საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]. 2017 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
Logo of Ministry of Internal Affairs of Georgia

სამინისტროს გერბი
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918 წლის 26 მაისი
მინისტრი ვახტანგ გომელაური
უწყების ტიპი სამინისტრო
ზემდგომი უწყება საქართველოს მთავრობა
საიტი
www.police.ge

ისტორია

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებს განეკუთვნებოდა კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და ბოლშევიკური აგიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახაზინო ქონების მითვისების აღმოფხვრა და ა.შ.

1921 წლის 25 თებერვალს ქართველმა ბოლშევიკებმა რუსეთის დახმარებით საქართველოს მენშევიკური მთავრობა დაამხეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა.

1936 წლამდე საქართველოს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედიოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამმართველო ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 1 იანვრის №004 ბრძანებით საქართველოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო გარდაიქმნა სახალხო კომისარიატად.

1941 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გაერთიანდა.

1946 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სახელი შეეცვალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქვა.

1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სსრ სამინისტროების გარდაქმნის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდ გაერთიანდა.

1954 წლის 10 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ). 1962 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულებით კი - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რესპუბლიკურ სამინისტროდ გარდაიქმნა, რომელსაც 1968 წლის 19 ნოემბერს ძველი სახელწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუბრუნდა.

2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავ სფეროში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

2015 წლის 1 აგვისტოს რეფორმირების პროცესს შედეგად მოჰყვა საპოლიციო სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გამიჯვნა და დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ჩამოყალიბება.

პროექტები/რეფორმა

ქვეითი პატრული

2018 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში შეიქმნა საპატრულო პოლიციის ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი, რომელიც ტურისტულ ზონებში და იმ უბნებსა და ქუჩებში იმუშავებს, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული. ქვედანაყოფის შექმნის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ტურისტთა შემოსვლა გაიზარდა. ქვეითმა პატრულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. [3] [4] [5] [6]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

2018 წელს, 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც 2019 წლის 15 თებერვალს შეეცვალა სახელი და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი[7].

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.

დეპარტამენტის დირექტორი არის ნინო ცაციაშვილი.[8]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.[9]
დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ასევე, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მისი ფუნქციაა კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.[10]

112

112 Building in Tbilisi
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის შენობა თბილისში, საქართველო

2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“, რომელიც 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 112-ზე ერთი ზარის განხორციელებით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

სამინისტროს ძირითადი ფუნქციები:

  • დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი (საზღვაო საზღვრის ჩათვლით);
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვა;
  • არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია;
  • სალიცენზიო, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება;
  • საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება;
  • საგანგებო მდგომარეობისა და ომიანობის დროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
  • საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების იმპლემენტაცია;
  • სასამართლო-საექსპერტო საქმიანობა;
  • პოლიციელების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სწავლება და მათი პროფესიული განვითარება.

სტრუქტურა

სამინისტრო იყოფა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებად: დეპარტამენტები, სამმართველოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული დაწესებულებები. მათ შორის აღსანიშნავია: სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი და მინისტრის 5 მოადგილე.[11]

მინისტრის მოადგილეები

  • კახაბერ საბანაძე (პირველი მოადგილე)
  • ვლადიმერ ბორცვაძე
  • ნათია მეზვრიშვილი
  • ნინო ჯავახაძე
  • ლევან კაკავა [12][13]

ქვედანაყოფები:

  • სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
  • გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)
  • ეკონომიკური დეპარტამენტი
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
  • საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტი
  • საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
  • დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი
  • ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამეტი
  • მიგრაციის დეპარტამენტი
  • იურიდიული დეპარტამენტი
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი
  • ობიექტების დაცვის დეპარტამენტი
  • ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი)
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

ტერიტორიული ორგანოები:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი
  • ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი
  • მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტი
  • სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

სსიპ-ები:

საქვეუწყებო დაწესებულება:

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიცია [14]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეითავსა.

რეკვიზიტები

  • მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. №10
  • ტელეფონი: 112

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად რადიო თავისუფლება
  4. სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს ImediNews.ge
  5. დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული იმუშავებს - ტაბულა
  6. ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას
  7. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა
  8. შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
  9. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - Police.ge
  10. საქმიანობა - Police.ge
  11. მინისტრი და მოადგილეები - Police.ge
  12. მინისტრი და მოადგილეები - Police.ge
  13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა - Police.ge
  14. სამინისტროს სტრუქტურა - Police.ge
112 (საქართველო)

112 — საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, რომელიც 2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა. „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 112-ზე ერთი ზარის განხორციელებით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატორ-დისპეტჩერები, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. 112-ის ოპერატორები წარმოადგენენ ერთადერთ დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ ადამიანებსა და საგანგებო სამსახურებს შორის.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი — შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა. დეპარტამენტს 2019 წლის 15 თებერვლამდე ერქვა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.. 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.

გიორგი გახარია

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრმადე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

დაცვის პოლიცია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და ახორციელებს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების და პირად დაცვას კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებისაგან. დაცვის პოლიცია არის მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაცვის სამსახური. დაცვის პოლიციის მთავარი მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი საქმიანობისათვის.

2008 წელს დაცვის პოლიციაში დაინერგა ახალი MESH ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დაცვის რადიოსისტემა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.დაცვის პოლიციის მიერ საპოლიციო ძალით დაცვა ხორციელდება, როგორც დღის განმავლობაში, ანუ სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმით.დაცვის პოლიცია ახორციელებს დაცვა-გაცილება, ინკასაციას -

საბანკო სახსრების, ძვირფასი მეტალებისა და ფასეულობათა დაცვა-გაცილებას.

ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია (დ. 1 დეკემბერი, 1984) — 2019 წლის 11 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია და 3 ივლისიდან ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას. 2019 წლის 11 ივნისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

მომსახურების სააგენტო

მომსახურების სააგენტო — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

პოლიცია (თამაში)

პოლიცია — პირველი ქართული კომპიუტერული თამაში, რომელიც წარდგენილი იქნა 2011 წლის თებერვალში. თამაში უფასოდ განთავსდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

საქართველოს სამინისტროები

საქართველოს სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. იგი ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მას აქვს სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

საქართველოს სანაპირო დაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ნაწილი.

შეიქმნა 2008 წლის ბოლოს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების და სასაზღრო პოლიციის სანაპირო დაცვის შერწყმის გზით, როგორც მრავალფუნქციური საზღვაო სამსახური. საქართველოს სანაპირო დაცვა დამოუკიდებლად ან სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს საზღვაო თავდაცვით, სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და საზღვაო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ხოლო ომის შემთხვევაში ახორციელებს სამხედრო ფლოტის ფუნქციებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი — მიღებულ იქნა 2009 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი

დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო და კერძო სექტორისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.