იაპონია

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国 ნიპონ-კოკუ  ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[4]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“[5].

იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[6]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[5].

არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[5].

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას[7], იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი[5]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[8].

იაპონია
日本国
იაპონია
იაპონიის დროშა იაპონიის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: 

კიმი გა იო (იაპონ. 君が代)
იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი

იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი
პავლოვნია (იაპონ. 五七桐 'გო-სიჩი ნო კირი')
იაპონიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტოკიო
35°41′ ჩ. გ. 139°46′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 139.767° ა. გ.
ოფიციალური ენა იაპონური (დე-ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  იმპერატორი ნარუჰიტო
 -  პრ.-მინისტრი შინძო აბე
ფართობი
 -  სულ 377 944[1] კმ2 (62-ე)
 -  წყალი (%) 0.8
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 126 880 000[2] (მე-10)
 -  2010 აღწერა 128 056 026[3] 
 -  სიმჭიდროვე 337,1 კაცი/კმ2 (36-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $4.346 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $33 800 (34-ე)
აგი (2007) 0.953 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა იენი (¥) (JPY)
დროის სარტყელი UTC +09:00
ქვეყნის კოდი JPN
Internet TLD .jp
სატელეფონო კოდი 81

ეტიმოლოგია

日本.svg&filetimestamp=20101006193231&

ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეგზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Япония გერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს[9].

იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ“–ს ან „ნიჰონ“–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国)[5].

„ნიჰონ“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს“, ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას“. ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ“ უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. ) ან ვაგოკუ (იაპონ. 倭国)[10].

გეოგრაფია

Japan topo en
იაპონიის არქიპელაგის ტოპოგრაფიული რუკა

იაპონია მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოხოტის ზღვა, აღმოსავლეთიდან — წყნარი ოკეანე, სამხრეთიდან — აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო დასავლეთიდან კორეის სრუტე და იაპონიის ზღვა. იაპონია, სულ, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთაზიური სანაპიროს გასწვრივ მდებარე 6852 კუნძულისაგან შედგება. ქვეყანა, მის მიერ კონტროლირებადი ყველა კუნძულის ჩათვლით, მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 24 º და 46°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 122 º-სა და 146 °-ს შორის. ძირითადი კუნძულებია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ. რიუკიუს კუნძულები, რომლებიც ოკინავას მოიცავს, კიუსიუს სამხრეთ ჯაჭვს წარმოადგენს. ერთად, მათ იაპონიის არქიპელაგის სახელითაც იცნობენ.[11] ქვეყნის საერთო ფართობია 377 944 კმ²

ტერიტორიის დაახლოებით 73 % ტყიანი, მთიანი და სასოფლო-სამეურნეო თუ საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოუსადეგარია,[12][13] შედეგად, საცხოვრებელ არეალს, რომელიც, ძირითადად, სანაპირო ზოლში მდებარე დაბლობებს მოიცავს, მოსახლეობის უაღრესად მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.[14]

იაპონიის კუნძულები ვულკანური წყნაროკეანური ცეცხლოვანი რკალის ზონაში მდებარეობენ და უპირველესად, დიდი ოკეანური მოძრაობების შედეგს წარმოადგენენ, რომლებიც ასეულობით მილიონი წლის წინ ხდებოდა შუასილურული პერიოდიდან პლეისტოცენამდე, როგორც კონტინენტური ამურისა და ოკინავას ფილების ქვეშ ფილიპინების ზღვის ფილის სამხრეთისაკენ და ოხოტის ფილის ქვეშ წყნაროკეანური ფილის ჩრდილოეთისაკენ სუბდუქციის შედეგი. იაპონია, თავდაპირველად, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთვოდა, თუმცა სუბდუქციურმა ფილებმა დღევანდელი იაპონიის ტერიტორია აღმოსავლეთისაკენ განაცალკევეს და ადგილი დაუთმეს იაპონიის ზღვას დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ.[15]

იაპონიაში 108 აქტიური ვულკანია. მეოცე საუკუნეში გაჩნდა რამდენიმე ახალი ვლკანი, მათ შორისაა ჰოკაიდოზე მდებარე შოვა-სინზანი და მიოჯინ-შო ბაიონეზის კლდეებისაგან წყნარ ოკეანეში. ხშირად ცუნამის გამომწვევი დამანგრეველი მიწისძვრები ყოველ საუკუნეში რამდენიმეჯერ ხდება.[16] 1923 წლის ტოკიოს მიწისძვრამ 140 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.[17] ბოლოდროინდელ მიწისძვრათაგან აღსანიშნავია 1995 წლის კობეს მიწისძვრა და 2011 წლის ტოჰოკუს 9 ბალიანი [18] მიწისძვრა, რომელიც იაპონიას 2011 წლის 11 მარტს დაატყდა თავს და დიდი ცუნამი გამოიწვია.[19] წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალში მდებარეობის გამო, იაპონიისათვი უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს მიწისძვრა და ცუნამი, რის გამოც იგი განვითარებულ მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანაა.[20]

კლიმატი

ქვეყნის კლიმატი მუსონურ-სუბტროპიკულია, გარკვეული სხვაობებით რაიონების მიხედვით, რაც მისი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მნიშვნელოვანი განფენითაა განპირობებული. გამოყოფენ 4 კლიმატურ ზონას:

  • ზომიერი ოკეანური კლიმატის ზონა ცივი ზაფხულით კუნძული ჰოკაიდო.
  • ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონა თბილი ზაფხულით კუნძულ ჰონშიუს ნაწილი.
  • ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის ზონა კუნძულ ჰონშიუს სამხრეთი ნაწილი, კუნძული შიკოკუ, კიუშიუ და რიუკიუს არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი.
  • ტროპიკული კლიმატის ზონა რიუკიუს არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი და კუნძული ოკინავა.

