სპილენძი

სპილენძიქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის[1]) და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონია. იგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.

სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, "ლითონი კვიპროსიდან", მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე.[2] ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.

სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.

სპილენძის იონები Cu2+ იხსნება წყალში, სადაც დაბალი კონცენტრაციით ფუნქციონირებენ როგორც ფუნგიციდები, ხეების ჭიებისგან დამცველი და ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარკვეული რაოდენობით სპილენძის მარილები შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს მაღალი ორგანიზმებისთვისაც. მიუხედავად საყოველთაო ტოქსიკურობისა მაღალი კონცენტრაციით, დაბალი კონცენტრაციით Cu2+ იონი არსებითი ბიოგენია ყველა მაღალი ნარგავისა თუ ცხოველის ცხოვრებაში. ცხოველებში და ადამიანში დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.

NatCopper
თვითნაბადი სპილენძი (დაახ. 4 სმ სიგრძის)
29Cu
63,546 [Ar] 3d10 4s1
სპილენძი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქიმიური ელემენტების აღმოჩენისა და სახელწოდებათა მოკლე ისტორია. Lemill.net. წაკითხვის თარიღი: 2010-09-13.
  2. ლითონების შეზღუდული მიწოდება დედამიწაზე შეშფოთებას იწვევს. წაკითხვის თარიღი: 2008-03-16.
პორტალი:ქიმია
პორტალი ქიმია
აზერბაიჯანული მანათი

მანათი (აზერ. Manat) — ოფიციალური ფულის ერთეული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 1 მანათი 100 გეპიკის ტოლია. კოდი ISO 4217 AZN.

აზერბაიჯანული მანათი ორჯერ დაექვემდებარა დენომინაციას – 1992 და 2006 წლებში.

თანამედროვე მანათი შედგება 6 სახეობის მონეტისაგან და 6 სახეობის ბანკნოტისაგან.

მონეტები: 1, 3, 5, 10, 20, 50 გეპიკი (გამოცემულია 2006 წელს)

ბანკნოტები: 1, 5, 10, 20, 50, 100, 200 მანათიბანკნოტის დიზაინი შემუშავებული იქნა ავსტრიელი ვალუტის დიზაინერის რობერტ კალინას მიერ, რომელმაც ასევე შეიმუშავა ევროს ბანკნოტის დიზაინი. მონეტები აჩვენებს გარკვეულ მსგავსებას ევროს მონეტებთან.

ბანკნოტების ნაწილს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დაკვეთით ბეჭდავს კომპანია De La Rue.

აღმოსავლეთი კარპატები

აღმოსავლეთი კარპატები (რუმ. Carpații Orientali; სლოვაკ. Východné Karpaty; პოლ. Karpaty Wschodnie; უკრ. Східні Карпати) — კარპატის მთათა სისტემის შუა მონაკვეთი ტილიჩის (ჩრდილოეთით) და პრედიალის (სამხრეთით) უღელტეხილებს შორის. განფენილია რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 750 კილომეტრი, სიმაღლე 2305 მ (მთა პიეტროსი).

აგებულია უმთავრესად ცარცული და პალეოგენ-ნეოგენური ასაკის თიხებითა და ქვიშაქვებით, თხემურ მასივზე ზოგან გაშიშვლებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლები და კვარციტები. დასავლეთ ნაწილში აღმართულია კრისტალური (როდნის მასივი) და ვულკანური ნეოგენური ქანებით აგებული მასივები (ჰარგიტა, კელიმანი და სხვა). აღმოსავლეთი კარპატები ფართო და ღრმა მდინარეული ხეობებით დანაწევრებულია ცალკეულ ქედებად და მასივებად (მარამურეში, გორგანი, ჩერნოგორა, ბეშჩადი, როდნა, კელიმანი, ვრანჩა, ტარკეუ და სხვა).

მოიპოვება მანგანუმის მადანი, სპილენძი, ნავთობი, აირი, ქვამარილი. ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა შემორჩენილია გამყინვარების კვალი. მთათა კალთებზე შერეული და წიწვიანი ტყეებია (წიფელი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). მთისწინეთში წიფლის ტყეებია, თხემურ ნაწილში — მთის მდელოები.

გადაბეის რაიონი

გადაბეის რაიონი (აზერ. Gədəbəy rayonu) — ადმინისტრაციული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გადაბეი.

