ძვ. წ. III ათასწლეული

ძვ. წ. IV ათასწლეული - ძვ. წ. III ათასწლეული - ძვ. წ. II ათასწლეული
ძვ. წ. XXX საუკუნე ძვ. წ. XXIX საუკუნე ძვ. წ. XXVIII საუკუნე ძვ. წ. XXVII საუკუნე ძვ. წ. XXVI საუკუნე ძვ. წ. XXV საუკუნე ძვ. წ. XXIV საუკუნე ძვ. წ. XXIII საუკუნე ძვ. წ. XXII საუკუნე ძვ. წ. XXI საუკუნე

უმნიშვნელოვანესი მოვლენები

აღმოჩენები, გამოგონებები

ამირანის გორა

ამირანის გორა, თავშან-თაფა — ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასოფლარი ქ. ახალციხის მახლობლად, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირას.

გათხრები დაიწყო 1953 წელს (ხელმძღვანელი ტ. ჩუბინიშვილი). ამირანის გორის სამხრეთ კალთაზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ტერასურად განლაგებული ნასოფლარი. მადნის გამოსადნობი სახელოსნო, მსხვერპლის შესაწირავი მოედნები, სამაროვნები. საშენად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ზოგჯერ ალიზი და ხის მასალა. ნაგებობანი გადახურულია ბანურად. ოთხკუთხა საცხოვრებელ ოთახების შუაში კერებია. გვხვდება სამეურნეო დანიშნულების მოგრძო ნაგებობაბი. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო, ორნამენტიანი და სადა თიხის ჭურჭელი, კერის სადგარები, რომლებიც ასახიერებენ კერის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას, ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისპირისპირი, სატევრისპირი, სამკაული.

ამირანის გორაზე ორი ტიპის სამარხია: ნალისებრი ან ოვალური საოჯახო სამარხი-აკლდამა და ქვყუთები, რომელთაგან ზოგიერთი შედგენილია ფილაქვებისაგან, უმეტესობის კედლები კი აკლდამის მსგავსად ქვებითაა ამოყვანილი. მიცვალებულები ასვენია თავით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, მოხრილი. ჩატანებული აქვთ თითო თიხის ჭურჭელი. ლითონის იარაღი და სამკაული მხოლოდ ზოგიერთი მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა.

ამირანის გორის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები. აქ ნაპოვნი ნივთები მიგვითითებს, რომ მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და მეტალურგიის განვითარების კვალდაკვალ ყალიბდებოდა პატრიარქალური წყობილება.

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ქვეშ ენეოლითური კულტურის (ძვ. წ. V-IV საუკუნეები) ნიშნებია. ამირანის გორის გათხრებმა ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის უძველესი კულტურათა ახლებური პერიოდიზაციის შემუშავებას.

ბეშთაშენი

ბეშთაშენი — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ბეშთაშენი, სამადლო, ახალშენი).

მდებარეობს მდინარე აგრიჩაის ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1540 მ. წალკიდან 5 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 335 კაცი. 1830 წლამდე სოფელს ბეშქენაშენი ეწოდებოდა, ბეშთაშენით შეცვალეს არზრუმის მხარიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა.