ზამთარი ჩრდილოეთ იაპონიაში ცივია. კუნძულ ჰოკაიდოზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 17-დან 22 °C-მდეა, ხოლო ზამთარში, იანვარში 12-დან 40 °C-მდე. სამხრეთ იაპონიაში ზამთარი თბილი და მშრალია, იანვრის ტემპერატურა +17 °C-ა. ზაფხული იაპონიაში ღრუბლიანი, დახუთული და წვიმიანია. ივლისის საშუალო ტემპერატურა +27 °C-ა.

ნალექები იაპონიაში მოდის უფრო მეტი, ვიდრე კონტინენტის მეზობელ ნაწილებში. მუსონური ცირკულაცია კლიმატურ განსხვავებას ქმნის ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის.ნალექების საშუალო ოდენობა 1700-2000 მმ, სამხრეთში კი 4000 მმ-ს აღწევს.

მდინარეები და ტბები

იაპონია გამოირჩევა პატარა მდინარეების ხშირი ქსელით. ძირითადად, სულ მთის მდინარეებია, რომლებიც სწრაფი და შედეგად, ნაოსნობისთვის გამოუსადეგარია.

იაპონიის უდიდესი მდინარეა იშიკარი (სიგრძე 650 კმ), რომელიც კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს. სხვა მდინარეებია: შინანო ჰონსიუზე (320კმ), ტაკატი, ურიუ, კიტაკამი, ომონო, მოგამი, აგანო, კისო, ასაჰი და სხვა. კუნძულ შიკოკუს მთავარი მდინარეა იოშიკო. მდინარეთა ჩამონადენი განსხვავდება სეზონების მიხედვით. წყნარი ოკეანისკენ მიქცეული ფერდობების მდინარეებზე მაქსიმუმი ხაფხულშია, დასავლეთის ფერდობებისაზე კი ზამთარში. წვიმიანი სეზონზე ზღვისპირა დაბლობებზე ხშირია წყალდიდობები.

იაპონიაში საკმაოდ ბევრი ტბაა, თუმცა ისინი დიდი ზომისანი არ არიან. ძირითადად გვხვდება ვულკანური, ზღვის სანაპირო დაბლობებზე კი ლაგუნური ტბებია, მარილიანი წყლით. ყველაზე დიდია ტექტონიკური წარმოშობის ტბა ბივა (კუნძულ ჰონშიუზე), რომელიც არც ისე ღრმაა.

იაპონიაში მტკნარი წყლის დეფიციტია. განსაკუთრებით იაპონიის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთით და კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთში. იაპონიაში მრავალი თერმული მინერალური წყაროა, რომელთა ტემპერატურა +500-ს აღემატება.

ფლორა და ფაუნა

ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ზე მეტი ტყეებსა და ბუჩქნარებს უკავია. იაპონიის ფლორაში 700 სახეობის ხესა და 300 სახეობის ბალახს ითვლიან. აქ გავრცელებულია წიწვოვანი მცენარეები, ისინი შეადგენენ ტყის ფართობის 40 %.

ჰოკაიდო მდიდარია წიწვოვანი ტყეებით. სამხრეთ რაიონში კი წიწვოვანი ტყეები ფართოფოთლოვანი ტყეებით იცვლება, რომელიც შედგება: მუხის, წაბლის, ბამბუკის, ცაცხვის, ადგილობრივი კაკლის და სხვა ხეებისგან. კუნძულ კიუშიუს სამხრეთ და რიუკიუს კუნძულებზე გავრცელებულია მუსონური ტყეები, სადაც ვხვდებით: პალმებს, ფიკუსებს, ბამბუკებს და ორქიდეებს.

იაპონიაში 800 სახეობის ფრინველი, 600 თევზი, 270 სახის ძუძუმწოვარა ცხოველია, კუნძულ ჰოკაიდოზე და ჰონშიუზე გვხვდება: მელა, მაჩვი, მგელი და სხვ. მურა დათვი მხოლოდ ჰოკაიდოზე ბინადრობს.

პოლიტიკური მოწყობა

Emperor Akihito and empress Michiko of japan
იმპერატორი აკიჰიტო და დედოფალი მიტიკო

იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის "ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო".[5] ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი.[21] იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.[22].

იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ექვსი წლის ვადით ირჩევიან. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ადამიანს.[7]

იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლის 2 ივნისს აირჩა და გახდა იაპონიის 94–ე პრემიერ-მინისტრი.[23] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.[5]

იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა.[22] 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი გერმანული „Bürgerliches Gesetzbuch“-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კოდექსს იყენებს.[24] იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე.[25]

კონსტიტუცია

Nihon Kenpo03
იაპონიის კონსტიტუციის პრეამბულა

იაპონიის კონსტიტუცია, ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფოს კონსტიტუცია (იაპონ. 日本國憲法, 日本国憲法, ნიჰონ-კოკუ კემპო:/ნიპონ-კოკუ კემპო:) იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი. მიღებული იქნა 1947 წელს.[26]

კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო“, თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული და ნომინალური როლი.[26] კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია“ (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია“ (ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას საკუთარი ჯარის ყოლასა და ომის გამოცხადებას. გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის იმპერატორი.[26]

კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღეისათვის იაპონიის კონსტიტუციაში არ იყო შეტანილი არც ერთი დამატება ან შესწორება.[26]

საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა

იაპონია არის დიდი რვიანის, აპეკისა და „ასეანს პლიუს სამი“-ს წევრი და აღმოსავლეთ აზიის სამიტის მონაწილე. 2007 წლის მარტში იაპონიამ ავსტრალიასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების ხელშეკრულებას,[27] 2008 წლის ოქტომბერში კი ინდოეთთან.[28] ქვეყანა არის ოფიციალური განვითარების დახმარების სიდიდით მესამე დონორი მსოფლიოში აშშ-სა და საფრანგეთის შემდეგ, 2009 წელს მისმა შემოწირულობამ 9,48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[29]

იაპონიას მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ალიანსი მოქმედებს, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.[30] იაპონია გაეროს წევრია 1956 წლიდან. ქვეყანა უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, საერთო ჯამში, 20 წლის განმავლობაში, უკანასკნელად 2009 და 2010 წლებში. იაპონია ერთ-ერთია G4 ქვეყნებიდან, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის მოპოვებას ცდილობენ.[31]

ადმინისტრაციული დაყოფა

იაპონია შედგება 47 პრეფექტურისაგან, რომელთაგან თითოეული არჩეული გუბერნატორის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბიუროკრატიული აპარატის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. თითოეული პრეფექტურა, თავის მხრივ, იყოფა დიდ ქალაქებად, ქალაქებად და სოფლებად.[32] ქვეყანა, ამჟამად, ადმინისტრაციული რეორგანიზაციის პროცესშია, რაც მრავალი ქალაქისა და სოფლის ერთმანეთთან შრწყმაში გამოიხატება, რაც შეამცირებს სუბ-პრეფექტურების ადმინისტრაციულ რეგიონებს და სავარაუდოდ, შეამცირებს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას.[33]

იაპონიის რეგიონები და პრეფექტურები2.png&filetimestamp=20150708164402&

ტურიზმი

ტურისტები ძირითადად კ.ჰონშიუზე ჩადიან და ტოკიოს სტუმრობენ, რომელიც თავის თავში რამდენიმე რაიონს აერთიანებს: ოტემაჩი, კაზუმიგაჩი, შიბუია, უენო, იკებუკორო, სადაც უამრავი გასართობი თუ საინტერესო ადგილია თავმოყრილი. აქ არის უამრავი პარკი, მ.შ. დისნეილენდი. აქა არის იმპერატორის სასახლეც. ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ძველებური პარკები: “ჰიბია”, “შიბა”, ”ასაკუსა’’, “მეიძი”. დღესასწაულების დროს პარკი “ასაკუსა” ტურისტებს იზიდავს თეატრალური წარმოდგენებით, ეროვნული თამაშებითა და ესტრადის მსახიობების ხელოვნებით. ტოკიო მნახველს აოცებს თავისი ცათამბჯენებით, რომლებშიც განთავსებულია სასტუმროები, ბანკები, კომპანიების ოფისები, დიდი მაღაზიები. ტოკიოში 333 მ სიმაღლის ტელეანძაა, რომელიც ეიფელის კოშკს გვაგონებს. ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა გინზა, რომელიც ფუფუნებითა და საოცარი ფანტაზიით გაფორმებულ უზარმაზარ ულტრათანამედროვე ვიტრინას წააგავს. გინზაზე გასეირნება თავისებურ იაპონურ ტრადიციად ითვლება.

ტოკიოს სტუმრები გულგრილი ვერ რჩებიან ისეთი გასართობი ცენტრების მონახულებისას, როგორიცაა დისნეილენდი და აკვაპარკი. ასევე დიდ ინეტერსს იწვევს ქალაქი კიოტო ქვეყნის მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული, ისტორიული და რელიგიური ცენტრი. აქ გავრცელებულია ძველი ტრადიციული მეწარმეობა: ბრინჯაოს, ფაიფურის, მაქმანების, ნაქარგი ნივთების დამზადება. სტუმრების ყურადღებას იპყრობს ეროვნული მუზეუმი “კიოტო’’, ბოტანიკური ბაღი, იაპონური კლასიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი. ყოველწლიურად კიოტოს 30 მლნ ტურისტი ჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია იმპერატორის ვილა კაცურა რიკიუ. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის დღესაც იმპერატორის ოჯახის საკუთრებაა და ისინი სარგებლობენ მისით, ამიტომ ვილის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.

იაპონისს პირველი დედაქალაქი იყო ნარა (710-784 წლები), სადაც ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს, რომელიც ტოდაიძის ტაძრის კომპლექსში მდებარეობს. დიადი ბუდას დარბაზი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხის ნაგებობას წარმოადგენს, დღეს მისი პირვანდელი სახის მხოლოდ მესამედიღაა, რადგან ბევრჯერ დაიწვა და აღდგა. ქანდაკება 444ტ ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. მჯდომარე ფიგურის სიმაღლე 16მ-ია.

კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს, ეს არის ჰიროშიმა, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს. 250 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქი ისტორიაშია შესული. 1949 წლისთვის ჰიროშიმა აღადგინეს და დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. მხოლოდ ყოფილი სავაჭრო პალატის შენობის კარკასი დატოვეს ხელუხლებლად, ვინაიდან ის აღმოჩნდა აფეთქების ეპიცენტრში. დღეს ამ ნანგრევებს “ატომური ბომბის ტაძარს” უწოდებენ. იქვეა მშვიდობის პარკი და მასში აღმართულ მემორიალზე ამოკვეთილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახელები.

მოგზაურობის სიყვარულს იაპონელებს პატარაობიდან უღვივებენ, ამიტომ ტურიზმი იაპონიაში არის გართობისა და დასვენების მასობრივი ფორმა. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ბუნებრივი და რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან.

იაპონელებისთვის წმინდა მთაა ფუჯი ან ფუძიამა, სადაც წინაპართა სულები განისვენებენ, ისინი თავიანთ წინაპრებს ძალიან დიდი პატივით მოიხსენიებენ. ფუჯიზე პილიგრიმობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მთის დიდი ზომები და სწორი ფორმები ხიბლავენ მნახველს. იაპონელისთვის აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს ამ მთაზე. ტოკიოს ივნისის აღლუმი წმინდა მთაზე ასვლის სეზონის მოახლოების მაუწყებელია. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ ორი თვე (ივლისი და აგვისტო) გრძელდება, მთის მწვერვალზე, მზის ამოსვლის მოლოდინში, ყოველღამ ათასობით პილიგრიმი-ტურისტი იყრის თავს.

ცეცხლის ზეიმი “ხამაცური” ასვლის სეზონს ასრულებს. მთელი მთა ძირიდან მწვერვალამდე ათასობით ჩირაღდნის სინათლითაა განათებული, რაც ძალზე ამაღელვებელი და საზეიმო სანახაობაა.

სამოკიტაზე, კ. ჰონშიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს ყველა იაპონელისთვის ცნობილი მთა “ოსორეძანი” ანუ საშინელი მთა. ძველებური ლეგენდის თანახმად, აქ არის ჯოჯოხეთში შესასვლელი, რომლითაც ივლისში ოთხი დღე შეუძლიათ ისარგებლონ მიცვალებულთა სულებმა, ისინი ახლობლებთან გასაუბრებას ცდილობენ. ზუსტად ამ დროს აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს, პატივი მიაგოს ახლობელთა სულებს. ადგილობრივი ტურიზმის მთავარ დესტინაციას წარმოადგენს კ. შიკოკუ, სადაც 88 წმინდა ადგილია (ბუდიზმის). ქვეითი მოგზაურობა გათვლილია 40-60 დღეზე, თუმცა თანამედროვე მომლოცველები ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამოკლებენ ამ მოგზაურობას. აქვეა ყველაზე ძველი ჩვენამდე მოღწეული იაპონური თეატრი კაბუკი კამარუ-ძა. მთელი წლის განმავლობაში შიკოკუს 9 მილიონამდე ტურისტი ჰყავს. კ.ჰოკაიდოზე, დედაქალაქ საპოროში, ტურისტების ყურადღებას იქცევს ზამთრის ფესტივალი, რომლის დროსაც ყინულის ბლოკებისგან საოცარ ნაგებობებსა და ფიგურებს კვეთენ. კუნძულის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს “სამშობლოსადმი სევდის სახლი”, რომელიც იმ ადგილზეა აგებული, საიდანაც კურილიის კუნძულებამდე მხოლოდ 4 კმ-ია. აქ ყოველ წელს იმართება აქციები ჩრდილოეთ ტერიტორიების დსაბრუნებისათვის ბრძოლის დღეები.

“ონსენ-რეიკანი” ტრადიციული იაპონური სასტუმროა, რომელიც ცხელი მინერალური წყლის სიახლოვეს შენდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პოპულარობა. დიდი და მცირე ზომის ფირმები ხშირად იყენებენ დასვენების ასეთ ფორმას თავისი პერსონალისთვის, რაც კორპორატიული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.

იაპონიაში სტუმრობის ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც საკურა ყვავის. ყვავილებით ტკბობას ჰანამი ეწოდება და იგი ტრადიციული დღესასწაულია იაპონელებისთვის, რომელიც სათავეს VIII საუკუნიდან იღებს. საკურას ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება. ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა გაზაფხულზე. წარმოიდგინეთ, უამრავი ვარდისფერი ყვავილოვანი ხე, უმშვენიერესი ბაღები. ნებისმიერი ადამიანი დატკბება ამ სილამაზის ყურებით. საკურა მარტო ვარდისფერი არ არის. ის სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვა ფრად ყვავილობს. გვხვდება ასევე თეთრი ფერის საკურა. თუმცა იაპონიის ბაღებში ძირითადად ვარდისფერი საკურაა გავრცელებული. ტურისტები ამ ხეებს უფრო მეტ სურათს უღებენ, ვიდრე თავიანთ თავებს. ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იაპონელების ტრადიციული ჩაცმულობის (კიმონო, გეტა-ქოშები), სტუმრის მომსახურების (გეიშა), სამზარეულოს (ზღვის პროდუქტები, სუში, საკე), ყვავილების გაზრდისა (ბონსაი) და გაფორმების (იკებანა) კულტურა, რომელიც ხელოვნებამდეა აყვანილი.