გამტარი

ფიზიკაში გამტარი ეწოდება ისეთ ნივთიერებას ან სხეულს, რომელიც შეიცავს თავისუფალ (ან მაკროსკოპიული გადაადგილების საშუალების მქონე) მუხტს. მეტალის გამტარებში, როგორიცაა სპილენძი ან ალუმინი თავისუფალ მუხტს ელექტრონები წარმოადგენენ. დადებითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად იონები ასევე შეიძლება შეადგენდნენ თავისუფალ მუხტს).

ყველა გამტარში არის მუხტი, რომელიც მოძრაობას იწყებს, როდესაც გამტარის ბოლოებზე არის ელექტრული პოტენციალების სხვაობის მოდული მეტი ნოლზე. დამუხტული ნაწილაკების ამ მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება (ერთეული ამპერი). გამტარების უმეტესობაში გამავალი დენი მოდებული ელექტრული პოტენციალის პროპორციულია (ომის კანონი).

ტიპური გამტარები მეტალები არიან. ელექტრული სადენების დასამზადებლად ძირთადად სპილენძი გამოიყენაბა. ვერცხლი საუკეთესო გამტარია, მაგრამ გაცილებით ძვირია. ოქრო გამოიყენება ზედაპირებს შორის მაღალი ხარისხის გამტარებლობის მისაღწევად. არსებობს აგრეთვე არამეტალი გამტარები, მაგალითად გრაფიტი და მარილების ხსნარები. როგორც წესი კარგიმ გამტარია ასევე პლაზმა.

განჯა-ყაზახის რეგიონი

განჯა-ყაზახის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Gəncə-Qazax iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის ქალაქები: განჯა და ნაფთალანი; ასევე რაიონები: აღსთაფის, ყაზახის, დაშქესანის, გადაბეის, თოუზის, გორანბოის, გოიგოლის, სამუხის და შამქორის.

ფართობი — 12 300 კმ², რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 14,4 % შეადგენს. მოსახლეობა — 1240,8 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).

ენეოლითის ხანა

ენეოლითის ხანა – (ლათ. aeneus - სპილენძი; ბერძ. lithos - ქვა), ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩნდება თვითნაბადი სპილენძის ცივი დამუშავების გზით დამზადებული იარაღი. ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ენეოლოთის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა.

მეცნიერთა უმრავლესობა ენეოლითს განიხილავს არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც ბრინჯაოს ხანის ადრინდელ ეტაპს – სპილენძის ხანას. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ენეოლითი იწყება ძვ. წ. IV ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. საქართველოს ტერიტორიაზე ენეოლითის ძეგლებია: ამირანის გორა, არუხლოს გორა, იმირის გორა, შულავრის გორა, თეთრი წყაროს ნასოფლარი.

ვერცხლი

ვერცხლი — ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). რბილ თეთრ მბზინვარე გარდამავალ ლითონს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა ახასიათებს.

ვერცხლი — წარმოადგენს მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის პირველი ჯგუფის ელემენტს. ატომური ნომერია 47. მარტივი ნივთიერება ვერცხლის (CAS რეგისტრაციის ნომერია: 7440-22-4) — ჭედადი, პლასტიკური თეთრი-ვერცხლისფერი კეთილშობილი ლითონი. კრისტალური მესერი — კუბური წიბოცენტრული. დნობის ტემპერატურა — 960 °C, სიმკვრივე — 10,5 გ/სმ³.

ლითონთა შორის და გვხვდება როგორც მინერალებში, ისე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.

თბოგამტარობა

თბოგამტარობა (თბოგამტარობის კოეფიციენტი) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნივთიერების ტემპერატურის ცვლილების (გათანასწორების) სიჩქარეს არათანაბარ სითბურ მოვლენებში. მყარი სხეულის, სითხისა თუ აირის თბოგამტარობა განისაზღვრება სიჩქარით, რომლითაც მატერიის გახურება ხდება. თბოგამტარობა ასევე ეწოდება მატერიის თერმული ენერგიის ტრანსპორტირების უნარს სითბოს გატარების მეშვეობით.

ირლანდიის სასარგებლო წიაღისეული

ირლანდია ფლობს თუთიის, ტყვიისა და ვერცხლის მნიშვნელოვან ბაზას. ქვეყანა აგრეთვე მდიდარია ტორფით, ბარიტითა და ოქროთი. მცირე რაოდნეობით მოიპოვება ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სპილენძი, რკინის მადანი და სხვა.