გინჩი

გინჩი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მთიან დაღესტანში, მდინარე გიდერილ-ორის ნაპირას (ხუტორი გინჩი, შამილოვსკის რაიონი). გაითხარა 1956-1963 წწ. (მ. პიკულის, ჟ. ატაევის, ე. კოტოვიჩის, ა. ჰაჯიევისა და მ. ჰაჯიევის მიერ). ენეოლითური ნასოფლარი დაცული იყო ფლატეებითა და ზოგან 1 მ სისქის ქვის კედლებით. გათხარეს რიყისა და ნატეხი ქვისგან მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა შენობების ნაშთები. თიხატკეპნილ იატაკზე გამართული იყო ღია კერები, ხოლო სანოვაგის შესანახად იატაკში ჩაჭრილი იყო მცირე ზომის ხაროები. იატაკქვეშ აღმოჩნდა სამარხები, რაც წინააზიური გავლენის შედეგი უნდა იყოს. აღმოჩენილი კერამიკა 2 სახისაა: ადგილობრივი და იმპორტული. აღნიშნული ენეოლითური ფენა ზოგადად ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება და წინააზიური კულტურის გავლენის გავრცელების უკიდურესი ჩრდილოეთი პუნქტია. ნასოფლარის ორი ფენა ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურის ჩრდილო-აღმოსავლეთის ლოკალურ ვარიანტს (ძვ. წ. III ათასწლეული). ნასოფლარი დაზიანებულია ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევრის სამარხებით, რაც გინჩის მე-III კულტურულ ფენას ქმნის. გათხრილია 15 დიდი და 2 პატარა აკლდამა, 15 სამარხი თიხის დერგებში. აკლდამები მომრგვალო და ოთხკუთხაა, ნაგებია მშრალი წყობით, გადახურულია ქვის დიდი ფილებით. აკლდამებში კოლექტიურად კრძალავდნენ მოზრდილებს. პატარა აკლდამები მოზარდთა ინდივიდუალური სამარხები იყო, ხოლო დერგებში ჩვილ ბავშვებს კრძალავდნენ. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია კერამიკა; ქვის, ძვლისა და ლითონის სამკაული; შრომისა და საბრძოლო იარაღები.

ზველის რაბათი

ზველის რაბათი — ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილი) აწარმოებს არქეოლოგიურ კვლევებს. რაბათი წარმოადგენს გორა-ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით.

2019 წელს რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. რაბათის ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები; საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი. იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტულო ჭურჭელი.

იდეოგრამა

იდეოგრამა (ბერძ. ἰδέα, [idea] — „იდეა“ + γράφω, [grafo] — „წერა“) — გრაფიკული სიმბოლო იდეოგრაფიულ დამწერლობაში, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. განვითარების თვალსაზრისით, პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხური. ამ სახის დამწერლობაში მიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს, რომლებიც ამ ნიშანს უკავშირდებიან, — მთლიან სიტყვას ნებისმიერ გრამატკიკულ ფორმაში. მაგალითად წრე გამოხატავს არა მარტო მზეს არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსანიშნავად გრაფიკული სიმბოლოებიც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძველ შუმერში (ძვ. წ. III ათასწლეული), ამერიკელ ინდიელთა ზოგ ტომთან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX საუკუნეში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები და სხვა.

იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური და იაპონური. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ ეგვიპტურში. ხშირად ტერმინ იდეოგრამას ამჯობინებენ ლოგოგრამას.

იდეოგრამა განსხვავდება პიქტოგრამისგან, რომელიც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს ნახატით, და ფონოგრამისგან, რომელიც ბგერას გამოხატავს.

იდეოგრამებს მიეკუთვნება არაბული ციფრები, მათემატიკური ნიშნები და ა.შ., რომლებიც საერთოა ყველა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მათვე განეკუთვნება ე.წ. სიცილაკები.

იორ-ალაზნის აუზის კულტურა

იორ-ალაზნის აუზის კულტურა — იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე, საკმაოდ დაწინაურებული მიწათმოქმედი, მესაქონლე, მეტალურგი და მეთუნე ტომების მატერიალური კულტურა.

ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში შედიოდა ჯერ მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. III ათასწლეული), შემდეგ თრიალეთის კულტურის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) გავრცელების სფეროში. გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ მთელი ცენტრალური ამიერკავკასიისათვის დამახასიათებელი კულტურა ჩანს გავრცელებული. დაახლოებით ძვ. წ. XIII საუკუნიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველის განვითარების საფუძველზე ჩამოყალიბდა განსხვავებული კულტურა. მისთვის დამახასიათებელია ე. წ. კახური შედგენილტარიანი სატევრები და მახვილები, ბრინჯაოს მთელმასრიანი შუბისპირები მასრაზე ორი რელიეფური სარტყლით, კონცენტრული ღარებით შემკული თიხის ჭურჭელი და სხვა.