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით ელის.თითოეულ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.არც იაპონიაა გამონაკლისი. იაპონიაში ახალ წელს შოგაცუ ჰქვია. 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით არავინ მუშაობს. ტრადიციაა ტაძარში წასვლა და ლოცვა. 31 დეკემბერის ღამით ბუდისტური ტაძრები ზარის რეკვას იწყებენ, რითაც ხალხს ახალი წლის შემოსვლას ამცნობენ.

ზარს რეკავენ 108-ჯერ. საახალწლო კონცერტებზე ყველასთვის საყვარელი ჯგუფები იკრიბებიან და ყველა დროის პოპულარულ ჰიტებს ასრულებენ. კონცერტი ტარდება ტოკიო-დომში, ოსაკა-დომში და ტოკიო-კიოდოში (თეატრი). ღონისძიება 23:45 იწყება და ერთი საათი გრძელდება. სულ 43 სიმღერა სრულდება და ფუჯი ტვ-ის პირდაპირი ჩართვით ყველას შეუძლია კონცერტის თვალყურის დევნება.

კულტურა

იაპონური კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა თავისი წარმოშობიდან. თანამედროვე კულტურა აერთიანებს აზიურ, ევროპულ და ჩრდილოეთამერიკულ გავლენას. ტრადიციული იაპონური ხელოვნება მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა კერამიკის, ტექსტილის, ლაქის, ხმლებისა და თოჯინების დამზადება; ბუნრაკუს, კაბუკის, ნოოს წარმოდგენები, ცეკვა და რაკუგო, ასევე, სხვა ტრადიციები, მაგალითად, ჩაის ცერემონია, იკებანა, საბრძოლო ხელოვნებები, კალიგრაფია, ორიგამი, ონსენი, გეიშა და თამაშები. იაპონიას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მახასიათებლებისა და ეროვნული საგანძურის დაცვისა და ხელშეწყობის განვითარებული სისტემა.[34] იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 19 იაპონური ძეგლი, რომელთაგან 15 კულტურული მნიშვნელობისაა.[35]

სქოლიო

  1. Japan Statistical Yearbook 2010. Statistics Bureau. წაკითხვის თარიღი: January 15, 2011.
  2. Population Estimates by Age (5-Year Age Group) and Sex. წაკითხვის თარიღი: June 2, 2015.
  3. Population Count based on the 2010 Census Released. Statistics Bureau of Japan. წაკითხვის თარიღი: October 26, 2011.
  4. ქვეყნებისა და ტერიტორიების კოდების კლასიფიკაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტი (2010-04-01). წაკითხვის თარიღი: 2010-07-16.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 იაპონელის ბლოგი. იაპონელის ბლოგი. წაკითხვის თარიღი: 2010-23-09.
  6. ფაქტები და ციფრები იაპონიის შესახებ 2007 01: მიწა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი. წაკითხვის თარიღი: 2009-07-04.
  7. 7.0 7.1 ინფორმაცია მსოფლიოს შესახებ; იაპონია. CIA (2007-03-15). წაკითხვის თარიღი: 2007-03-27.
  8. მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია: სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი ისრაელში არის მსოფლიოში მაღლესთა შორის ჰაარეცი, მაისი, 2009
  9. მ.ფასმერი რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი = რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი. — АСТ. — ISBN 5-17-013347-2
  10. ჯოან რ. პიგოტი იაპონური მეფობის გაჩენა. — სტენფორდის უნივერსიტეტი. — ISBN 0-804-72832-1
  11. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 8–11. ISBN 0-333-710002.
  12. CIA Factbook: Japan. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: November 9, 2011.
  13. Japan. US Department of State. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.
  14. World Population Prospects. UN Department of Economic and Social Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 21, 2007. წაკითხვის თარიღი: March 27, 2007.
  15. Barnes, Gina L.. (2003)Origins of the Japanese Islands. University of Durham. წაკითხვის თარიღი: August 11, 2009.
  16. Tectonics and Volcanoes of Japan. Oregon State University. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 4, 2007. წაკითხვის თარიღი: March 27, 2007.
  17. James, C.D.. (2002)The 1923 Tokyo Earthquake and Fire. University of California Berkeley. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.
  18. USGS analysis as of March 12, 2011. Earthquake.usgs.gov (June 23, 2011). წაკითხვის თარიღი: November 9, 2011.
  19. Fackler, Martin; Drew, Kevin. “Devastation as Tsunami Crashes Into Japan“, March 11, 2011. წაკითხვის თარიღი: March 11, 2011.
  20. 2013 World Risk Report
  21. იაპონიის კონსტიტუცია. იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა საბჭო (1946-11-03). წაკითხვის თარიღი: 2007-03-10.
  22. 22.0 22.1 იაპონელის ბლოგი - იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობა. იაპონელის ბლოგი. წაკითხვის თარიღი: 2010-23-09.
  23. პარლამენტმა აირჩია კანი პრემიერად“, იაპონიის დროება, 2010-06-04. წაკითხვის თარიღი: 2010-06-04. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-14.
  24. იაპონიის სამოქალაქო კოდექსი. ენციკლოპედია ბრიტანიკა (2006). წაკითხვის თარიღი: 2006-12-28.
  25. იაპონიის იურიდიული სისტემა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისი. წაკითხვის თარიღი: 2007-03-27.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 იაპონიის კონსტიტუცია - iaponeli.wordpress.com-ზე
  27. Japan-Australia Joint Declaration on Security Cooperation. Ministry of Foreign Affairs. წაკითხვის თარიღი: August 25, 2010.
  28. Joint Declaration on Security Cooperation between Japan and India. Ministry of Foreign Affairs (October 22, 2008). წაკითხვის თარიღი: August 25, 2010.
  29. Net Official Development Assistance in 2009. OECD. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.
  30. Michael Green. Japan Is Back: Why Tokyo's New Assertiveness Is Good for Washington. Real Clear Politics. წაკითხვის თარიღი: March 28, 2007.
  31. UK backs Japan for UNSC bid. Central Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 21, 2007. წაკითხვის თარიღი: March 28, 2007.
  32. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 84–85. ISBN 0333710002.
  33. Mabuchi, Masaru. (May 2001) Municipal Amalgamation in Japan. World Bank. წაკითხვის თარიღი: December 28, 2006.
  34. Administration of Cultural Affairs in Japan. Agency for Cultural Affairs. წაკითხვის თარიღი: May 11, 2011.
  35. Japan – Properties Inscribed on the World Heritage List. UNESCO. წაკითხვის თარიღი: July 5, 2011.
2015

