კაზაკები

კაზაკები (რუს. Козачество; უკრ. Козаки; პოლ. Kozacy) — ასე ეწოდებოდათ გაქცეულ გლეხებს რუსეთსა და უკრაინაში, რომლებიც სახლდებოდნენ განაპირა აუთვისებელ მიწებზე და გასამხედროებულ თავისუფალ თემებს ქმნიდნენ. რუსეთის სახელმწიფომ კაზაკთა თემები თანდათანობით დაიმორჩილა და თავის სამსახურში ჩააყენა. კაზაკთა ლაშქარს მეფის მთავრობა იყენებდა როგორც საგარეო ომებში, ისე ქვეყნის შიგნით, სახალხო გამოსვლების ჩასახშობად.

Repin Cossacks
ილია რეპინის სურათი „კაზაკები უწერენ წერილს თურქეთის სულთანს“

ეტიმოლოგია

კაზაკი თურქული წარმოშობის სიტყვაა (qazaq) და თავდაპირველად, ისევე როგორც რუსულში, თავისუფალ, უბატონო კაცს, თავზეხელაღებულს აღნიშნავდა.[1]

თანამედროვეობა

ბოლო დროს შეინიშნება კაზაკთა ეროვნული იდენტობის ამაღლება რუსეთის ფედერაციაში. 2010 წლის 14 ოქტომბირს რუსეთის მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით ინტერნეტ საიტზე YouTube გავრცელდა პროპაგანდისტული ვიდეო რგოლი,[2] რომლითაც კაზაკები მოითხოვენ, რომ აღწერის ეროვნებათა გრაფაში შეტანილი იყოს – სიტყვა „კაზაკი“.

ამ დროისთვის კაზაკთა რიცხვი 7 მილიონს აღწევს.[3]

სქოლიო

  1. სამოქალაქო ენციკლოპედიური ლექსიკონი: კაზაკი
  2. პროპაგანდისტული ვიდეო რგოლი YouTube-ზე
  3. (რუსული) Russian nations
GSC Game World

GSC Game World — უკრაინული კომპიუტერული თამაშების შემქმნელი კომპანია.

კომპანია დაარსებულ იქნა 1995 წელს კიევში. სახელწოდება წარმოადგენს გენერალური დირექტორის ინიციალებს: გრეგორევიჩ სერგეი კონსტანტინოვიჩ (Gregorevych Sergei Constantinovich). ფირმა თავიდან მულტიმედია-ენცოკლოპედიების შექმნით იყო დაკავებული და ამ სფეროში სახელი გაითქვა კიდეც ურკაინა-რუსეთში. 1997 წელს "ჯი-ეს-სიმ" შექმნა თავისი პირველი არაკომერციული კომპიუტერული თამაში "ვორკრაფტ 2000" (Warcraft2000). ფირმის პირველი კომერციული პროექტი იყო სტრატეგიული თამაში "კაზაკები"

გორი

გორი — ქალაქი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, ასევე შიდა ქართლის მხარისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ძირითად სატრანსპორტო გზების გზასაყარზე, თბილისიდან 76-ე კმ-ზე (რკინიგზით).

ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

დონის როსტოვი

დონის როსტოვი (რუს. Росто́в-на-Дону) — ქალაქი სამხრეთ რუსეთში. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდინარე დონის ნაპირებზე, დასახლებული პუნქტიდან 46 კილომეტრში მდებარეობს აზოვის ზღვა.