დაახლოებით ძვ. წ. XI საუკუნიდან ამ კულტურის განვითარების შედეგად გაჩნდა 3 ლოკალური ვარიანტი, რომელთა გავრცელება დაახლოებით ისტორიულ კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრებს ემთხვევა. მატერიალური კულტურის ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან ძირითადად საბრძოლო იარაღის თავისებურებით განსხვავდება. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის ბოლოდან, სახელმწიფოს წარმოშობის წინა საფეხურზე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოხდა მატერიალური კულტურის ნიველირება, თუმცა ძვ. წ. II ათასწლეულში შემუშავებული ამ კულტურის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი ახ. წ პირველ საუკუნეებშიც გადმოვიდა. ეს გარემოება აღნიშნულ პერიოდში მატერიალური კულტურის განუწყვეტელ განვითარებას ადასტურებს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ომანში

2011 წლის მონაცემებით ომანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია.

კირეევკა-2

კირეევკა-2 (რუს. Киреевка-2) — ადრე ბრინჯაოს ხანისა (ძვ. წ. III ათასწლეული) და შუა საუკუნეების (ახ. წ. VIII-X საუკუნეები) უძველესი დასახლება, მდებარეობს ოქტომბრის რაიონის ხუტორ კირეევკასთან, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2006 წელს.

კრემაცია

კრემაცია (ლათ. crematio - დაწვა), გვამის დაწვა, დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა. გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში.

საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ადრინდელი რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში (სოხუმის მთა, გუადიხუ), სამეგრელოში (პალური, მუხურჩა), გურიაში (ნიგვზიანი) და სხვა, რაც ალბათ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგია.

მეწამორი (არქეოლოგია)

მეწამორი — არქეოლოგიური ძეგლი მდინარე მეწამორის სათავესთან (სომხეთი). გათხრილია ნამოსახლარის რამდენიმე ფენა: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული), შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XX-XIV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს (ძვ. წ. XIV-XI სს.), წინა ურარტული ხანის (ძვ. წ. X-VIII სს.), ურარტული ხანის ანუ „სადნობარების“ ფენა (ძვ. წ. VIII-VII სს.). მათში აღმოჩენილია მრავალნაირი თიხის ჭურჭელი, შრომის იარაღი და სხვა. მეწამორში ცხოვრება განახლებულა IX-XIII საუკუნეების შუალედში. ნამოსახლარის აღმოსავლეთით 1 კმ-ზე აღმოჩენილია ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი - ძვ. წ. VII საუკუნე სამაროვანი. გათხრილია აგრეთვე სამლოცველთა კომპლექსი (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული - ძვ. წ. I ათასწლეული დასაწყისი), სადაც ნაპოცნია საკულტო დანიშნულების სიმბოლურგამოსახულებიანი თიხის ჭურჭელი და მრავალი სხვა ნივთი.

მინგეჩაური

მინგეჩაური (აზერ. Mingəçevir) — აზერბაიჯანის სიდიდით მეოთხე ქალაქი. მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე.

აზერბაიჯანში 2012 წელს მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში დაახლოებით 115 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

სამარხი

სამარხი — მიცვალებულის დასაკრძალავი ორმო, მოედანი, ნაგებობა, მოწყობილობა. იმის გამო, რომ მიცვალებულისათვის ინვენტარის ჩატანება წესად ჰქონდათ, სამარხი ძველი ისტორიის პერიოდების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცა. სამარხები ცნობილია ძველი ქვის ხანიდან. პირველყოფილ ადამიანს თავი უნდა ეხსნა ხრწნადი ლეშისაგან. პრიმიტიული სამარხების მოწყობა უკავშირდება მიცვალებულის კულტს.

