ცხელი ლაქები

ცხელი ლაქები, ცხელი წერტილები, ჰოტსპოტები (ინგლ. Hotspot) — შედარებით უძრავი მაგმის ლოკალური წყარო, რომელიც იმყოფება დედამიწის მანტიაში და რომელიც მისსავე ზედაპირზე განმეორებადი ვულკანური ამოფრქვევებითაა გამოვლინებული. ტერმინი შემოიღო კანადელმა გეოფიზიკოსმა ჯონ ტუზო უილსონმა 1963 წელს. ამერიკელმა გეოფიზიკოსმა უილიამ ჯეისონ მორგანმა 1971 წელს ივარაუდა, რომ ცხელი ლაქები წარმოიქმნება მანტიური მასალის აღმავალ ჭავლებზე. ზოგიერთი ცხელი ლაქის სიღრმული „ფესვები“ გამოვლინებულია სეისმური ტომოგრაფიით, რომელთა მონაცემებით დედამიწის ბირთვში არსებობს შემცირებული სიმკვრივის ქანების მონაკვეთები და მომატებული ტემპერატურები, რომლებიც განმარტებულია როგორც აღმავალი მანტიური ჭავლები. ბაზალტურ ლავებს, რომლებიც ამოდიან ცხელი ლაქების ზედაპირზე ახასიათებთ La, Rb, Cs, Ba-ის მაღალი შემცველობა, აგრეთვე გააჩნიათ განსაზღვრული იზოტოპური შედგენილობა — Sr, Nd, Pb-ის სახით, რაც მიუთითებს მანტიის ღრმა ჰორიზონტებიდან ამომავალ მასალის ლღობაზე. ლითოსფერული ფილების ჰორიზონტული სხლეტისას ცხელი ლაქების თავზე ვულკანები ჩანაცვლებულია გადაადგილებულ ფილასთან ერთად, წყდებიან საკუთარ სიღრმულ ფესვებსა და განიცდიან მოსპობას, ხოლო ცხელი ლაქების თავზე წარმოიქმნება ახალი ვულკანები. ამრიგად, იქმნება ვულკანური ნაგებობების ჯაჭვი. ცხელი ლაქების ევოლუციის ხანგრძლივობა რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ მლნ. წლამდე მერყეობს.

Hotspot(geology)-1
დედამიწის ქერქის მოძრაობის სქემა ცხელ ლაქებზე

რესურსები ინტერნეტში

დასავლეთი გატები

დასავლეთი გატები, სახიადრი — ქედი ინდოეთში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთი კალთა დეკანის ზეგნის ციცაბო ფლატეა, რომელიც საფეხურებად ეშვება არაბეთის ზღვისკენ. აღმოსავლეთი კალთა დამრეცი ვაკეებია, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებისაკენ ეშვებიან. ქედი იწყება გუჯარათისა და მაჰარაშტრის შტატების გასწვრივ, მდინარე ტაპტის სამხრეთით. გადაჭიმულია მაჰარაშტრის, გოას, კარნატაკის, ტამილნადუსა და კერალის შტატების ტერიტორიაზე, დაახლოებით 1600 კმ-ზე. ბოლო კანიაკუმარის სიხლოვესაა, ინდოსტანის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთი გატების ფართობის დაახლოებით 60% მოქცეულია კარნატაკის შტატში.