ტაბულა 1. — ირლანდიის ძირითადი სასარგებლო წიაღისეული 1998-1999 წლების მიხედვით

ლითონები

ლითონები — მარტივი ნივთიერებები რომელთათვისაც ჩვეულებრივ პირობებში დამახასიათებელია მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, ელექტროგამტარობის უარყოფითი ტემპერატურული კოეფიციენტი, ელექტრომაგნიტური ტალღების არეკვლის კარგი უნარი (ბზინვა და გაუმჭვირობა), პლასტიკურობა და ბზინვარება. ლითონებს სხვანაირად მეტალებსაც უწოდებენ.

ლითონს მყარ მდგომარეობაში კრისტალური აგებულება აქვს. ორთქლისებრ მდგომარეობაში ლითონი ერთატომიანია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა ლითონი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში.

ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.

გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა, ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.

ზოგიერთი მეტალები როგორიცაა: კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის. ზოგი კი მაგალითად: ოქრო და პლატინა არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა. მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.

მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით. ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება: Li,K,Ca,Na,Mg,Al,Zn,Cr,N,Fe,Sn,Pb,[H],Cu,Ag,Hg,Pt,Au

აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ მოთავსებული მატალები აძევებს წყალბადს მჟავას ხსნარიდან, მარჯვნივ მოთავსებული მატალები კი_ვერა. აქტიური მეტალების გამოყოფა მათი შემცველი მინერალებიდან ძნელია, მაშინ როდესაც ნაკლებად აქტიური მეტალები შეიძლება დამოუკიდებელი სახითაც არსებობდეს. ნატრიუმსა და კალიუმს ნავთში ინახავენ, რადგან ისინი ძალზე აქტიურად ურთიერთქმედებენ წყალსა და ჰაერთან. სპილენძი ნაკლებად აქტიური მეტალია. იგი მილების, ცხელი წყლის ავზებისა და ელექტროსადენების დასამზადებლად გამოიყენება.

მაგმური ქანები

მაგმური ქანები — მაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილი ქანები. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს:

ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება;

ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება.ვულკანური ქანები ლავის სწრაფი გაცივების გამო წვრილკრისტალურია, ხშირ შემთხვევაში ჭარბად შეიცავს მინას. ინტრუზიული ქანები დედამიწის ქერქის სიღრმეში მაგმის ნელი გაცივების გამო სრულკრისტალური და მსხვილმარცვლოვანია.

მაგმური ქანები, ჩვეულებრივ, სილიკატური შედგენილობისაა, მათი მთავარი კომპონენტის — SiO2-ის შემცველობის მიხედვით განარჩევენ ულტრაფუძე ქანებს, ფუძე ქანებს, საშუალო მჟავიანობის ქანებს, მჟავა ქანებს; ზოგი მკვლევარი გამოჰყობს აგრეთვე ულტრამჟავა ქანებს, რომლებიც შეიცავენ 75 % მეტ SiO2-ს.

ტუტე ელემენტების (Na,K) შემცველობის მიხედვით, ქანების ჩამოთვლილ ჯგუფებში, განასხვავებენ ნორმალური და ტუტე რიგის მაგმურ ქანებს.

მაგმურ ქანებთან დაკავშირებულია სხვადასხვაგვარი სასარგებლო წიაღისეული. მაგალითად: მჟავა ქანებთან გვხვდება კალა, ვოლფრამი, ოქრო; ფუძესთან — სპილენძი, ტიტანი; ულტრაფუძესთან — პლატინა, ნიკელი, ქრომი; ტუტესთან — აპატიტი, იშვიათად მიწათა ელემენტები და სხვა.

მოკეგუის რეგიონი

მოკეგუა — რეგიონი პერუში. მისი ფართობია 15 733.97 კმ². მოსახლეობა - 163 757 (2004 წლის მონაცემებით). რეგიონის დედაქალაქია მოკეგუა, რეგიონში მოსახლეობით ყველაზე დიდი ქალაქია ილო. მონკეგა იყოფა 3 პროვინციად და 20 მხარედ. მონკეგას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე და პერუს შემდეგი რეგიონები: ჩრდილოეთიდან - არეკიპა, სამხრეთიდან - ტაკნა, ხოლო აღმოსავლეთით - პუნო.

