საქართველო (ენციკლოპედია)

ენციკლოპედია საქართველო (ხუთტომეული) — მეცნიერული გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე. „საქართველო“ ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში: ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით საქართველო და ქართველი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.

ენციკლოპედია საქართველო
Encyclopedia - Georgia

ენციკლოპედია „საქართველოს“ პირველი ტომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია
გამოცემის თარიღი 1997

ისტორია

საქართველოში ენციკლოპედიურ და ლექსიკოგრაფიულ მოღვაწეობას მდიდარი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს ხშირად ახლდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნებების (ტერმინების), უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა განმარტებანი მრავლად არის ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელისა და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომებში. შემორჩენილია იმავე ხანის თარგმნილ ლექსიკონთა ფრაგმენტები, ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა სულხან-საბა ორბელიანის „ქართულმა ლექსიკონმა“ (1685-1716). იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიური ნაშრომი „კალმასობა“ (1813-1828) ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. 1898-99 წლებში ივანე როსტომაშვილის რედაქციით გამოვიდა მრავალტომეულად განზრახული „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პირველი ოთხი წიგნი. XX-ე საუკუნის დასაწყისში ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარელის, ვასილ პეტრიაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს გამოეცათ „საქართველოს ენციკლოპედია“. შეიქმნა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილ იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ ამ საქმეს გახორციელება არ ეწერა. 1930-იან წლებში ასევე უშედეგო აღმოჩნდა „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ „ენციკლოპედია საქართველოს“ მასალების შერჩევისა და აგების ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებში კარდინალური ცვლილებებია შეტანილი. უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ცალმხრივი იდეოლოგიზაციის, მცდარი შეფასებების, სტერეოტიპებისა და დოგმების დაძლევა. ამ გამოცემაში შესულია მრავალი ახალი ტერმინი, დანარჩენი სტატიები კი როგორც წესი ხელახლა დაწერილი ან გადახალისებული და გადამუშავებულია.

„ენციკლოპედია საქართველო“ გამოცემულია ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ. 2014 წლისთვის დაბეჭდილია ორი ტომი.

შემადგენლობა

ტომი დასახელება გამოცემის წელი
1  — გილდია 1997
2 გიმნაზია — ენდრო 2012
3 ენდრონიკა — თეზამი 2014

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 5, თბ., 1997 წელი.

რესურსები ინტერნეტში

აბიბოს ნეკრესელი

აბიბოს ნეკრესელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 12 (25) დეკემბერი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე.

აგარანი (ციხე)

აგარანი, კოჯრის ციხე — ციხესიმაგრე თბილისში, დაბა კოჯორში, ისტორიულ აგარანში, აზეულას მთის ქიმზე. იცავდა გამავალ საქარავნო გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა თბილისსა და სომხითს,

ანტონიო დი გოვეა

ანტონიო დი გოვეა (პორტ. Antonio di Govea) (დ. 1575 – გ. 1628) — პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, ესპანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი სეფიანთა ირანში.

1597 მისიონერად იყო გოაში (ინდოეთი), საიდანაც ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის დავალებით ორ მისიონერთან (ჟერომ დე ლა კრუა, კრისტოფ დუ სენტ-ესპრი) ერთად დიპლომატიური მისიით შაჰ აბას I-ის კარზე გაემგზავრა. 1611 წელს ლისაბონში გამოიცა გოვეას ნაშრომი, რომელშიც არის მრავალი ძვირფასი ცნობა ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ, კერძოდ, ირანის ჯარების პირველ ყულარაღასსა და ფარსის ბეგლარბეგ ალავერდი-ხან უნდილაძეზე, მის ორ ვაჟზე — დაუდ-ხანსა და იმამყული-ხანზე, აგრეთვე ქართლის მეფე სიმონ I-სა და მანუჩარ II ათაბაგზე, ქეთევან დედოფალზე, ქართველ დიპლომატ ქალზე — გულჩარაზე, კახთა მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი გამაჰმადიანებული ძის კონსტანტინეს შესახებ.

აჩაბეთის ციხე

აჩაბეთის ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩაბეთის (ზემო აჩაბეთის) ტერიტორიაზე. მდებარეობს პატარა მდინარე თირისწყლის მარჯვენა ნაპირას, მცირე შემაღლებაზე. იქვე, რამდენიმე ასეულ მეტრზე მიედინება მდინარე ლიახვი.

აწრისხევის ციხე

აწრისხევის ციხე – ციხესიმაგრე სამაჩაბლოში, სოფელ აწრისხევის მახლობლად, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.

ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

შანშე ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დატყვევა ნადირ-შაჰმა. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს ქსნის საერისთავოში შედიოდა.ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორცენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.

გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.

ბებრისციხე

ბებრისციხე (ნაცხერი, ნაციხვარი, ბელტისციხე) — ადრინდელი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი — 600 მ².

ბებრისციხეს 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი.

