სახელმწიფო

სახელმწიფო — განსაკუთრებული წესით მოწყობილი პოლიტიკური ორგანიზაცია ეკონომიკურად გაბატონებული კლასისა მთელი ქვეყნის ფარგლებში უმაღლესი ძალაუფლების განსახორციელებლად.

სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი.

Leviathan by Thomas Hobbes
ტომას ჰობზის ლევიათანის ფრონტისპირი

ციტატები

ვიკიციტატა
„სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია გარკვეულ ტერიტორიაზე ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება“

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული. ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური. დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

ალექსანდრე პროხოროვი

ალექსანდრე მიხეილის ძე პროხოროვი (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Про́хоров; დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 28 ივნისი], 1916, ათერტონი, ავსტრალია — გ. 8 იანვარი, 2002, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი ფიზიკოსი, კვანტური ელექტრონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966), პრეზიდიუმის წევრი (1970), ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1973). სოციალისტური შრომის გმირი (1969). სკკპ წევრი 1950 წლიდან. დაიბადა რევოლუციონერი მუშის ოჯახში. მამამისი რევოლუციური მოღვაწეობისათვის გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც შემდეგ გადავიდა ავსტრალიაში. პროხოროვმა დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1939). 1941–1943 წლებში საბჭოთა არმიაში იყო. 1946 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (1954 წლიდან ლაბორატორიის გამგე, 1968 წლიდან — დირექტორის მოადგილე), 1959 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1971 წლიდან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1969 წლიდან დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. ნიკოლოზ ბასოვთან ერთად დაამუშავა კვანტური სისტემების საშუალებით ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირების პრინციპულად ახალი მეთოდი და ამიაკის კონის გამოყენებით შექმნა მოლეკულური გენერატორი — მაზერი (1954–1955). მისი შრომები ეძღვნება ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების მძლავრი ლაზერების შექმნას, არაწრფივ ოპტიკას, ნივთიერებასთან მძლავრი ლაზერული გამოსხივების რეზონანსულ და არარეზონანსულ ურთიერთქმედებას. მიღებული აქვს ლენინური პრემია (1959), ნობელის პრემია (1964). იყო ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი (1971). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

ბოლივია

ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.

ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.

დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.

ბულგარეთი

ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България

) — სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110 994 კვადრატული კილომეტრს და ამ მაჩვენებლით მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპების მთათა სისტემა. ბულგარეთშია ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმაღლესი მთის მასივი რილა, ასევე ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ, დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).

საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

გაერთიანებული სამეფო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

ვატიკანი

ვატიკანი, ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო (იტალ. Stato della Città del Vaticano) — სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. იგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა, რომლის ფართობია 44 ჰექტარი (110 აკრი), მოსახლეობა კი 800 ადამიანზე ცოტა მეტი.

ვატიკანი ჩამოყალიბდა 1929 წელს, ლატერანის ხელშეკრულების შედეგად. ვატიკანი განსხვავებულია წმინდა ეპარქიისაგან, რომლის საფუძვლები ადრეული ქრისტიანობის ხანას უკავშირდება და მსოფლიოს 1,147 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანთათვის მთავარ ეპარქიას წარმოადგენს. ვატიკანსა და წმინდა ეპარქიას პასპორტებიც კი განსხვავებული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ეპარქია სახელმწიფო არაა, იგი მხოლოდ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს, ვატიკანი კი ჩვეულებრივ პასპორტებსაც იძლევა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცემულ პასპორტთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ლატერანის ხელშეკრულება ვატიკანს არა როგორც პაპის ოლქის გადმონაშთს, არამედ როგორც ინოვაციას განიხილავდა. პაპის ოლქის უმეტესი ნაწილი იტალიის გაერთიანების დროს, 1860-1870 წლებში, იტალიის რესპუბლიკას შეუერთდა; პონტიფიკოსმა ამ მიწებზე კონტროლი დაკარგა. ვატიკანი არის ეკლესიასტიკური სახელმწიფო, რომელსაც რომის ეპისკოპოსი — ანუ პაპი მართავს. ამ სახელმწიფოს ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი არის კათოლიკე სამღვდელოების სხვადასხვა ეროვნების წევრი. ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და პაპის ოფიციალური რეზიდენციის — აპოსტოლური სასახლის ადგილი.

პაპები 1377 წელს მათი ავინიონიდან დაბრუნების შემდეგ უმეტესწილად იმ არემარეში ცხოვრობდნენ, რომელიც 1929 წელს ვატიკანი გახდა. თუმცა სხვადასხვა დროს პაპებს რომის ქვირინალის და ლატერანის სასახლეებშიც დაუდიათ რეზიდენცია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.

