საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობასაქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე[1][2]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.[3][4]. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა[5][6].

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.[7]

მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.[8]

საქართველო
Greater coat of arms of Georgia
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკურიმოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : არჩილ თალაკვაძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა

ისტორია

პირველი რესპუბლიკა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, პირველად შეიქმნა 1918 წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის შემქნის შემდეგ. მაშინ საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — ნოე რამიშვილი იყო მთავრობის თავმჯდომარე. 24 ივლისს რამიშვილი პოსტზე ნოე ჟორდანიამ შეცვალა.

1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, მეხუთე თავი ეძღვნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის შესავალში ეწერა: „უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას“ (თავი მეხუთე. მუხლი 66.). კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევდა ერთი წლის ვადით და ერთიდაიგივე პირი შეზღუდული იყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევით. მთავრობის დანარჩენ წევრებს, რომელთაც კონსტიტუციაში მინისტრები ეწოდებოდათ, იწვევდა თავმჯდომარე, პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებისგან. მთავრობის წევრებისთვის აკრძალული იყო სხვა თანამდებობების დაკავება, გარდა პარლამენტის წევრობისა და ადგილობრივი თვიმმართველბის ხმოსნობისა (თავი მეხუთე. მუხლი 67. და 68.). თავმჯდომარეს მინიჭებული ქონდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიარაღებული ძალების გამოყენებისა (თავი მეხუთე. მუხლი 70). კონსტიტუციის 72-ე მუხლში გაწერილი იყო მთავრობის საერთო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, კონსტიტუციის და კანონების აღსრულების უზრუნველყოფა. მინისტრებს გააჩნდათ ინიდივიუალური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, მათთვის მინდობილ უწყებებზე და ნდობის დაკარგვა იწვევდა მათ გადადგომას (თავი მეხუთე. მუხლი 72. და 73.), ხოლო კონსტიტუციის დარვევა იწვევდა მათ პასუხისმგებლობას სასამართლოს წინაშე (თავი მეხუთე. მუხლი 75.)

საბჭოთა პერიოდი

საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაიგდო საქართველოს რევკომმა და გააუქმა ხესუფლების ყველა მოქმედი ორგანო, მათ შორის მთავრობა. ამის შემდგომ იწყება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საბჭოური მიდგომები. ყველა შემდგომი პერიოდის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, თუმცა ის არ იყო კლასიკური გაგებით მთავრობა და მისი უფლებამოსილებაც შეზღუდული იყო. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობდა კომუნისტური პარტია, პროლეტარიატის დიქტატურის სახელით.

1922 წლის 2 მარტს ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო საქართველოს რიგით პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც შეიქმნა მმართველობის უმაღლეს ორგანო – საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო (შემოკლებით სახკომსაბჭო), რომელსაც საქართველოს საბჭოების ყრილობის ცენტრალური კომიტეტი ქმნიდა. 1927 წლის კონსტიტუციამ უცვლელად დატოვა ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა. 1937 წელს მიღებულ იქნა რიგით მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ასფუძველსაც 1936 წლის სსრკ კონსტიტუცია წარმოადგენდა და რომელმაც სახალხო კომისართა საბჭო არსებითად უცვლელად დატოვა, როგორც უმაღლესი აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანო. სახკომსაბჭო ანგარიშვალდებული გახდა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა. უკვე 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში სახკომსაბჭო მინისტრთა საბჭომ ჩაანაცვლა, როგორც „რესპუბლიკის მთავრობამ“, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება მას არ განუცდია.[9]

გარდამავალი პერიოდი

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შეიტანა, რითაც მთლიანად შეიცვალა სახელმწიფო წყობილების ფორმა და ამ პირობების გათვალისწინებით – სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა, თუმცა უცვლელი დარჩა მინისტრთა საბჭო, რომელიც კვლავ იწოდებოდა „რესპუბლიკის მთავრობად“.[10]

1991 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 1992 წლის 2 იანვარს არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც იმავე წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. შედეგად შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც ფორმალურად გამოცხადებულ იქნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაზე დაბრუნება, თუმცა სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებდა არაკონსტიტუციური ორგანო. აგრეთვე გაურკვეველი რჩებოდა სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის მთავრობის სამართლებრივი მდგომარეობა.[11]

მეორე კონსტიტუციის პერიოდი

1995 წელს მიღებულ დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მეორე კონსტიტუციაში მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განცალკევებული და დამოუკიდებელი ორგანო, არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წევრების – მინისტრების მეშვეობით.[12] 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმნა მთავრობა გამოეყო პრეზიდენტის ინსტიტუტს და გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდის კონსტიტუციური მოდელით, მთავრობა პასუხისმგებელი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.