ბერი ხორნაბუჯელი

ბერი ხორნაბუჯელი — კამბეჩოვნის (ხორნაბუჯის) ერისთავი XIII საუკუნის 40-50-იან წლებში. საქართველოს მეფის დავით VII ულუს კარის ერთგული მოხელე. როდესაც მეფეს კახეთის მმართველი თორღვა პანკელი გადაუდგა, მასთან მესტუმრე ჯიქურის დავალებით გაიგზავნა ბერი ხორნაბუჯელი, რომელმაც თორღვას უვნებლობა ფიცი მისცა და სასახლეში მოიყვანა. დედოფალ ჯიგდა-ხათუნის ჩაგონებით ჯიქურმა დაარღვია ბერი ხორნაბუჯელის მიერ თორღვასათვის მიცემული ფიცი და მეფის დაუკითხავად თორღვა სიკვდილით დასაჯეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფიცის დარღვევით განრისხებულმა „ალავერდის მთავარმოწამემ“ შური იძია ბერი ხორნაბუჯელზე—"უმკვიდრო იქნა სახლი მისი"—მონღოლებმა მოუკლეს შვილი შალვა და დაეხოცა შვილიშვილები. ხორნაბუჯელთა (მახატლისძეთა) ფეოდალური სახლის გადაშენება დაკავშირებული იყო მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგებთან. ბერი ხორნაბუჯელი დარდისგან გარდაცვლილა.

განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა

განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა — ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი, რომლის ავტორად მოხსენიებულია არსენ კათალიკოსი.

დიმიტრი გურიელი

დიმიტრი გურიელი (დ. 1822, ოზურგეთი — გ. 17 აგვისტო, 1882) — გურიელების ფეოდალური გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1875).

1820 წელს გურიელის მამა, ქაიხოსრო ბატონიშვილი გაიქცა ოსმალეთში ცოლ-შვილთან ერთად. ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ოჯახი 1831 წელს მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი) დაიბრუნა. დიმიტრი გურიელი მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში; 1871 წლიდან იყო მეთაური; ამავე წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმსა და რუსეთ–ოსმალეთის ომებში. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.

1873 წელს ოზურგეთში ააშენა სასახლე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

ნიკო ვახანია

ნიკოლოზ ნიკოს ძე ვახანია (დ. 28 აგვისტო, 1930, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 23 ივლისი, 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი მათემატიკოსი და ალბათისტი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), აკადემიკოსი (2001); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის განყოფილების გამგე (1961-დან); ამავე ინსტიტუტის დირექტორი (1978-2006); ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2008 - 2013); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი (1970 - 73); თსუ შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგე (1964 - 2006); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი (2003 - 2006); საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების ჟურნალებისა და გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი; ენციკლოპედია "საქართველოს" მთავრი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე (1992-დან); გამოთვლითი მათემატიკის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის წევრი; საერთაშორისო ინოვაციის ფონდის წევრი; საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის წევრი; ნაციონალური გეოგრაფიის საზოგადოების წევრი.

ნიკო ვახანიას ძირითადი შრომები ეხება ალბათობის თეორიისა და ფუნქციური ანალიზის, აგრეთვე გამოთვლითი მათემატიკის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში" (1971, თბილისი, რუსულ ენაზე), "ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეებში" (მოსკოვი, 1985, რუსულ ენაზე. ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული ნაშრომი). ორივე მონოგრაფია თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა "ნორთ ჰოლანდისა" და "რეიდელის" გამომცემლობების მიერ (1981, 1987).

ჯილდოები: ნ. მუსხელიშვილისა (1992) და ა. რაზმაძის (2003) სახელობის პრემიები; ივანე ჯავახიშვილის ორი მედალი (1976, 2000); ღირსების ორდენი (2000).

საქართველო (მრავალმნიშვნელოვანი)

საქართველო შეიძლება აღნიშნავდეს:

საქართველო — ქვეყანა

საქართველო — ცთომილი

საქართველო — გაზეთი

საქართველო — ჟურნალი

საქართველო — გაზეთი

საქართველო — გაზეთ საქართველოს 1915-1921 დამატება

საქართველო — ენციკლოპედია

საქართველო — ტელეკომპანია

ცხინვალის რეგიონი

ცხინვალის რეგიონი (ოს. Цхинвалы регион) ან სამხრეთი ოსეთი (ოს. Хуссар Ирыстон, Хуссар Ир, რუს. Южная Осетия) — პირობითი სახელი რეგიონისა, რომელიც მოიცავს ყოფილი საქართველოს სსრ-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას (1922-1990). 1989 წელს დაწყებული ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმებულ იქნა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე. საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ყოფილი ავტონომიის ტერიტორია შედის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში; ისტორიული სამაჩაბლოს ტერიოტორიაა. საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ხოლო სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში — „ცხინვალის რეგიონი“, ან „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)“.

სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით — „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ოს. Демократон Советон Республикæ Хуссар Ирыстон), რამაც 1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები გამოიწვია. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელსაც 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მ. სააკაშვილმა.

საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის შუამავლობით დადებული 6 პუნქტიანი გეგმა და მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

ქართული ენციკლოპედიები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.