მაიორდომი

მაიორდომი (გვიანდელი ლათ. major domus — სახლის უფროსი) — უმაღლესი თანამდებობის პირი მეროვინგების (V საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის შუა წლები) ფრანკთა სახელმწიფოში. თავდაპირველად მაიორდომს მეფე ნიშნავდა, იგი სათავეში ედგა სასახლის მმართველობას. ფეოდალიზაციის პროცესში სამეფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად მაიორდომის ფუნქციები გაფართოვდა. VII საუკუნეში მაიორდომმა — ქვეყნის უმსხვილესმა მიწათმფლობელებმა — ფაქტობრივად ხელთ იგდეს სახელმწიფო ძალაუფლება. განსაკუთრებით აღზევდნენ მაიორდომები პიპინიდების საგვარეულოდან. ერთმა მათგანმა, პიპინ მოკლემ, 731 ხელთ იგდო სამეფო ტახტი და საფუძველი ჩაუყარა კაროლინგების დინასტიას.

ლიტერატურა

741

741 (შვიდას ორმოცდაერთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის VIII საუკუნის მე-5 დეკადის 1-ლი წელი.

კარლოს მარტელი

კარლოს მარტელი (დ. 686 ან 688 — გ. 22 ოქტომბერი, 741) — ფრანკთა სამეფოს მაიორდომი 717–741 წლებში. ისტორიაში შევიდა როგორც ევროპის მხსნელი არაბებისაგან პუატიეს ბრძოლაში. კარლოსი იყო პიპინ ჰერისტალიელის შვილი უკანონო ცოლის ალპაიდასაგან. იმპერატორი კარლოს დიდი იყო მისი შვილიშვილი.

პიპინ მოკლე

პიპინ მოკლე (ფრანგ. Pépin le Bref; დ. 714 — გ. 24 სექტემბერი, 768, სენ-დენი) — ფრანკთა მეფე 751–768 წლებში, კაროლინგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მაიორდომი 741-751 წლებში. დაამხო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე და რომის პაპის სანქციით თავი მეფედ აარჩევინა. თავისი მამის – კარლოს მარტელის – მიბაძვით სამხედრო სამსახურისათვის არიგებდა ბენეფიციუმებს. დაიმორჩილა აკვიტანია, არაბების წინააღმდეგ ლაშქრობისას დაიპყრო სეპტიმანია. 754 და 756 წლებში ილაშქრა იტალიაში, ლანგობარდებისათვის წართმეული მიწების ნაწილი გადასცა რომის პაპს, რითაც საფუძველი ჩაუყარა პაპის ოლქს. მისი ვაჟი იყო იმპერატორი კარლოს დიდი.

საფრანგეთის ისტორია

საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ქვეყანაში პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ადამიანის განვითარების ადრეულ სტადიაში ჩნდება და ძვ.წ 40 000 წლით თარიღდება. აღმოჩენილია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი. საფრანგეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის ინტენსიური დასახლება დაიწყო ზემო პალეოლითის დროიდან.

საფრანგეთის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო რკინის ხანიდან, ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლზე დაარსდა ბერძნული კოლონიები. ბერძენი და რომაელი მწერლები აღნიშნავდნენ რომ ქვეყანა შედგებოდა სამი ეთნიკური ჯგუფისაგან: გალებისგან, აკვიტანიელებისგან და ბელგიებისგან. ამ სამი ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იყო გალების ერთობა, ისინი თავიანთ გალურ ენაზე საუბრობდნენ. უკვე ძველი წელთაღრიცხვის მიწურულისთვის ამ მიდამოებში რომაელთა და კართაგენელთა კოლონიები ჩნდება. რომის რესპუბლიკამ დაიპყრო სამხრეთ გალია და შეიქმნა ნარბონის გალიის რომაული პროვინცია. ძვ.წ. II საუკუნეში იულიუს კეისარმა შეძლო გალიის სრულად დაპყრობა, აქ ძვ.წ 58–51 წლებში იმართებოდა გალური ომები. ამის შემდგომ აღმოცენდა გალურ-რომაული კულტურა და რეგიონი ინტეგრირდა რომის იმპერიაში.

რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, გალია განიცდიდა ბარბაროსთა თავდასხმებს, მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე გერმანელი ფრანკები მიგრირდნენ. ფრანკთა მეფის ხლოდვიგ I-ის მმართველობის დროს V საუკუნის გვიან პერიოდში ფრანკთა სახელმწიფო დომინიონი გახდა მთელს რეგიონში. ამ სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია კარლოს დიდის დროს. ფრანკების სახელმწიფო უკვე იმპერია გახდა, სამეფოს კაროლინგების დინასტია მართავდა, 843 წელს კი ფრანკთა იმპერია დაიშალა. საფრანგეთის სათავეში კაპეტინგების დინასტია მოექცა. პირველი კაპეტინგი მმართველი იყო ჰუგო კაპეტი, ის მეფე 987 წელს გახდა. კაპეტინგები ვალუას დინასტიამ შეცვალა, 1337 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ასწლიანი ომი, ომი დასრულდა 1453 წელს. ამის შემდეგ საფრანგეთში თანდათანობით ყალიბდება აბსოლუტური მონარქია. მომდევნო საუკუნეებში საფრანგეთი გავრცელდა რეფორმაცია, ევროპის მსგავსად აქაც მიმდინარეობდა რელიგიური ომები. გვიან, XVIII საუკუნეში საფრანგეთში მოხდა რევოლუცია. ქვეყანაში დაემხო მონარქია, ამ მოვლენამ სამუდამოდ შეცვალა საფრანგეთის მომავალი. იგი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანა გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტიმ ქვეყანა ერთ-ერთ უძლიერეს იმპერიად აქცია. ნაპოლეონის დამარცხება გამოიწვია მისმა ომებმა, ქვეყანაში მოხდა მონარქიის რესტავრაცია, 1852 წელს საფრანგეთში კვლავ შეიქმნა იმპერია, 1870 წელს კი ქვეყანა მესამედ რესპუბლიკური სახელმწიფო გახდა.

საფრანგეთი წარმოადგენდა ანტანტის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს, სწორედ მან დიდი ბრიტანეთთან და რუსეთთან ერთად შეძლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვება. საფრანგეთი აგრეთვე იყო მოკავშირე სახელმწიფო, მეორე მსოფლიო ომში, თუმცა ამის მიუხედავად ნაცისტურმა გერმანიამ შეძლო ორ თვეში ქვეყნის დაპყრობა. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა დაიშალა, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი უშუალოდ შეუერთდა გერმანიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო სამხრეთში შეიქმნა ვიშის რეჟიმი. ომის დასასრულს ქვეყანა გათავისუფლდა, საფრანგეთში შეიქმნა მეოთხე რესპუბლიკა, 1958 წელს კი მეხუთე რესპუბლიკა. ომის შემდგომ დაიშალა საფრანგეთის კოლონიური იმპერია, სახელმწიფოთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო ტერიტორიათა გარკვეული ნაწილი კვლავ დარჩა საფრანგეთის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა გაწევრიანდა გაეროში, ევროკავშირსა და ნატოში.

ხილდერიკ III

ხილდერიკ III (ფრანგ. Childéric; დ. 714— გ. 755) — ფრანკთა მეფე 743–751 წლებში. ხილპერიკ II-ის ძე, მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ხილდებერტი ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ძლიერი ბრძოლაში” ან „ძლიერი მეომარი”.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.