ემელიან პუგაჩოვი

ემელიან ივანეს ძე პუგაჩოვი (რუს. Емельян Иванович Пугачёв; დ. დაახლოებით 1742, სტანიცა დონის ზომოვეისკაია — გ. 19 იანვარი/21 იანვარი, 1775, მოსკოვი) — 1773–1775 წლებში გლეხთა ომის წინამძღოლი რუსეთში. წარმოშობით კაზაკი იყო. 1756-1763 წლებში მონაწილეობდა შვიდწლიან ომში, ხოლო 1768-1770 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1771 წელს თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და 1773 წლის იანვრიდან კატორღა მიუსაჯეს. მაისში გაიქცა ყაზანის ციხიდან და ჩავიდა იაიკის კაზეკებთან. მათთან მოლაპარაკების შემდეგ დაირქვა გარდაცვლილი იმპერატორ პეტრე III-ის სახელი და კაზაკებს აჯანყებისაკენ მოუწოდა. მისი მიზანი ტიპური გამოხატვა იყო ხალხის საერთო განწყობისა — შეექმნათ კაზაკურ-გლეხური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამართლიანი „გლეხთა მეფე“.

გლეხთა ომის დროს გამომჟავნდა პუგაჩოვის არაჩვეულებრივი ენერგია, სიმამაცე, გამჭრიახობა, ორგანიზატორული და სამხედრო ნიჭი. 1774 წლის 8 სექტემბერს პუგაჩოვი შეთქმულებმა შეიპყრეს და ხელისუფლებას გადასცეს. ძიება მიმდინარეობდა იაიცკი-გოროდოკში (ახლანდელი ურალსკი), სიმბირსკა (ახლანდელი ულიანოვსკი) და მოსკოვში. სასამართლო შედგა 1774 წლის 29-31 დეკემბერს მოსკოვში. სენატის განაჩენით, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ეკატერინე II-მ, პუგაჩოვი და მისი 4 თანამებრძოლი 1775 წლის 10 იანვარს სიკვდილით დასაჯეს მოსკოვში. პუგაჩოვის ოჯახი — მეუღლე სოფიო, შვილები ტროფიმი, აგრაფენა და ხრისტინა, მეორე ცოლი — „იმპერატრიცა“ უსტინია კუზნეცოვა კექსჰოლმში (ახლანდელი პრიოზერსკი) გადაასახლეს.

კავკასია

კავკასია (აზერ. Qafqaz; სომხ. Կովկաս; რუს. Кавказ) (სახელწოდება პირველად მოხსენიებულია დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“) — ვრცელი ბუნებრივი რეგიონი შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

კაზაკები (ძეგლი)

კაზაკები (რუს. Казаки) — მონუმენტალური კომპოზიცია ქალაქ ვოლგოდონსკის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. დგას ვოლგა-დონის არხის № 15 შესასვლელთან. მონუმენტი შეიქმნა 1953 წელს არქიტექტორ ლეონიდ პოლიაკოვისა და მოქანდაკე გიორგი მოტოვილოვის პროექტის მიხედვით. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 30 აგვისტოს № 1327 დადგენილების შესაბამისად ძეგლი შეიტანეს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების სიაში. სკულპტურული ქანდაკება „კაზაკები“ წარმოადგენს ვოლგოდონსკში და ვოლგოდონსკის რაიონში ერთადერთ ძეგლს, რომელსაც აქვსრუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ქანდაკება სიმბოლურად გამოხატავს ყუბანის კაზაკთა კავალერიის კორპუსის გმირობას დიდი სამამულო ომის პერიოდში და ზოგადად დონელი კაზაკების საბრძოლო დიდებას.

კრასნოდარის მხარე

კრასნოდარის მხარე (რუს. Краснодарский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — კრასნოდარი. დაარსდა 1937 წლის 13 სექტემბერს.

ლივონიის ომი

ლივონიის ომი 1558-1583 წწ; მოსკოვის სახელმწიფოს ომი ლივონიის დასაპყრობად და ბალტიის ზღვაზე გასასვლელად.

ნასაკირალის ბრძოლა

ნასაკირალის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა რუსეთის რევოლუციის დროს, 1905 წლის 2 ნოემბერს. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გურიის გლეხებისა და რევოლუციური კომიტეტის მიერ ორგანიზებული ე. წ. წითელი რაზმი და ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციის კაზაკები და მილიცია. ბრძოლა გაიმართა ნასაკირალის უღელტეხილზე და აქედან მიიღო სახელწოდება. ბრძოლა წარმოადგენდა გურიაში რევოლუციის კულმინაციურ მომენტს და მასში გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა გურიის რესპუბლიკა.

ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარი

ნოვოჩერკასკის ამაღლების ტაძარი (რუს. Вознесенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი ნოვოჩერკასკში. როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მეორე საკათედრო ტაძარი და დონის კაზაკების უმთავრესი სალოცავი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის საკათედრო ტაძარი 2014 წლიდან.

ტაძარში დაკრძალულნი არიან დონელი კაზაკები: მატვეი პლატოვი, ვასილი ორლოვ-დენისოვი, ივან ეფრემოვი და იაკობ ბაკლანოვი.

როსტოვის ოლქი

როსტოვის ოლქი — ოლქი რუსეთში, შედის სამხრეთის ფედერალურ მხარის შემადგენლობაში. მსხვილი სამრეწველო, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი, მსხვილი სატრანსპორტო კვანძი. ადმინისტრაციული ცენტრი - დონის როსტოვი.

სტავროპოლის მხარე

სტავროპოლის მხარე (რუს. Ставропольский край) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — სტავროპოლი. დაარსდა 1924 წლის 13 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის სახელწოდებით, ამავე წლის 16 ოქტომბერს მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის მხარის სახელწოდება. 1937 წლიდან ორჯონიკიძის მხარეა, ხოლო დღევანდელ სახელს ატარებს 1943 წლიდან.

ტარას ბულბა

„ტარას ბულბა“ (რუს. „Тарас Бульба“) — ნიკოლოზ გოგოლის რომანი, რომელიც შედის ციკლში „მირგოროდი“. „მირგოროდის“ შემადგენლობაში გამოცემულია 1835 წელს, ხოლო 1842 წელს გამოვიდა მეორე, გოგოლის მიერ ახლადგანახლებული ვერსია, რომელიც დღემდე იბეჭდება გამოცემებში. წიგნის სიუჟეტის უმთავრესი გმირები ზაპოროჟიეს კაზაკები არიან. მოქმედება XVII საუკუნეში იქვე ზაპოროჟიესთან ახლოს მიმდინარეობს, მამა ტარას ბულბა თავის ვაჟებთან ერთად ომში მიდის რათა როგორც ყველა ნამდვილი კაზაკი დაიცვას თავისი მიწა მტრებისაგან.

უკრაინელები

უკრაინელები — ხალხი, უკრაინის ძირითადი მოსახლენი (37,42 მლნ). რუსეთის ფედერაციაში 4362,8 ათ., ყაზახეთში 896,2 ათ., მოლდოვაში 600,3 ათ., ბელარუსში 291 ათ., უზბეკეთში 153,2 ათ., ყირგიზეთში 108 ათ., ლატვიაში 92,1 ათ.; კანადაში 530 ათ., აშშ-ში 500 ათ., პოლონეთში 300 ათ., არგენტინაში 100 ათ.. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის შუაევროპულ შტოს. იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად - ლიტვინები, პოლეშჩუკები, გუცულები, ბოიკები, ლემკები.

სახელები: რუსულად - украинцы; ფრანგულად - Ukrainiens.

საერთო რაოდენობა: 46 მლნ.

ენა: უკრაინული, ფართოდაა გავრცელებული რუსული.

მორწმუნეები: მართლმადიდებლები, ნაწილი - უნიატები.

ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა

ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა (ალბ. Mehmed Pashë Kypriljoti, ოსმ. كپريلی محمد پاشا, თურქ. Köprülü Mehmed Paşa; დ. 1575, როშნიკი, ალბანეთი — გ. 31 ოქტომბერი, 1661, ედირნე, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1656-1661 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში.

დაიბადა 1575 წელს, ალბანეთში, როშნიკში. იგი იყო გვარად ქოფრიულიუ . სწორედ მისი მმართველობიდან იწყება ქოფრიულიუების ეპოქა ოსმალეთის იმპერიაში, ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი, ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშა იყო მისი ძმისშვილი, ხოლო ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა და ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა იყვნენ მისი შვილები.