პირველი პრემიერ-მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ახალი მთავრობის მეთაური. „ნოღაიდელის მთავრობა“ მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის შემადგენლობის მორიგი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა ნიკა გილაურმა. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ივანე მერაბიშვილი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ოქტომბერს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული[13].

უფლებამოსლება და სტრუქტურა

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.[14] მთავრობის უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.[15]. სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.[16] კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.[17] გამომდინარე აქედან, მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბოს იმგვარი სტრუქტურა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს სამთავრობო პროგრამის განხორციელების მიზნებს და ამოცანებს.

მთავრობის შემადგენლობას აყალიბებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთლიან შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას უცხადებს პარლამენტი. კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ძველი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.[18]

შემადგენლობა

სამინისტრო ოფიციალური საიტი ფოტო მინისტრი თარიღი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე
ოფიციალური საიტი Giorgi Gakharia გიორგი გახარია 8 სექტემბერი, 2019
იუსტიციის მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერი
www.justice.gov.ge Tea Tsulukiani (4) თეა წულუკიანი 25 ოქტომბერი, 2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერი
www.mrdi.gov.ge მაია ცქიტიშვილი 30 მარტი, 2018
შინაგან საქმეთა მინისტრი www.police.ge ვახტანგ გომელაური 8 სექტემბერი, 2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი www.economy.ge ნათელა თურნავა 18 აპრილი, 2019
საგარეო საქმეთა მინისტრი www.mfa.gov.ge David Zalkaliani დავით ზალკალიანი 20 ივნისი, 2018
ფინანსთა მინისტრი ww.mof.ge ივანე მაჭავარიანი 12 ივლისი, 2018
თავდაცვის მინისტრი www.mod.gov.ge Irakli Garibashvili 2013. 2 ირაკლი ღარიბაშვილი 8 სექტემბერი, 2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი www.mes.gov.ge Mikheil Batiashvili in 2019 მიხეილ ბატიაშვილი 15 ივლისი, 2018
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი www.moe.gov.ge Levan Davitashvili ლევან დავითაშვილი 15 დეკემბერი, 2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი www.moh.gov.ge ეკატერინე ტიკარაძე 18 ივნისი, 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი www.smr.gov.ge Qetevan Cikhelashvili in 2018 ქეთევან ციხელაშვილი 1 აგვისტო, 2016

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი პირველი და მეორე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018
  2. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018.
  3. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეხუთე და მუხლი 55, ნაწილი პირველი. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  4. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  5. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეექვსეწაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  6. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. პუნქტი 2.წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  7. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 6. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  8. საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 56 და 57. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  9. რუხაძე, ზ.: საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018
  10. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018
  11. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  12. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლები 77, 78, 79, 80 და 81. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018
  13. პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
  14. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 3. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2019
  15. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 4. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  16. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 14. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  17. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018
  18. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 56. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2019
არქიტექტორი

არქიტექტორი, ხუროთმოძღვარი — არქიტექტურული განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე. არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა არის არქიტექტურული საქმიანობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა. არქიტექტურული საქმიანობის შედეგი არის არქიტექტურული ნაწარმოები, როგორც პროექტის, ისე განხორციელებული ობიექტის სახით.

არქიტექტორი სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტია და მისი ძირითადი სპეციალიზაციებია: შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; ლანდშაფტის არქიტექტორი; შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი.ეტიმოლოგიურად, სიტყვა არქიტექტორი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან - architectus, რომელიც თავად ბერძნული სიტყვისაგანაა მიღებული — arkhitekton (arkhi - მთავარი, tekton - მშენებელი), ამ კლასიფიკაციას მთლიანად შეესაბამება ქართული ტრადიციული ტერმინიც - ხუროთმოძღვარი (ხუროების, ანუ მშენებლების, მოძღვარი, ზედამხედველი).

აფხაზეთის ტურიზმი

ტურიზმი აფხაზეთში ტექნიკურად არალეგალურია, რასაც განსაზღვარავს საქართველოს კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობა სადავო ტერიტორიაზე უცხოელებს შესვლას უკრძალავს. თუმცა, აფხაზეთის პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე დღემდე იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც ხიბლავთ ტრანსპორტირებისა და ბინადრობის დაბალი ფასები, აგრეთვე აფხაზეთის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის საბჭოთა მემკვიდრეობა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

დიაპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის 24 იანვარს, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრი იყო. ანგარიშვალდებული იყო მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. მისი მიზანი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.

2016 წელს აპარატი გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციების შესრულება საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი

თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი — თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სპორტული სტადიონი გორში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის გორის „დილას“ საშინაო არენა. სტადიონი ძველი სტანდარტით 8,300 მაყურებელს იტევდა, თუმცა სტადიონის რეკონსტრუქციის და ინდივიდუალური სკამების მონტაჟის შემდეგ ტევადობა დაახლოებით 5,000 მაყურებლამდე შემცირდა, მაგრამ სტადიონზე მისვლა და გულშემატკივრობა გაცილებით კომფორტული გახდა.