რეგიონის მთავარი ბუნებრივი რესურსებია: სპილენძი, ზეთისხილი და ავოკადო. რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მდინარეა ტამბო.

მჭედელი

მჭედელი — მუშა, რომელიც ამუშავებს ლითონს. ლითონზე დარტყმით ინსტრუმენტების და იარაღების დაჭედვა ადამიანებმა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ისწავლეს. მჭედლის ძირითადი მატერიალია ლითონები: რკინა (და მისგან მიღებული ფოლადი), სპილენძი, ტყვია, კეთილშობილი ლითონები და სხვა, თუმცა მჭედლები კიდევ სხვა ბევრ ნივთიერებას იყენებენ. ხანდახან ხმლის გასაციებელ წყალში არის შერეული საღებავები და მცენარეები, თუმცა აქვს თუ არა ამას სარგებელი ძნელი სათქმელია.

ნივთიერება

ნივთიერება — ქიმიური მატერიის ფორმა, სუბსტანცია, რომელიც ყველგან გვხვდება. ნივთიერება შეიძლება იყოს — ბუნებრივი მაგალითად წყალი, ჟანგბადი; ასევე ხელოვნური — მაგალითად კაპრონი, პოლიეთილენი და სხვა. დღეისათვის ცნობილია ათ მილიონზე მეტი ნივთიერება, და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ერთ ნაწილს ბუნებაში პოულობენ მეორეს კი ადამიანი იღებს სინთეზით.

ნივთიერებას რომელიც გამოიყენება საგნების, ფიზიკური სხეულების დასამზადებლად მასალას უწოდებენ.

ჩვენს ირგვლივ უამრავი სხეულია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, ფერით, სიდიდით და სხვა თვისებებით. მაგრამ ისინი შეიძლება ერთი და იგივე მასალისაგან იყვნენ დამზადებული. მაგალითად, ხის კოვზი, ხის სკამი და სხვა ხის საგნები (სხეულები) შედგებიან ერთი და იგივე — ხის მასალისაგან, ხოლო მთავარი ნითიერება რაც წარმოქმნის ხეს არის — ცელულოზა. აღსანიშნავია რომ ძალიან ხშირად ნივთიერების და მასალის (რისგანაც შედგება სხეული) სახელი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ნივთიერება რისგანაც ამზადებენ რამეს, წარმოადგენს მასალას. ასე რომ რკინის შტატივი, განსხვავდება სიდიდითა და ფორმით ლურსმნისაგან, მავრთულისაგან და სხვა რკინის სხეულებისაგან; მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ეს რკინის საგანი ერთმანეთის მსგავსია, იმით რომ დამზადებულნი არიან ერთი და იგივე მასალისაგან — რკინისაგან და ერთი და იგივე ნივთიერებისაგან - რკინისაგან.

რკინის ლურსმანი, სპილენძის ფირფიტა და ალუმინის მავთული ფიზიკური სხეულებია.

რკინა, სპილენძი და ალუმინი — მასალები, რისგანაც დამზადებულია ეს სხეულები და ამასთანავე არიან ნივთიერებებიც. აქ სახელწოდებები ემთხვევა.

ნივთირებებს ყოფენ: მარტივ და რთულ ნივთიერებებად.

პერუ

პერუ (ესპ. Perú; კეჩ. Perú; აიმარ. Piruw; ოფიციალურად პერუს რესპუბლიკა (ესპ. República del Perú) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეკვადორი და კოლუმბია, აღმოსავლეთით — ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოლივია, სამხრეთით — ჩილე. ქვეყნის ფართობი შეადგენს 1 285 220 კმ²-ს.

პერუს ტერიტორიაზე არაერთი ამერიკული ცივილიზაცია ყვაოდა, მათ შორისაა ნორტე-ჩიკოს კულტურა — ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურაა მსოფლიოში. პერუს ტერიტორიაზე კოლუმბამდელ ამერიკაში უმნიშვნელოვანეს რომლის ასრულებდა ინკების იმპერია. ინკებმა უდიდესი კულუტურლი და პოლიტიკური ცვლილებები მოახდინეს არა მარტო პერუში, არამდე მთელს სამხრეთ ამერიკაში. XVI საუკუნეში ესპანეთის იმპერიამ მოახერხა ინკების იმპერიის დაპყრობა, პერუში შეიქმნა პერუს ვიცე-სამეფო, რომელიც ესპანეთის რიგითი კოლონია იყო. 1821 წელს პერუმ დამოუკიდებლობისათვის ომში მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება. ამის შემდეგ ქვეყანამ გადაიტანა არეულობის წლები, ფისკალური კრიზისები, თუმცა იყო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის წლებიც.