ევროპაში უკვე მუსტიეს ხანიდან ცნობილია სამარხი ორმოები, რომლებშიც მიცვალებულები ხელ-ფეხმოკეცილნი, „მძინარე პოზაში“ ესვენა. მათ ატანდნენ „საგზალს“, ქვის იარაღს, სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგიერთი ფაქტი მოწმობს მსხვერპლთშეწირვის წესის არსებობას, რომელიც მიცვალებულის პატივისცემას და თაყვანისცემას უკავშირდება. ევროპაში ცნობილია სამარხები ზედა პალეოლითური ხანის მღვიმეებშიც. ჩატანებული სამკაულების სიმრავლით (ნიჟარები, ძვალი) გამოირჩევა გრიმალდის სამარხები. სამარხებში ჩონჩხები წითლად იყო შეღებილი ჟანგმიწით (სისხლის ფერი მარადიული სიცოცხლის იდეასთან არის დაკავშირებული). ხშირია მიცვალებულის მოკრუნჩხულ პოზაში დაკრძალვა, რასაც სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს (მძინარე თუ ჩანასახოვანი მდგომარეობის განსახიერება და სხვა). აზილის ეპოქის სამარხებიდან (საფრანგეთი) ცნობილია მეორადი დაკრძალვის შემთხვევა. ოფნეტის გამოქვაბულში (გერმანია) წითელ ჟანგმიწათმოყრილ მრგვალ ორმოებში აღმოჩნდა თავის ქალების გროვები სამკაულებთან ერთად, რაც მიუთითებს თავის ქალის კულტზე. მრავალ ხალხში არსებობს რწმენა, რომ სულის სამყოფელი არის თავი.

მესოპოტამიის უძველეს ქალაქთა ნეკროპოლებში (ძვ. წ. III ათასწლეული) კრემაციის შემდეგ მიცვალებულის ფერფლს ალიზის, თიხის ან ქვის სამარხში კრძალავდნენ. ხშირ შემთხვევაში თიხის ურნებს (ქოთნებს), ვარცლისებურ თიხის კუბოებს იყენებდნენ. ალიზის აგურით ნაგები თაღიანი სამარხები უპირატესად ასურეთში გვხვდება. ცნობილია ე. წ. მეფეთა აკლდამები (ქ. ური სამხრეთ მესოპოტამიაში), რომელშიც მდიდრული ინვენტარი, მონები, ეტლები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კასიტი და ასურელი მეფეები დასაკრძალავად ძველ, მიტოვებულ სასახლეებს ირჩევდნენ ხოლმე. ცნობილია ქ. ასურის სამეფო აკლდამები და სასახლეში მდგარი ბაზალტის სარკოფაგები.

ეგვიპტეში პრეისტორიული ხანიდან ცნობილია დიდი სამაროვნები. დამახასიათებელია მარცხენა გვერდზე „მოკრუნჩხულ პოზაში“ დაკრძალვა, თავით სამხრეთისაკენ, თავით აღმოსავლეთისკენ დაკრძალვა გაბატონებულია უკვე ძველ სამეფოს ხანაში და დაკავშირებულია რელიგიურ წარმოდგენებთან: მიცვალებულს ქვესკნელში მზე აღმოსავლეთით უნდა დაენახა. დასტურდება კოლექტიური ან წყვილადი დაკრძალვა, მეორადი დაკრძალვა და სხვა. ოთხკუთა ორმოები, რომლებიც შიგნით მოპირკეთებული და გადახურული იყო, კენოტაფებს წარმოადგენდა. გვიანდელი პრეისტორიული ხანიდან ცნობილია სარეცლები. ადრინდელ დინასტიურ ხანაში აგებდნენ მრავალკამერიან სამარხებს მიწისზედა ნაგებობიანად, რომელთაგან შემდეგში (ადრინდელ დინასტიურ ხანაშივე) განვითარდა ე. წ. მასტაბები. ეგვიპტის მეფეები ორ სამარხს იშენებდნენ - ზემო და ქვემო ეგვიპტეში (მათ შორის ერთი კენოფატი იყო). შუა სამეფოს შემდეგ მასტაბა აღარ გვხვდება. ყველაზე გრანდიოზულ ნაგებობას წარმოადგენს ეგვიპტის პირამიდა. მას მასტაბისაგან წარმოშობილად მიიჩნევენ. უფრო ძველია საფეხურიანი პირამიდები. V დინასტიის დროიდან (ძვ. წ. 2563-2423) ეგვიპტის სამეფო სახლის წარმომადგენლებს კრძალავდნენ კლდეში ნაკვეთ კამერებსა და დარბაზებში, რადგან ნილოსის ვიწრო ხეობა ვეღარ იტევდა მასტაბებს.