ფართობი 60 000 კმ². საშუალო სიმაღლეა 1200 მ. მაქსიმალური 2695 მ (მთა ანამუდი). დასავლეთ გატებზე გვხვდება ყვავილოვანი მცენარეების 5000-ზე მეტი სახეობა, გარდა ამისა ძუძუმწოვრების — 139, ფრინველების — 508 და ამფიბიების — 179 სახეობა. სახეობების უმეტესობა ენდემურია. ქედი შედის „ბიომრავალფეროვნების ცხელი ლაქები“-ს სიაში. 325 სახეობა გლობალური თვალსაზრისით გადაშენების პირას იმყოფება.დასავლეთი გატები არის დეკანის ზეგნის გამოშვერილი მხარე. მიჩნეულია, რომ ქედი ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტის გონდვანის დაშლის შედეგად, დაახლოებით 150 მლნ. წლის წინ. თუმცა, მაიამის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსების მიხედვით, ინდოეთის დასავლეთი სანაპირო ჩამოყალიბდა 100-80 მლნ. წლის წინ, მას შემდეგ, რაც იგი მადაგასკარს მოსწყდა. ხოლო დაშლის შედეგად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე წარმოიქმნა დაახლოებით 1000 მ სიმაღლის ფრიალო ამაღლებები. ბაზალტი მთავარი ამგებელი ქანია, რომელიც 3 კმ-მდე სიღრმემდე ვრცელდება. ჩარნოკიტი, გრანიტული გნაისები, გრანულიტები და სხვ. ქანები აგრეთვე აგებენ დასავლეთი გატების მთებს. სამხრეთ ბორცვნალებში გაბატონებულია ლატერიტები და ბოქსიტები.

დაყოფილია განივი ტექტონიკური ხეობებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მალაბარის სანაპიროსა და დეკანის ზეგანს. არის ტბები და წყალსაცავები. ინდოეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფია. მდინარეებიდან მნიშვნელოვანია: გოდავარი (სიგრძე 1465 კმ), კრიშნა (სიგრძე 1300 კმ) და კავერი (სიგრძე 760 კმ), რომლებიც უმეტესწილად აღმოსავლეთისაკენ მიედინებიან და ბენგალის ყურეს ერთვიან.

ჰავა სუბეკვატორული, მუსონურია. ზღვის დონიდან 1500-2000 მ-მდე ზომიერი კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 15 °C. ზოგიერთ რაიონში ყინვა ჩვეულებირვი მოვლენაა. წვიმიანი სეზონი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა. ატმოსფერული ნალექები ქარპირა კალთებზე 2000-5000 მმ, ქარზურგა კალთებზე 600-700 მმ წელიწადში.

ტყეებს უკავია 30%. დასავლეთი კალთების ძირში და ჩრდილოეთით შერეული ფოთოლმცივანი მარადმწვანე ტყეებია, სამხრეთით — მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყეები; აღმოსავლეთ კალთებზე — მშრალი სავანა, სადაც ხარობს აკაცია და დელების პალმა. ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: ვანდერუ, ორრქიანი კალაო და სხვ. არის ეროვნული პარკები.