თანამედროვე პერუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა, მისი ტერიტორია იყოფა 25 რეგიონად. პერუს გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უკავია ანდების მთათა სისტემას, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს მდინარე ამაზონის ხეობას. ქვეყანას ადამიანის განვითარების ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გააჩნია, სიღარიბის დონე კი 31 პროცენტს შეადგენს. ძირითად ეკონომიკურ აქტივობებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება, მანუფაქტურული მრეწველობა (ძირითადად ტექსტილი).

პერუს მოსახლეობა დაახლოებით 30,4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ინდიელები, ევროპელები, აფრიკელები და აზიელები შეადგენენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ესპნაურ ენაზე, თუმცა ასევე დიდი ნაწილი საუბრობს კეჩუასა და სხვა ადგილობრივ ენებზე. კულტურული ტრადიციების ასეთი ნაერთის წყალობით, პერუ გამოირჩევა უნიკალური და განსხვავებული კულტურით, ხელოვნებით, ტრადიციებით, მუსიკითა და ლიტერატურით.

პონტოს სამეფო

პონტოს სამეფო — ელინისტური სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დასახლებული იყო კაპადოკიელებით. შემდეგ თანდათან მიიერთა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომები: (კარდუხები, ხალიბები, სკვითინიები, მაკრონები, მოსინიკები, ტაოხები, ტიბარენები). არსებობდა ძვ. წ. 302-64 წლებში. დააარსა აქემენიდთა გვარის წარმომადგენელმა მითრიდატე II-მ (ხან მითრიდატე III-დ იხსენიება და ხან მითრიდატე I-ად). დასავლეთით ესაზღვრებოდა პაფლაგონია, ჩრდილოეთიდან შავი ზღვა, აღმოსავლეთით - კოლხეთი, სამხრეთით - არმენია, კაპადოკია და გალატია. დედაქალაქი იყო ამასია. ძირითადი ქალაქები იყო შავი ზღვის სანაპიროზე – სინოპი, ამისოსი, თემისკირა, პოლემონიონი, კოტიორა, ტრაპეზუნტი და სხვ. ქვეყნის შიგნით – ამასია, გაზელიონი, კომანა, ქაბეირა და სხვ. გაბატონებული კლასი ბერძნულ კულტურას, ენასა და დამწერლობას ითვისებდა.

მდიდარი იყო ხე-ტყით, მადნეულით (რკინა, სპილენძი, ვერცხლი), საძოვრებით, ნოყიერი ნიადაგით. განვითარებული იყო გემთმშენებლობა, მეტალურგია მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მებაღეობა.

პროტოხეთები

პროტოხეთები, ხათები — აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ავტოქტონური, მკვიდრი მოსახლეობა ინდოევროპული ტომების (ნესიტები, ხეთები, ლუვიელები, ფალაელები) ანატოლიაში გამოჩენამდე (დაახ. ძვ. წ II ათასწლეულის დასაწყისი). ბინადრობდნენ ხათის ქვეყანაში — ცენტრალურ ანატოლიაში, ტავრის მთებიდან პონტოს ზღვის სანაპიროებამდე. მათი ქვეყანა ძირითადად მოიცავდა დღევანდელ კაპადოკიას. პოლიტიკური ცენტრი იყო ხათუსა (ახლანდელი ბოღაზქოი, თურქეთი). ლაპარაკობდნენ ხათურ (პროტოხეთურ) ენაზე. ამ ენაზე შედგენილი ტექსტები აღმოჩენილ იქნა ბოღაზქოის არქივში. ტექსტები ატარებს რელიგიურ ხასიათს.

ძვ.წ. II ათასწლეულში ხათური ენა უკვე „მკვდარი“ იყო. მას უკვე ხეთების სამეფოს დროს გამოიყენებდნენ მხოლოდ ტექსტების შესადგენად. ენისათვის დამახასიათებელია პრეფიქსაცია, შესაბამისად იგი თავისი სტრუქტურით უახლოვდება კავკასიურ, კერძოდ კი აფხაზურ-ადიღეურ და ქართველურ ენებს.

