქვს ჭორომები. შუაწელში და ქვემოთში მიედინება განიერ ჭალაში; ამ დაჭაობებულ ჭალაში ბევრი ფშანი და ნაკალაპოტარია. კალაპოტს უხვად აქვს ქვიშის ჩქერები. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ სიქტივკართან 603 მ³/წმ, შესართავთან — 1160 მ³/წმ. გაძვიფვა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. მთავარი შენაკადებია: ვოლი, ვიშერა, ვიმი (მარჯვენა); ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი (მარცხენა). ვიჩეგდის აუზში 6000 ათ.-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 191 კმ². დასაცურებელი მდინარეა. გაზაფხულზე სანაოსნოა ნავმისადგომ ვოლდინომდე (959 კმ), ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში — დაბა უსტ-კულომამდე (693 კმ). ვიჩეგდაზე მდებარეობს ქალაქები ნავმისადგომები: სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, იარენსკი, მეჟოგი, აიკინო, კოტლასი (შესართავზე), უსტ-კულომი.

მეზენი (მდინარე)

მეზენი — მდინარე რუსეთში, არხანგელსკის ოლქსა და კომის რესპუბლიკაში. სიგრძე 966 კილომეტრი, აუზის ფართობი 78 ათასი კმ². სათავე აქვს ტიმანის ჭიუხის დასავლეთ კალთების ჭაობებში. ერთვის თეთრ ზღვას. ზემოთში ხეობის ნაპირები მაღალი და კლდოვანია, შუაწელში კალაპოტი დაკლაკნილია, ქვემოთში ბევრია თავთხელი და ჩქერი. ზღვის მოქცევა ვრცელდება შესართავიდან 64 კილომეტრზე. შერეული საზრდოობის მდინარეა; ჭარბობს თოვლის წყალი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 886 მ³/წმ, მაქსიმალური 9530 მ³/წმ. წყალდიდობა იცის მაის-ივლისში. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სანაოსნოა შესართავიდან 201 კილომეტრზე, გაზაფხულზე 681 კილომეტრზე. შესართავიდან იჭერენ თევზს. მდინარის ნაპირზეა ქალაქი მეზენი.

პედიპლენი

პედიპლენი (ინგლ. pediplain, < ლათ. pes, ნათ. ბრ. pedis — ფეხი, მთისძირი და ინგლ. plain — ვაკე) — დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება მთიანი ან ბორცვიანი რელიეფის ადგილას, არიდული ან ნახევრად არიდული ჰავის პირობებში ხეობის ღერძიდან ფერდობების პარარელური უკანდახევისა და ცალკეული მოსწორებული უბნების (პედიმენტების) შეერთების შედეგად.

წარმოადგენს მთებიდან სუსტადდახრილ (3°-მდე) ზედაპირს, რომელიც ფარგლავს ცალკეულ ქედებსა და ბორცვების პერიფერიებს.

პედიპლენის ზედაპირი გამომუშავებულია ეგზოგენური პროცესებით, ძირითადად, ფლუვიალური და ეოლური კომპლექსით.

ლესტერ კინგის მოძღვრების თანახმად, პედიპლენი წარმოადგენს პედიმენტის განვითარების შემდეგ სტადიას, არსებითად, კი ქმნის პედიმენტების ერთიან ზედაპირად შერწყმას.

აღნიშნული მოსწორება შესაძლოა წყვეტას განიცდიდეს ეროზიული პროცესების მორიგი განმეორების შედეგად, რის შემდეგ ხდება პედიპლენის შეჭრა და ტრანსფორმირება რელიეფის რელიქტურ ფორმებში.

ფრუშკა-გორა

ფრუშკა-გორა — სერი, იზოლირებული ჭიუხი სერბეთის ავტონომიური ოლქის ვოევოდინისა და ხორვატიის ტერიტორიაზე. უმაღლესი წერტილებია: ცრვენი-ჩოტი — 539 მ, სტრაჟილოვო — 321 მ, ირიშკი-ვენაცი — 451 მ, ველიკი-გრადაცი — 471 მ.

პლიოცენის პერიოდში ჭიუხი იყო პანონიის ზღვის კუნძული.

1960 წელს აქ დაარსდა ამავე სახელწოდების ეროვნული პარკი, რომელიც 22 ჰა-ზეა გადაჭიმული და დაცულია უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტი.

ფრუშკა-გორა სერბი ხალხის ისტორიული სასულიერო ცენტრია, აქ ადრე მდებარეობდა 30, 1941 წლისათვის კი - 17 მონასტერი.

ფრუშკა-გორის ფართოფოთლოვან ტყეში გვხვდება ირემი და შველი. ფრინველებიდან ბინადრობს თეთრი და შავი ყარყატი, ბეგობის არწივი, ბარი, ძერა და სხვა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.