1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1919–1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ირანი

ირანის ისლამური რესპუბლიკა (სპარს. جمهوری اسلامی ایران — ჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი (სპარს. ایران [ʔiˈɾɒn]) ან სპარსეთი) — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — ქალაქი თეირანი.

ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.

ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.

1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.

დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.

მექსიკა

მექსიკა, ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები (ესპ. Estados Unidos Mexicanos) — ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე. ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი), მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად.

კოლუმბამდელ პერიოდში, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე არსებობდა მრავალი სახელმწიფო, რომლებიც განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. მათ შექმნეს მოწინავე ცივილიზაციები, პირველი მექსიკური სახელმწიფოების დაარსება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იწყება. ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დროს, აქ არსებობდა აცტეკების და მაიას სახელმწიფოები; ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირება არსებობდა, რაც ეს ორივე მათგანს აზიანებდა და ასუსტებდა. უკვე 1521 წელს განხორციელდა ესპანელების პირველი ექსპედიცია. ესპანელმა დამპყრობლებმა დასუსტებული მექსიკური სახელმწიფოები ადვილად დაიპყრეს და დაიმორჩილეს. შეიქმნა ახალი სახელმწიფო — ახალი ესპანეთი. მის შემადგენლობაში მოექცა მთლიანად მექსიკის და არამარტო მექსიკის ტერიტორიები. 1810 წელს დაიწყო მექსიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; 1821 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახალ სახელმწიფოს ეწოდა მექსიკის იმპერია. 1910 წელს მექსიკაში რევოლუცია მოხდა. 1917 წლის კონსტიტუციით მექსიკა ფედერაციული სახელმწიფოდ გამოცხადდა. 2000 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის მმართველი ხდება მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია (ესპ. Partido Revolucionario Institucional, მემპ), ხოლო 2006 წელს ჩატარებული არჩევნებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ფელიპე კალდერონი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენრიკე პენია ნიეტომ მოიპოვა გამარჯვება.

1994 წლიდან მექსიკა გაწევრიანებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD). განვითარების მხრივ მიეკუთვნება ახალად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით მექსიკას 11-ე ადგილი უკავია. მექსიკის ეკონომიკა ძლიერადაა დამოკიდებული ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე, განსაკუთრებით განვითარებულია ვაჭრობა აშშ-სთან. მექსიკის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავალი მოაქვს ტურიზმის ინდუსტრიას; ყოველწლიურად ქვეყანას დაახლოებით 21,4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მექსიკაში განვითარებულია ხელოვნება და კულტურა, საქვეყნოდაა ცნობილი მექსიკური სამზარეულო. ქვეყანაში იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული 31 ძეგლია; ამ მაჩვენებლით მექსიკას პირველი ადგილი უკავია ამერიკაში.

მხარე

მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) — სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).

საქართველო

საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801–1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველოს სახელმწიფო გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს). სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.

სირია

სირია (არაბ.: سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბული რესპუბლიკა (არაბ.: الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.

თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკი დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა.

2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.

1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

სომხეთი

სომხეთი (სომხ. Հայաստան — „ჰაიასტან“), ოფიციალურად სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն — „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.

უკრაინა

უკრაინა (უკრ. Україна [ukrɑˈjinɑ]) — ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603 700 კვადრატულ კილომეტრს და ყველაზე დიდი ქვეყანაა იმათ შორის, რომლებიც მთლიანად ევროპაში მდებარეობენ.

შუა საუკუნეებში, თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. აქ მდებარეობდა ძლიერი კიევის რუსეთის სახელმწიფო. XIII საუკუნეში უკრაინა დანაწევრებული იყო და მას ლიტვა, პოლონეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი იყოფდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა კაზაკთა რესპუბლიკა, თუმცა უკრაინა კვლავ დაქუცმაცებული რჩებოდა, ვიდრე ის არ გაერთიანდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით XX საუკუნეში. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთ ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა — 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე — სუბტროპიკული.

უკრაინა უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კიევი. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 45,4 მილიონს, რომელთა შორის 77,8 % უკრაინელია, 17,3 % კი რუსი; ასევე ცხოვრობენ რუმინელები/მოლდოველები, ბელორუსები, ყირიმელი თათრები, უნგრელები. ოფიციალური ენა უკრაინულია, თუმცა რეგიონალური მასშტაბით ასევე აღიარებულია 18 ენა. ყველაზე გავრცელებული რელიგია მართლმადიდებლობაა, რომელმაც წარსულში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უკრაინულ არქიტექტურაზე, ლიტერატურაზე და მუსიკაზე.

უნგრეთი

უნგრეთი (უნგრ. Magyarország) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, NATO-ს, OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.

შვეიცარია

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკას წარმოადგენს. დედაქალაქი — ბერნი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.