პროტოხეთური საზოგადოება ადრეკლასობრივი იყო. ამას ადასტურებს სამეფო ხელისუფლების ამსახველი ისეთი სიტყვების გამოჩენა ტექსტებში როგორიცაა „მეფე“, „დედოფალი“ — შესაბამისი ტიტულებით „თაბარნა“, „თავანანა“, „დიდი ტახტი“ და ა.შ. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს რომ სოციალური დიფერენციაცია შორს იყო წასული საზოგადოებაში. დასტურდება სამეფო და სატაძრო მომსახურე პერსონალის არსებობა („მესუფრენი“, „ქურუმნი“, „ღვინის მწდენი“ და სხვა). პროტოხეთურ პოლითეისტურ პანთეონს ჰყავდა ამინდის ღვთაება „თარუ“, მზის ღვთაება „ეშთან“, სამყაროს მაცოცხლებელი ღვთაება „თელიფინუ“, მეუფე ქვეყნისა „ვურუნქათე“ და სხვანი. ხათის ქვეყანაში და ზოგადად ხათებში გავრცელბული იყო ლითონის (სპილენძი, ოქრო, ვერცხლი) დამუშავება, მსგავსად სხვა პროტო-ქართველებისა. ხათებისა და ანატოლიაში გადმოსახლებული ინდოევროპელების (კერძოდ ნესიტებისა და ფალაელების) აღრევის შედეგად, ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში ჩამოყალიბდა ხეთური მოსახლეობა (ხეთები) რომელმაც მთლიანად მიითვისა ხათების კულტურული ტრადიციები და სახელიც მსგავსი დაირქვა.

სოლომონ მეფე

სოლომონი (ძვ. ებრ. შლომო) (ებრ.: שְׁלֹמֹה, ტიბერ. Šəlōmōh; არაბ.: سليمان, სულეიმანი; „მშვიდობა“) (გ. დაახლოებით ძვ. წ. 928) — ისრაელის სამეფოს მეფე ძვ. წ. 965 — ძვ. წ. 928. დავითის ძე და თანამმართველი ძვ. წ. 967 — ძვ. წ. 965.

იყო ფიგურა აღწერილი ახლო აღმოსავლეთის მანუსკრიპტებში, როგორც იმპერიის ბრძენი მმართველი, რომელიც დაახ. ძვ. წ. 1000 წელს ცხოვრობდა. სახელები „შელომო“ და „სოლომონი“ მისი ცხოვრების ბიბლიურ აღწერასთან არის დაკავშირებული.

ძველ აღთქმაში მას ასევე იედიდაჰს უწოდებენ და აღწერენ, როგორც ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფეს, ჩრდილოეთ ისრაელის სამეფოდ და იუდეის სამხრეთ სამეფოდ გაყოფამდე. გაყოფის შემდეგ იუდეის მეფეები ჩამომავლობით სოლომონის გვარისანი იყვნენ.

ლამაზი აბიშაგი დავითის ხარჭად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითს არანაირი კავშირი არ დაუმყარებია მასთან. მაშინდელი წესის თანახმად, ის მხოლოდ დავითის კანონიერი მემკვიდრის საკუთრება უნდა გამხდარიყო. დავითის ძმა ადონია შესაძლოა ფიქრობდა, რომ თუ აბიშაგს ცოლად შეირთავდა, მას კიდევ მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ ტახტი ჩაეგდო ხელში. სოლომონი მიხვდა, თუ რას ითხოვდა ადონია და რა გზით სურდა მეფობის მიღწევა, ამიტომ სოლომონმა მოკლა იგი.

მისი 40-წლიანი მეფობის განმავლობაში ისრაელში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. ბიბლიაში მისი მმართველობის წლები ასეა აღწერილი: „სოლომონის დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფ. 4:25).

სოლომონი იყო იერუსალიმის პირველი ტაძრის ამშენებელი, რომელსაც ასევე სოლომონის ტაძარსაც უწოდებენ. ის ცნობილი იყო განსაკუთრებული სიბრძნით, სიმდიდრითა და სიძლიერით, თუმცა მასვე ჰკიცხავდნენ გვიანდელ ასაკში შედარებითი პაციფიზმისთვის, უფლებას აძლევდა რა მის მოქცეულ ცოლებს სხვა ღმერთებიც ერწმუნათ. სოლომონი მრავალი გვიანდელი ლეგენდის გმირია.