არქიტექტურული ნაგებობებითა და სამარხეული ინვენტარით გამოირჩევა მიკენის შახტური სამარხები (ძვ. წ. XVI საუკუნე). სამარხების თავზე იდგა სკულპტურულგამოსახულებიანი სტელები. ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისში ამ აკლდამების ადგილს, როგორც წინაპართა კულტისას, შემოავლეს მაღალი ფილების ორმაგი წრე, რომელსაც ღია, ფართო შესასვლელი ჰქონდა. შახტური სამარხები შეცვალა გუმბათოვანმა დიდმა დასაკრძალავმა ნაგებობებმა (ძვ. წ. XVI-XIII საუკუნეები). ე. წ. ატრევსის სამარხი მიკენეში და ამგვარივე ორქომენოსში წარმოადგენს ყველა დროის არქიტექტურულ შედევრს.

სხვადასხვა დროის დასაკრძალავი მიწისქვეშა და მიწისზედა სამარხი ნაგებობანი მრავალ ქვეყანაში გვხვდება. ესენია აკლდამები, პირამიდები, დერეფნიანი ნაგებობები. საფლავის ქვები, სტელები, ქანდაკებები, არქიტექტურული და ორნამენტული დეტალები ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. ბევრ ხალხს ჰქონდა წეს-ჩვეულება და მისწრაფება თვალსაჩინოებითა და დიდი მასშტაბის ძეგლებით უკვდავეყო თავისი მიცვალებულები, შეესრულებინა კულტმსახურება და უზრუნველეყო მათი „საიქიო ცხოვრება“. ამას ემსახურებოდა გორამარხების, დოლმენებისა და სხვა მონუმენტური ძეგლების აგება, რომლებიც მოფენილია ევროპის, აზიისა და აფრიკის ვრცელ ტერიტორიაზე.

სვასტიკა

სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებმოხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი — საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით. 1921 წელს დაექვემდებარა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს. 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებისთანავე შევიდა მის სისტემაში. 1947 წელს ეწოდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობა აგებულია რუსთაველის პროსპექტზე 1913 —1929 წლებში, არქიტექტორი გ. ნეპრინცევი. ფასადის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნ. სევეროვს და იმ დროის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მუზეუმი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ (არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა) და საბუნებისმეტყველო (გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია) დარგებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. მუზეუმში 1984 წლის 31 დეკემბრისათვის 1 006520 ექსპონატი ირიცხებოდა. მის ფონდში შედის უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ახ. წ. IV საუკუნე), შუა საუკუნეები (V—XVIII საუკუნეები) საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის, (1801—1921) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველი მასალები, უძველესი ტრადიციები და და XIX საუკუნის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კოლექციები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, გეოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდები, მათ შორის უნიკალური ძეგლები: ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული უძველესი ნივთები კახეთის ყორღანული სამარხებიდან (ძვ. წ. III ათასწლეული), ძვ. წ. II ათასწლეული სახელგანთქმული ოქროსა და ვერცხლის თასები და სხვა ინვენტარი თრიალეთის ყორღანებიდან, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში შემავალი სიუველირო ხელოვნების შედევრები (ძვ. წ. VI—IV სს.), მცხეთაში, არმაზციხეში, არმაზისხევში, ზღუდერში, კლდეეთში და სხვაგან გათხრილი ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარების დამადასტურებელი ოქროს სამკაულები (I—IV საუკუნეები), მდიდარი გლიპტიკური მასალა და სხვა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია (ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები), ვესპასიანეს წარწერა (ახ. წ. I ს.), არმაზის ბილინგვა (ახ. წ. II ს,), უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან (ახ. წ. V ს.), შუხუთის მოზაიკა (ახ. წ. IV —V სს.), ხის კარების კოლექცია, მათგან იშვიათი ნახელავი კარი ჩუკულის ეკლესიიდან (XI ს.), დმანისის ვერცხლის სამკაულის განძი (XII ს.), ლითონის ჭურჭლის კოლექცია, მათ შორის სპილენძის თეფშები ვახტანგ VI-ის, მეფე ბაქარის, თეკლა ბატონიშვილის წარწერებით (XVIII ს.) და თეფში წარწერით „ქ. სააკაძის გიორგისა და შიოშისა ვარ“ (XVII ს.), ერეკლე II-ის წარწერიანი ჯამი, 2 თოფი და ხმალი, ბაქარისა და სოლომონ II-ის თოფები (XVIII ს.) და სხვა.