მანტიური პლუმი

მანტიური პლუმი, მანტიური დიაპირი (ინგლ. plume — ჩირაღდანი) — დედამიწის მანტიის შედარებით ცხელი არე, რომელსაც პირველად მიახლოებაში აქვს სუბვერტიკალური კოლონის ფორმა სოკოსებრი ზედა ნაწილით. მანტიური პლუმი გამოვლინებულია სეისმური ტომოგრაფიის მეთოდის მეშვეობით. გადაჭიმულია ქვედა და ზედა მანტიის საზღვრიდან (სიღრმე დაახლოებით 660-670 კმ) ან მანტიისა და ბირთვის საზღვრიდან (სიღრმე 2980 კმ). ნავარაუდევია, რომ მანტიური პლუმის ფარგლებში მიმდინარეობს მანტიური სიღრმიდან ნივთიერების აზევება და სითბოს გამოტანა. აგრეთვე, მიჩნეულია, რომ მანტიური პლუმის სათავო ნაწილში ხდება მანტიური ნივთიერების ნაწილობრივი ლღობა და წარმოიქმნება მაგმურგენერირებადი არე ანუ ცხელი ლაქები.მაგმას, რომელიც წარმოიქმნება მანტიური პლუმის სათავო ნაწილში, ჩვეულებრივ გააჩნია ტუტე-ბაზალტური შედგენილობა. მანტიური პლუმის ლითოსფეროს ძირამდე მიღწევამდე მასზე ვლინდება ეგრეთ წოდებული პლუმური მაგმატიზმი: მიმდინარეობს ინტრუზიის შეჭრა დედამიწის ქერქსა და დედამიწის ქერქისა და მანტიის საზღვრის გასწვრივ (მაგმური ანდერპლეიტინგი), დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ვულკანიზმის არე. მანტიური პლუმის თავზე, რომელიც იწევა კონტინენტური ლითოსფეროს ქვეშ, წარმოიქმნება კონტინენტების ტრაპული პროვინციები (ტუნგუსკის აღმოსავლეთ ციმბირში, დეკანის ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, პარანა სამხრეთ ამერიკაში, კარუ სამხრეთ აფრიკაში); მანტიურ პლუმზე, რომელიც აზევებულია ოკეანური ლითოსფეროს ფილების ქვეშ, წარმოიქმნება შიდაფილური ოკეანური ბაზალტური პლატოები დედამიწის ქერქის გაზრდილი (15-30 კმ) სიმძლავრით ან ვულკანური კუნძულების ჯაჭვებით. იმ შემთხვევაში როდესაც მანტიური პლუმი შეთანხმებულია ფილების დივერგენტულ საზღვრებთან ან ფილების სამმაგ შენაწევრებასთან მათზე წარმოიქმნება ოკეანური პლატო შუაოკეანურ ქედებზე გაზრდილი (30 კმ და მეტი) ოკეანური ქერქით (გრენლანდია-ფარერების პლატო, რომელიც წარმოიქმნა შუაატლანტიკურ ქედზე). პლუმური მაგმატიზმის გარდა, მანტიური პლუმის მოქმედებით აგრეთვე აიხსნება ზოგიერთი შიდაფილური ტექტონიკური პროცესები, მაგალითად, დედამიწის ქერქის შიდაფილური აზევებებისა და კონტინენტური რიფტული სისტემების წარმოქმნა. მეტად დიდი მანტიური პლუმები, რომლებსაც გააჩნიათ სიღრმული წარმოშობა, ეწოდებათ სუპერპლუმები.მანტიური პლუმები ადრეული არქეულიდან დაწყებული (დაახლოებით 3,5 მლრდ. წლის წინ) დიდ როლს თამაშობდნენ დედამიწის გეოდინამიკაში. არქეულისთვის ტიპური იყო ულტრაფუძე შედგენილობის პლუმური მაგმატიზმი. პლუმების ტექტონიკა, ფილების ტექტონიკასთან ერთად, განსაზღვრავს დედამიწის აგებულების, მისი რელიეფისა და შედგენილობის ცვლილებას.გეოქიმიური და იზოტოპური შესწავლილობის საფუძველზე კონტინენტური რიფტული ბაზალტების წარმოშობა დაკავშირებულია მანტიურ პლუმებთან ან სუბკონტინენტურ ლითოსფეროსთან, შესაძლებელია მაგმური კერის გენერაციაში ორივე მათგანი იყოს

ჩართული. ცხელი ლაქები ეწოდება ვულკანურ პროვინციას, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია მანტიურ პლუმებთან. თანამედროვე ცხელი ლაქები ოკეანის ფსკერზე გამოხატული არიან წყალქვეშა ვულკანების, ვულკანური ქედების და ვულკანური მწკრივების სახით. მანტიური პლუმები ოკეანის ფსკერზე ქმნიან დადებით რელიეფს ან ქედებს; დამახასიათებელია დადებითი გრავიტაციული ანომალიები და სითბოს მაღალი ნაკადები. სეისმური ტომოგრაფიის ჭრილებზე აღინიშნება სეისმურად დაბალსიჩქარიანი დიაპირული ანომალური უბნები.პლუმების თეორია თავდაპირველად შემოგვთავაზა კანადელმა გეოფიზიკოსმა ჯონ ტუზო უილსონმა 1969 წელს. უილსონმა პლუმების კონცეფცია გამოიყენა ჰავაის კუნძულებთან მიმართებაში, რითაც ახსნა ჰავაის წყალქვეშა ქედის მთების ასაკის ზრდა. მანტიური პლუმების კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ გეოფიზიკოს უილიამ ჯეისონ მორგანს, რომლის მიხედვით მანტიის და ზედა ბირთვის საზღვრიდან მანტიურ აღმავალ დინებებს გადააქვთ სითბური ენერგია თერმული დიაპირების სახით, რომლებიც ლითოსფეროსთან შეხებისას განაპირობებენ მის დაძაბულობას, დეფორმაციას, ნაწილობრივ ლღობას და დესტრუქციას.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.