მურთაზ ხურცილავას სტადიონი

მურთაზ ხურცილავას სტადიონი — სპორტული სტადიონი საქართველოს ქალაქ მარტვილში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის მარტვილის „მერანის“ საშინაო მოედანი. იტევს 3,000 მაყურებელს.

რამაზ ნიკოლაიშვილი

რამაზ ნიკოლაიშვილი (დ. 17 ივნისი, 1965, თბილისი, საქართველო ) — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2010-2012 წლებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ნათია თურნავა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო — საქართველოს ყოფილი სამინისტრო 2004-2017 წწ. 2017 წლის 15 დეკემბერს ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას №187 ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალუტ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ეროვნული გვარდია დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.

1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილება — საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილების მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტით.

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი — საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 6 წლის ვადით. საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოიღეს 1991 წელს და დღემდე ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თანამდებობას იკავებს 2018 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს..

საქართველოს რევოლუციური კომიტეტი

საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (საქართველოს რევკომი) — საბჭოთა ხელისუფლების საგანგებო ორგანო, რომელიც შეიქმნა საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობით. გამოცხადდა წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ შულავერში, რის გამოც არაოფიციალურად „შულავერის მთავრობასაც“ უწოდებდნენ.

საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რევკომი ასრულებდა ხელისუფლების საგანგებო ორგანოს როლს, რომელსაც ოფიციოზი განმარტავდა, როგორც „პროლეტარიატის დიქტატურის გარდამავალი ხასიათის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ფორმის ფუნქციას“. მისი მოვალეობა იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა, საბჭოების არჩევნებამდე „რევოლუციური წესრიგის“ უზრუნველყოფა და „პირველი რევოლუციური გარდაქმნების“ განხორციელება.

საქართველოს რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, გიორგი ელისაბედაშვილი, საშა გეგეჭკორი, ამაიაკ ნაზარეტიანი და ბესარიონ კვირკველია.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს რევოლუციური კომიტეტმა ხელში აიღო ძალაუფლება თბილისში და შეუდგა ბოლშევიკური ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების შექმნას. 8 მარტის სხდომაზე აირჩიეს მისი პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით. პრეზიდიუმმა პრინციპილად მოიწონა საგუბერნიო, სამაზრო, საქალაქო, სათემო და სასოფლო რევკომების სისტემა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევაკუირებულ ადგილებზე ქმნიდნენ ბოლშევიკები და პარტიული ორგანოები დანიშვნის წესით. საქართველოს რევოლუციური კომიტეტმა გაუქმებული სამინისტროების ნაცვლად შექმნა სახელმწიფო მმართველობის ახალი ორგანოები — სახალხო კომისარიატები და სახალხო კომისართა საბჭო. 11 მარტს საქართველოს არმია და სახალხო გვარდია დაშლილად გამოაცხადა და წითელი არმიის ქართული ნაწილების შექმნას შეუდგა. 24 მარტს დაითხოვა საქართველოს დამფუძნებელი კრება, 22 მარტის დეკრეტით საფუძველი ჩაუყარა სასამართლოს გარდაქმნას; შექმნა მილიცია და საგანგებო კომისია ანტი-საბჭოთა მოძრაობასთან საბრძოლველად. სახალხო მეურნეობის მართვისთვის შექმნა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო, დაიწყო რესპუბლიკაში ეროვნული უმცირესობათა სახელმწიფოებრივი მოწყობა ავტონომიის ფორმით.

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 79 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 67 თვითმმართველი თემი.

მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

საქართველოს ტერიტორიულმა მოწყობამ კონსტიტუციის თანახმად, საბოლოო სახე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა მიიღოს.

სახელმწიფო მინისტრი

სახელმწიფო მინისტრი (ფრანგ. Ministre d'État), უპორტფელო მინისტრი — მთავრობის წევრი, ცალკეულ დროებით საკითხთა მოსაგვარებლად დანიშნული პირი მთავრობის შემადგენლობაში.

ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1970) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

ქართული ოცნება

კოალიცია ქართული ოცნება — პოლიტიკური კოალიცია საქართველოში, რომელიც არსებობდა 2011-2016 წლებში. სხვადასხვა პერიოდში კოალიციაში შედიოდა შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და თავისუფალი დემოკრატები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი — 2014 წლის პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განიცადა რეორგანიზაცია და დაერქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

წაბლანა (ხულოს მუნიციპალიტეტი)

წაბლანა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში.. ხულოდან დაშორებულია 20 კმ-ით. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა.

1989 წლის 19 აპრილს სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საქართველოს მთავრობის წევრები
პრემიერ-მინისტრი
მინისტრები
სახელმწიფო მინისტრი

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.