2015 (ორი ათას თხუთმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის მე-2 დეკადის მე-5 წელი.

A Momentary Lapse of Reason (ტურნე)

A Momentary Lapse of Reason Tour — მასშტაბური საკონცერტო ტურნე, ჩატარებული ჯგუფ პინკ ფლოიდის მიერ 1987—1989 წლებში. კონცერტების სერია ჩატარდა ახალი ალბომის A Momentary Lapse of Reason მხარდასაჭერად და დასრულდა 1990 წელს. ამ ტურნეს ფარგლებში პინკ ფლოიდი პირველად გამოდიოდა როჯერ უოტერსის გარეშე, რომელმაც 1986 წელს კოლექტივი საბოლოოდ დატოვა.

Sony

Sony (იაპონ. ソニー株式会社) — მრავალეროვნული კონგლომერატი გაერთიანება, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მინატოში, ტოკიო, იაპონია. იგი არის მსოფლიოს უდიდესი მედია კონგლომერატი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება ¥7.730.0 ტრილიონს, რაც $78.88 მილიარდს შეადგენს (2008 წლის მონაცემებით). Sony არის ერთ-ერთი ლიდერი ელექტრონიკის, ვიდეოს, კომუნიკაციების, ვიდეო თამაშების კონსოლებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოშვებაში. მისი სახელი მომდინარეობს sonus-დან, რაც ლათინური ენიდან ნიშნავს ხმას.

აგლომერაცია

საქალაქო აგლომერაცია (ლათ. agglomero, „ვუერთებ“) — დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით.

ანსხვავებენ მონოცენტრისტულ (ერთი მსხვილი ქალაქი-ბირთვის გარშემო ფორმირებული, მაგ. თბილისის აგლომერაცია) და პოლიცენტისტულ აგლომეერაციებს (რომელთაც რამდენიმე ქალაქი-ბირთვი აქვთ, მაგ. რურის აუზში ქალაქების დაჯფუფება გერმანიაში).

გაერთიანების მთავარი კრიტერიუმებია:

მასიური სამსახურებრივი, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრება, კულტურული და რეკრეაციული მგზავრობები;

1,5 საათის ფარგლებში დანიშნულების ადგილის მისაწვდომობა ტრანსპორტის კორიდორების გასწვრივ (რკინიგზა, ავტოგზა და მდინარე);

რეგულარული საგარეუბნო ელექტრომავლების, ავტობუსების, თბომავლების არსებობა;

საკუთარი ადმინისტრაციული რეგიონების დაქვემდებარებაში არსებული დასახლებები, გარდა ყველაზე მჭიდროდ მიმდებარე ურბანული დასახლებებისა;

აეროპორტის, სარკინიგზო კვანძი-ტერმინალის, სამდინარო პორტი-ტერმინალის ერთიანობა;

მჭიდრო დასახლება სატრანსპორტო კორიდორების გასწვრივ.

აზია

აზია (ჩინ. 亚洲; ჰინ. एशिया; არაბ. آسيا; იაპონ. アジア; სომხ. Ասիա; ბერძ. Ασία; რუს. Азия; ინგლ. Asia) — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით. აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ჩინეთი და ინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ. ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს. კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა. აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლო მალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა. აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.

აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდეს საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან. იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.

ბრინჯი

ბრინჯი (ლათ. Oryza) — ერთწლოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 20 სახეობა; გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მის გვარს განეკუთვნება სათესი ანუ კულტურული ბრინჯი (Oryza sativa), რომელიც იყოფა (მარცვლის სიგრძის მიხედვით) 2 ქვესახეობად: მოკლემარცვლიანი (4 მმ-მდე) და ჩვეულებრივი (5-7 მმ-ზე მეტი).