მოხვდა ოსმალეთის სამეფო კარზე. იყო ბრწყინვალე დიპლომატი და მხედართმთავარი. სულთან მეჰმედმა ის სხვადასხვა ტიტულებით დააჯილდოვა. იყო რამდენიმე სანჯაყის ბეგლარბეგი, შემდეგ გამოიძახეს დედაქალაქში და დანიშნეს ვეზირად, ხოლო 1656 წლის 15 სექტემბერს გახდა იმპერიის დიდი ვეზირი ბოინუიარალი მეჰმედ-ფაშას ნაცვლად.

დიდ ვეზირად გახდომამდე, მან დააარსა ქალაქი ქოფრიულიუ (დღეს ველესის სახელითაა ცნობილი), რომელშიც მომავალი დიდი ვეზირი, აჰმედი დაიბადა.

მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 80 წლის იყო, მაინც ბრწყინვალედ განაგებდა ოსმალეთს. როგორც კი დიდი ვეზირი გახდა, მოითხოვა, რომ არც ერთი გადაწყვეტილება მისი თანხმობის გარეშე არ მიღებულიყო, მათ შორის სულთნისაც კი. მეჰმედს უდიდესი წვლილი მიუძღვის ოსმალეთში კორუფციის აღმოფხვრაში, არმიის რეორგანიზაციასა და იმპერიის საზღვრების გაფართოვებაში. მის დროს ოსმალეთის არმიამ დაამარცხა კაზაკები, უნგრელები და ყველაზე სასტიკად ვენეციელები.

მეჰმედმა დიდი ვეზირის თანამდებოდა სიკვდილამდე შეინარჩუნა. ის გარდაიცვალა 1661 წლის 31 ოქტომბერს, ედირნეში. მისი გარდაცვალების შემდეგ, დიდი ვეზირი მისი უფროსი შვილი, ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა გახდა.

ჩოლოქის ბრძოლა

ჩოლოქის ბრძოლა 1854 — რუს-ქართველთა ჯარის ბრძოლა მდინარე ჩოლოქთან თურქების ლაშქრის წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს სოფელ ქაქუთის მიდამოებში.

ნიგოითის ბრძოლაში თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, ოსმალეთის ჯარმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდინარე ჩოლოქისაკენ დაეშვა და ოსმალებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.

კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში ოსმალები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. სელიმ-ფაშამ დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ანდრონიკაშვილმა - 1500 კაცი.

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშაოსმალეთის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.

ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია (რუს. Республика Северная Осетия–Алания; ოს. Республикæ Цæгат Ирыстон) – რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. დედაქალაქი - ვლადიკავკაზი. შეიქმნა 1924 წლის 7 ივლისს.

ხოტინის ხელშეკრულება

ხოტინის ხელშეკრულება — 1621 წლის 8 ოტომბრის სამშვიდობო ხელშეკრულება პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობისა და ოსმალეთის იმპერიის შორის, რომელიც დაიდო 1621 წლის ხოტინის ბრძოლის შემდეგ. ხელშეკრულებამ დაასრულა ომი პოლონეთსა და თურქეთს შორის და დაადგინა საზღვარი რეჩ-პოსპოლიტასა და ომსალეთის იმპერიას შორის მდინარე დნესტრზე. ოსმალეთის იმპერია და ყირიმის სახანო ვალდებულებას იღებდა არ დასხმოდა თავს უკრაინას და პოლონეთს , ხოლო პოლონეთი აძლევდა თურქეთს თავის ვასალ მოლდავეთის ქალაქ ხოტინს და ვალდებულებას იღებდა შეეწყვიტა ზაპოროჟიელი კაზაკების ლაშქრობები ყირიმზე და თურქეთზე.

უკრაინელი კაზაკები ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო დარჩნენ და მომალავში ამზადებდნენ პოლონეთის წინააღმდეგ აჯანყებას.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.