ეთნოგრაფიული მასალებიდან — სახვნელი იარაღები, მათგან „ქართული დიდი გუთანი“, კერამიკული ჭურჭელი წარმოების ყველა ცენტრიდან, ქართველ ოსტატთა ნახელავი ვერცხლის ნივთები და იარაღი, ქართველ და სხვა კავკასიელი ხალხების ტანსაცმლის უიშვიათესი კოლექცია, აღმოსავლური საბრძოლო იარაღი და სხვა. ქართული მონეტების უმდიდრესი კოლექცია, მათ შორის უიშვიათესი — კოლხეთის მეფის აკეს ოქროს სტატერი (ძვ. წ. III ს.), ლაშა გიორგის სპილენძის მონეტა (XIII ს.). განძები ვერცხლის რომაული მონეტებისა სოფელ ეკიდან (907 ც.), თამარ მეფის სპილენძის მონეტებისა სოფელ ვეჯინიდან (2759 ც.) და სხვა. გეოლოგიური ფონდიდან, პირველი მონაპოვარი სსრკ-ში — უმაღლესი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ნაშთი, მესამეული ხანის სპილოს ჩონჩხი სოფელ ტარიბანიდან, მონოგრაფიულად შესწავლილი უხერხემლო ფაუნის ორიგინალები, ტიპური ფორმები და სხვა რეგიონებისა და ქვეყნების ფლორის ჰერბარიუმი, მათ შორის კავკასიის ფლორის XIX საუკუნის მკვლევართა კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სახეობის პირველადი აღწერის ნიმუში — ნომენკლატურული ტიპები და სხვა კოლექციები ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებიდან, მათ შორის ენდემები, რელიქტები, იშვიათი ან დღეს უკვე გადაშენებული ცხოველების სახეობები.

შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ქანაანი

ქანაანი (ფინიკ. kĕnaʿan, ებრ. כְּנַעַן, არაბ. کنعان‎‎) — ძველი პალესტინის, სირიისა და ფინიკიის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება. მოიცავდა ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვიდან მდინარეების ორონტესისა და იორდანეს ველებამდე, ტავრის მთიდან ღაზამდე. როგორც ვარაუდობენ, „ქანაანი“ ნიშნავდა „მეწამულს“. თავდაპირველად მოიცავდა ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით მდებარეობდა ფინიკია. ქანაანზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ-კულტურულ განვითარებას. დასახლებული იყო პალეოლითის დროიდან. მეზოლითის ხანაში ჩამოყალიბდა ე.წ. ნატუფიის კულტურა. ნეოლითის ხანიდან (ძვ. წ. VI ათასწლეული) ჩნდება პირველი სამიწათმოქმედო დასახლებანი (იერიქონი).