სოლომონმა თავისი სიბრძნით გაითქვა სახელი. ერთხელ მასთან ორი ქალი მივიდა, რომლებიც ერთ ბავშვს ვერ იყოფდნენ. ორივე ამტკიცებდა, რომ ბავშვის დედა თვითონ იყო. სოლომონმა ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეჭრათ და ერთი ნახევარი ერთი ქალისთვის მიეცათ, მეორე ნახევარი კი — მეორესთვის. პირველი ქალი თანახმა იყო, მაგრამ ნამდვილი დედა მეფეს შეევედრა, ბავშვი არ მოეკლათ და პირველი ქალისთვის მიეცათ. სოლომონი მიხვდა, რომ ბავშვის დედა ის იყო, ვისაც გული დაეწვა და ჩვილი მას მისცა. მეფის განაჩენის შესახებ მთელმა ისრაელმა გაიგო.

ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს ოთხი ტონა ოქრო გაუგზავნა, საბას დედოფალმაც ამდენივე ოქრო მიართვა, ოფირიდან კი სოლომონის ფლოტმა მისთვის 14 ტონაზე მეტი ოქრო ჩამოიტანა. ბიბლიაში წერია: „ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს“, რაც 22 ტონაზე მეტი ოქრო იყო.

მეფე სოლომონმა დიდი რაოდენობით სპილენძი გამოიყენა იერუსალიმის ტაძრის მოსაწყობად. სპილენძის დიდი ნაწილი მამამისმა, დავითმა, სირიიდან ნადავლად წამოიღო . სპილენძის ზღვა უშველებელი აუზი იყო, საიდანაც მღვდლები წყალს დასაბანად იღებდნენ. აუზის ტევადობა დაახლოებით 66 000 ლიტრი იყო, წონა კი შესაძლოა 30 ტონა (1 მეფეები 7:23—26, 44—46). ტაძრის შესასვლელთან ორი უზარმაზარი სპილენძის სვეტი იდგა. ისინი ღრუიანი იყო, მათი სისქე 7,5 სანტიმეტრი, დიამეტრი 1,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი იყო. ორივე სვეტს 2,2 მეტრი სიგრძის ბუღაური ედგა. მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სპილენძი გამოიყენეს აუზისა და სვეტების ჩამოსასხმელად.

მეფე სოლომონს სხვა ქვეყნებიდან შემოჰყავდა ფარშევანგები ისეთ ძვირფას ნაწარმთან ერთად, როგორიცაა ოქროს, ვერცხლისა და სპილოს ძვლის ნაკეთობები. „შესაძლოა, სოლომონის მიერ შემოყვანილი ფარშევანგებით გაიცნეს პირველად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებმა ეს ფრინველი“, — ნათქვამია ერთ–ერთ წიგნში (The Natural History of the Bible).რამდენიმე საუკუნის შემდეგ ფარშევანგებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ალექსანდრე მაკედონელზე, რომ თავის ჯარისკაცებს მათ მოკვლას უკრძალავდა.

ჩილე

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს. ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა. ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა; აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით. იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს. 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა. ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.

პერიოდული ცხრილი
H   He
Li Be   B C N O F Ne
Na Mg   Al Si P S Cl Ar
K Ca   Sc Ti V Cr Mn Fe Co Ni Cu Zn Ga Ge As Se Br Kr
Rb Sr   Y Zr Nb Mo Tc Ru Rh Pd Ag Cd In Sn Sb Te I Xe
Cs Ba La Ce Pr Nd Pm Sm Eu Gd Tb Dy Ho Er Tm Yb Lu Hf Ta W Re Os Ir Pt Au Hg Tl Pb Bi Po At Rn
Fr Ra Ac Th Pa U Np Pu Am Cm Bk Cf Es Fm Md No Lr Rf Db Sg Bh Hs Mt Ds Rg Cn Uut Uuq Uup Uuh Uus Uuo
 
ტუტე ლითონები ტუტემიწა ლითონები ლანთანოიდები აქტინოიდები გარდამავალი ელემენტები სხვა ლითონები მეტალოიდები სხვა არალითონები ჰალოგენები ინერტული აირები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.