ერთწლოვანი კულტურული ბრინჯი 60-150 სმ სიმაღლის მცენარეა. ყვავილედი საგველაა, თავთუნი ერთყვავილიანი; ნაყოფი — მარცვალი, კილიანი. კილგაცლილი ბრინჯის წიმიური შემადგენლობაა (%-ობით): წყალი — 14,0, ნახშირწყლები (უმთავრესად სახამებელი) — 75,2, ცილა — 7,7, ცხიმი — 0,4, უჯრედისი — 2,2, ნაცარი — 0,5. მცენარე თვითდამმტვერავია, ზოგჯერ ჯვარედინმტვერია; სითბოს მოყვარული -1 °C იღუპება. კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე, იტანს მლაშესაც. ბრინჯი მრავლდება თესლით, ჩითილით. თესლი ღივდება 10-12,5 °C -ზე. კულტურულ მცენარეთა შორის ბრინჯი ერთადერთია, რომელიც მოჰყავთ წყლით დაფარულ ნიადაგზე (მთლიანად სავეგეტაციო პერიოდში), რაც სავსებით აკმაყოფილებს მცენარის ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ნიადაგის წყლის რეჟიმისა და საკვები ნივთიერებისადმი. მოსავალს იღებენ მინდვრიდან წყლის გაშვებისა და ნიადაგის გაშრობის შემდეგ.

ბრინჯის სამშობლოა ინდოჩინეთი. აქედან გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, წინა აზიასა და ირან-ერაყის ტერიტორიაზე. გავრცელებულია შუა აზიასა და ამიერკავკასიაში (მოჰყავთ ძველთაგანვე), ყაზახეთში, უკრაინაში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვა, საქართველოში ბრინჯი ირანიდან შემოიტანეს, გავრცელდა ქვემო ქართლის სარწყავ ადგილებში, ივრის ნაპირებსა და ალაზნის მარცხენა მხარეს, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. 1900 წლიდან მისი ნათესი ფართობი თანდათან შემცირდა და ამჟამად ჩვენში აღარ მოჰყავთ. ბრინჯი მნიშვნელოვანი სამრეწველო კულტურაა. აზიის ქვეყნებში (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია) ბრინჯი ძირითადი საკვები პროდუქტია. მისგან ამზადებენ ყუათიან ბურღულს. ნამჯისაგან აკეთებენ ქუდებს, კალათებს, ჭილოფს, ქაღალდსა და სხვა.

იაპონიის იმპერია

იაპონიის იმპერია (იაპონ. 大日本帝国; ოფიციალურად დიდი იაპონიის იმპერია; ასევე ცნობილია როგორც იმპერიული იაპონია და იაპონური იმპერია) — სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 1868 წლიდან 1945 წლამდე, მეიძის რესტავრაციიდან მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებამდე. იმპერიას მართავდნენ იყვნენ იმპერატორი მუცუჰიტო, იმპერატორი ტაისიო და იმპერატორი ჰიროჰიტო.

იმ წლებში იაპონია ძალიან შეიცვალა. ის გახდა ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა მსოფლიოში. იაპონიამ შექმნა ძლიერი ჯარი და საზღვაო ფლოტი, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ეკონომიკა. ქვეყანამ დაიწყო მასთან ახლოს მდებარე ქვეყნების (კორეა, ტაივანი და ჩინეთის ნაწილი) დაპყრობა და ოკუპირება.

1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის იმპერია დანებდა ანტიჰიტლერული კოალიციას, მას შემდეგ, რაც ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ბირთვული იარაღი გამოიყენეს. ალიანსმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება და მასში ცვლილებების შეტანა, კონსტიტუციის ჩათვლით. ქვეყნის ოკუპირება და რეკონსტრუქცია გაგრძელდა 1950 წლამდე.

იაპონიის ისტორია

იაპონიის ისტორია — ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 7500 წელს იაპონიის ტერიტორიაზე არსებობდა ნეოლითური კულტურა. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან გაძლიერდა სოციალურ ფენებად დაშლა. გაჩნდნენ მონები. სოფლის (გვარის) მეთაური დიდი უფლებებით სარგებლობდა, იგი განაგებდა ადრინდელი სინტოს

კულტურასაც. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის დასასრულს დაიწყო ტომობრივი კავშირების აღმოცენება. III საუკუნეში შეიქმნა მსხვილი ტომობრივი კავშირი იამატო, რომლის ბაზაზე კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში წარმოიქმნა იაპონიის სახელმწიფო.

ლედ ზეპელინის 1971 წლის იაპონური ტურნე

1971 წელს ლედ ზეპელინმა მოაწყო იაპონური ტურნე. ეს მათი იაპონიაში პირველი საკონცერტო ტურნე იყო. ტურნე დაიწყო 23 სექტემბერს და დასრულდა 29 სექტემბერს.

ლედ ზეპელინმა 27 სექტემბერს საკონცერტო გამოსვლა გამართა ჰიროსიმაში, ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი.

მთლიანობაში, ლედ ზეპელინმა იაპონიაში ხუთი კონცერტი გამართა. მან ამ ტურნეს ფარგლებში იმ დროისთვის თითქმის ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულა. ბოლო კონცერტი ქალაქ ოსაკაში გაიმართა.

ლედ ზეპელინის 1972 წლის იაპონური ტურნე

1972 წელს ოქტომბერში ლედ ზეპელინმა მოაწყო იაპონური ტურნე. ტურნე დაიწყო 2 ოქტომბერს და დასრულდა 10 ოქტომბერს. იაპონური ტურნეს შემდგომ ჯგუფმა ჩაწერა რიგით მეხუთე ალბომი Houses of the Holy.