ენეოლითის ხანა ქანაანში ე.წ. ღასულის კულტურას უკავშირდება (იერიქონის ზოგიერთი ფენა, ბეთ-შეანი, მეგიდო). ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. III ათასწლეული) სამიწათმოქმედო დასახლებანი გამრავლდა, მოსახლეობა ეთნიკურად შეიცვალა. ქანაანის აბორიგენები სემიტები არ უნდა ყოფილიყვნენ. ძვ. წ. III ათასწლეულში სემიტები — ქანაანელები დასახლდნენ. ქანაანი პოლიტიკურად ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. სახელმწიფოებრივი გაერთიანების ძირითადი ფორმა ქალაქ-სახელმწიფო იყო (ებლა, იერიქონი, მეგიდო, ჰაცორი, გეზერი, თაანახი, ბეთ-შეანი და სხვა). თითოეულ ქალაქ-სახელმწიფოს თავისი მეფე ჰყავდა და საგვარეულო არისტოკრატია მართავდა. ეგვიპტელები ქანაანში ძვ. წ. III ათასწლეულიდან ლაშქრობდნენ, ხოლო XVI-XV სს-ში გაბატონდნენ კიდეც. ეგვიპტელებმა ქანაანი სამ ნაწილად დაყვეს და ყოველ პროვინციას სათავეში ეგვიპტელი მოხელე ჩაუყენეს (აქადურად „რაბიცუ“, ქანაანურად „სოქინუ“). ისინი პროვიცნიას ადგილობრივი მმართველების (აქადური „ხაზანნუ“) საშუალებით განაგებდნენ. ჩრდილოეთ სირიაში ხეთების კვლავმომძლავრების გამო ეგვიპტელთა გავლენა შესუსტდა VX საუკუნის ბოლოდან. რამზეს II-სა და ხათუსილი III-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ქანაანი გავლენის სფეროებად დაიყო. „ზღვის ხალხებმა“ დიდი ზიანი მიაყენეს ქანაანს. ძვ. წ. XIII საუკუნის ბოლოდან ფილისტიმელები, ისრაელისა და იუდას ტომები გაძლიერდნენ. ქანაანის ტერიტორია თანდათანობით შემცირდა. ბოლოს ქანაანი მხოლოდ ფინიკიას აღნიშნავდა, ხოლო ქანაანელები — ჩრდილოეთ აფრიკაში ფინიკიის კოლონიის მცხოვრებთ.

შიკლი

შიკლი (სიცილ. Scicli) — ქალაქი იტალიის კუნძულ სიცილიის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, რაგუზის პროვინციაში. ქალაქ რაგუზიდან დაშორებულია 25 კმ–ით, ხოლო პალერმოდან 308 კმ–ით. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 26 215 ადამიანს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარე ვალ-დი-ნოტოს სხვა შვიდ ქალაქთან ერთად, 2002 წლიდან შიკილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

შიკილის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები სპილენძისა და ადრეული ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ძვ. წ. III ათასწლეული).

თანამედროვე ქალაქი ძვ. წ. 300 წელს სიცილიელებმა დააარსეს. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც მთლიანად სიცილია, შიკილიც არაბების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც მან განვითარების პიკს მიაღწია და მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო და სავაჭრო ცენტრი გახდა. 1091 წელს ქალაქი ნორმანებმა დაიპყრეს როჯერ I–ის მეთაურობით. ამ პერიოდს მოჰყვა სიცილიის ხვა მრავალი დინასტიების მმართველობა, მათ შორის არაგონულ–ესპანური, სანამ XIX საუკუნის შუა წლებში სიცილია იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდოდა.

1693 წლის კატასტროფულმა მიწისძვრამ შიკილი თითქმის მთლიანად დაანგრია, რის შემდეგაც სხვა სიცილიური ქალაქების მსგავსად ის სიცილიური ბაროკოს სტილში აღადგინეს, რაც დღეს უამრავ ტურისტს იზიდავს.

ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ძველი (ყოფილი: ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭობარეთი). მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.