სიმღერებისThe Song Remains the Same და The Rain Song პირველად შესრულდა . იაპონური ტურნეს დროს ჯიმი პეიჯმა გამოიყეა გიტარა Gibson EDS-1275 და Double neck guitar.

სიმღერების Stairway to Heaven, The Rain Song და Thank You- ის შესრულებისას ჯონ პოლ ჯოუნსი მელოტრონზე უკრავდა. ხოლო სიმღერა Bron-Yr-Aur Stomp-ის შესრულებისას ის კონტრაბასზე უკრავდა.

იაპონიაში ტურნეს დროს ჯონ პოლ ჯოუნსმა შეიძინა ტრადიციული იაპონური საკრავი კოტო. რომელიც მან გამოიყენა თავისი სოლო ალბომ Zooma-ს სიმღერებში.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

მოსახლეობის სიმჭიდროვე

მოსახლეობის სიმჭიდროვე — სიდიდე, რომელიც აღწერს მოცემულ ტერიტორიულ ერთეულზე (ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი) დასახლებულ ადამიანთა საშუალო სიდიდეს ფართობის ერთეულზე (როგორც წესი კვადრატული კილომეტრი, უფრო მცირე ტერიტორიებისათვის - ჰექტარი). ამ ერთეულის გამოსათვლელად ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის საერთო რაოდენობას ყოფენ მის საერთო ფართობზე.

ფაქტები მოსახლეობის სიმჭიდროვის შესახებ:

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მონაკო - 18 ათასი კაცი 1 კვ. კმ-ზე.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა (ჯუჯა სახელმწიფოების გამოკლებით) ბანგლადეში - 926 კაცი 1 კვ. კმ-ზე.

ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა ისლანდია - 3,1 კაცი 1 კვ. კმ-ზე.

საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვეა 67 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რუსეთისა - 8,5 კაცი, გერმანიისა - 321 კაცი.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 — მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა 2010 წლის ივნისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელიც გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სხვა კონტინენტზე გარდა ევროპისა.

მუცუჰიტო

მუცუჰიტო (დ. 3 ნოემბერი, 1852, კიოტო — გ. 30 ივლისი, 1912, ტოკიო) — იაპონიის 122-ე იმპერატორი 1867-1912 წლებში. (მუცუჰიტოს გამგებლობის პერიოდს 1868 წლიდან ეწოდება მეიძი). იაპონიის პირველი იმპერატორი სიოგუნატის დამხობის შემდეგ მეიძი ისინის პერიოდი.

მისი დაბადების სახელი მუცუჰიტო იყო. იაპონიის საზღვრებს გარეთ მას ხშირად მოიხსენიებენ მუცუჰიტოდ, თუმცა იაპონიაში მხოლოდ მეიძის - გარდაცვალების სახელს უწოდებენ (იაპონიაში გარდაცვალების შემდეგ იმპერატორს ახალ სახელს უწოდებენ და ამ სახელით მოიხსენიებენ).

1852 წელს, მისი დაბადების დროს იაპონია იზოლირებული, ჩამორჩენილი, ტექნოლოგიურად განუვითარებელი, ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელსაც ტოკუგავას სოიგუნები და დაიმოები მართავდნენ. დაიმოები მსხვილი ფეოდალები იყვნენ, ისინი მართავდნენ იაპონიის 250 დეცენტრალიზებულ ოლქს. მუცუჰიტოს გარდაცვალებამდე იაპონიამ გაიარა სოციალური, პოლიტიკური და ინდუსტრიული რევოლუციიის პერიოდი და მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტის სიტყვებით, რომელიც მის დაკრძალვას ესწრებოდა, „კონტრასტი მათ შორის, რაც დასაკრძალი ურიკის წინ და უკან მიდიოდა, იყო გასაოცარი. ურიკის წინ მიდიოდა ძველი იაპონია, უკან კი ახალი იაპონია მოჰყვებოდა“.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში

ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეესაბამება. თუკი ერთ წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელი აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“. ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ.

ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია (98 %) და სამი ქალი (2 %).

როკუძიო

როკუძიო-ტენო (იაპონ. 六条天皇) (დ. 28 დეკემბერი, 1164 — გ. 23 აგვისტო, 1176) — იაპონიის იმპერატორი 1165–1168 წლებში.

როკუძიო იმპერატორ ნიძიოს ვაჟი იყო და უკვე 1 წლის ასაკში, 1165 წლის 3 აგვისტოს ტახტზე ავიდა. ორწლინახევრის შემდეგ 1168 წლის 30 მარტს იგი ტახტზე მისმა უფროსმა ძმამ ტაკაკურამ შეცვალა. იმპერატორმა როკუძიომ 12 წლის ასაკამდე იცოცხლა. მისი მმართველობის დროს რეგენტები ბაბუამისი, ექს-იმპერატორი გო-სირაკავა და ცნობილი პოლიტიკოსი ტაირა ნო კიიომორი იყვნენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (რუს. Русская Православная Церковь), ასევე ცნობილია, როგორც მოსკოვის საპატრიარქო (რუს. Московский Патриархат) — ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, უკავია მე–5 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში.

გეოგრაფია
აბსოლუტური
კონსტიტუციური
არჩევითი
სუბნაციონალური

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.