ეგვიპტე

ეგვიპტე (არაბ. مصر მისრ, misˤɾ ), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა (არაბ. جمهورية مصر العربية) — ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში (სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.

ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა
არაბ. جمهورية مصر العربية
ეგვიპტე
ეგვიპტის დროშა ეგვიპტის გერბი
დროშა გერბი
ეგვიპტის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კაირო
30°02′ ჩ. გ. 31°13′ ა. გ. / 30.033° ჩ. გ. 31.217° ა. გ.
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა უნიტარული ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი[1]
 -  პრ.-მინისტრი შერიფ ისმაილი
ფართობი
 -  სულ 1 001 450 კმ2 (30-ე)
 -  წყალი (%) 0.632
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 77 420 000 
 -  1996 აღწერა 59 312 914 
 -  სიმჭიდროვე 82,3 კაცი/კმ2 (120-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $443.430 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $5896 
აგი (2007) 0.708 (საშუალო) (112-ე)
ვალუტა ეგვიპტური ფუნტი (EGP)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი EGY
Internet TLD .eg
სატელეფონო კოდი 20

სახელწოდება

  • ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
  • არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
  • ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას „კემეს“ უწოდებდა, რაც „შავმიწას“ ნიშნავდა. Αἴγυπτος ანუ „ეგვიპტე“ ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს „მისრ“-ს. აქედანაა ძველქართული მისრეთი“.
  • ქვეყნის კოდი: EG.

ისტორია

ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმერმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:

1. ძველი სამეფო — ძვ. წ. 3000 წ. — დედაქალაქი მემფისი.

2. შუა სამეფო — ძვ. წ. 2000 წ. — დედაქალაქი თებე.

3. ახალი სამეფო — ძვ. წ. XVII-XIV სს. — დედაქალაქი თებე.

აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლებიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის პატივსაცემად, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.

ქრისტეს შობამდე 5000 წელს ხმელთაშუა ზღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო — ზედა და ქვედა.

ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტე იყო ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[2]). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. IIIძვ. წ. I ათასწლეულებში.

პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II დინასტია); ძველი სამეფო (III-VI დინასტია); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტია); შუა სამეფო (XI-XII დინასტია); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტია); ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტია); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტია); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია], ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX დინასტია, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

თანამედროვე ეგვიპტე

1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

გეოგრაფია

Egypt Topography
ეგვიპტის გეოგრაფიული რუკა

ქვეყანა მდებარეობს ორ კონტინენტზე — აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონი) და აზიის (სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი). სამხრეთით ესაზღვრება სუდანი (საზღვრის სიგრძეა 1273 კმ), დასავლეთით — ლიბია (1150 კმ), აღმოსავლეთით — ისრაელი (255 კმ) და პალესტინა (11 კმ). აღმოსავლეთით აკრავს მეწამული ზღვა, ჩრდილოეთით — ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის ტერიტორიის დააახლოებით 96 % უდაბნოა.

ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კმ, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი, არხის სიგრძე 160 კმ-ია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.

სახელმწიფო წყობა

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი (Abdel Fattah el-Sisi) – 2014 წლის 1 ივნისიდან.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).

ეგვიპტის ტერიტორიული მოწყობა

Egypt location map


ეგვიპტე ტერიტორიულად იყოფა 29 მუჰაფაზად. მუჰაფაზა ასევე იყოფა მარკაზებად (რაიონებად). რაიონების შემადგენლობაში შედის სოფლების სუბექტები.

ყველა მუჰაფაზს გააჩინია საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ხშირად ამ ცენტრების სახელები თავად მუჰაფაზებსაც ჰქვიათ.

2008 წლის აპრილში, კაიროს და გიზას გამოეყო 4 ტერიტორია, და შეიქმნა ახალი მუჰაფაზები: 6 ოქტომბერი, ჰელუანი, კაირო და გიზა.

მუჰაფაზები დედაქალაქი მხარე
ალექსანდრია ალექსანდრია ჩრდილოეთი
ასუანი ასუანი სამხრეთი
ასიუტი ასიუტი ცენტრალური
ბეჰეირა დამანჰური დასავლეთი
ბანი-სუაფი ბანი-სუაფი ცენტრალური
კაირო კაირო ჩრდილოეთი
დაკაჰლია ელ-მანსურა ჩრდილოეთი
დუმიატი დუმიატი ჩრდილოეთი
ელ-ფაიუმი ფაიუმი ჩრდილოეთი
გარბია ტანტა ჩრდილოეთი
გიზა გიზა ჩრდილოეთი
ჰელუანი ჰელუანი ჩრდილოეთი
ისმაილია ისმაილია აღმოსავლეთი
ქაფრ-ლ-შაიხი ქაფრ-ელ-შაიხი ჩრდილოეთი
მუჰაფაზები დედაქალაქი მხარე
მატრუჰი მარსა-მატრუჰი დასავლეთი
ელ-მინია ელ-მინია ცენტრალური
მონუფია შიბინ-ელ-ქუმი ჩრდილოეთი
ახალი ველი ელ-ხარგა სამხრეთი
ჩრდილოეთ სინაი ელ-არიში აღმოსავლეთი
პორტ-საიდი პორტ-საიდი ჩრდილოეთი
კალიუბია ბანჰა ჩრდილოეთი
კენა კენა ცენტრალური
წითელი ზღვა ჰურგადა სამხრეთ-აღმოსავლეთი
შარკია ელ-ზაკაზიკი ჩრდილოეთი
სუჰაგი სუჰაგი ცენტრალური
სამხრეთ სინაი ელ-ტური აღმოსავლეთი
სუეცი სუეცი აღმოსავლეთი
6 ოქტომბერი 6 ოქტომბერი ჩრდილოეთი

დემოგრაფია

ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.

  • მოსახლეობა: 90,03 მლნ (2015), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1 %, ნუბიელები 0,9 %. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98 % , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
  • ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
  • რელიგია: მუსლიმები 90 %, ქრისტიანები დაახლ. 10 %.
  • ქალაქები (ათ.): კაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).

ეკონომიკა

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 324 მლრდ $ (34-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე — 3724 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.
  • ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.
  • ბიუჯეტი: 21 500 მლნ $.
  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP).

ტურიზმი

Egypt.Giza.Sphinx.02
დიდი სფინქსი

აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.

კაირო ეგვიპტის დედაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.

კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-თაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბ-ბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.

ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.

მემკვიდრეობა

  • კაირო — ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ისლამური კაირო;
  • ლუქსორი — ლუქსორის და კარნაკის ტაძრები, მეფეთა ველი;
  • ელ-გიზა — პირამიდები და დიდი სფინქსი;
  • ასუანი — აბუ-სიმბელის ტაძარი;
  • სინაი — წითელი ზღვის ქორალური ბაღები.

ცნობილი ეგვიპტელები

  • პოლიტიკოსები – გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი;
  • დიპლომატები – ბუტროს გალი;
  • მწერლები – ნაგიბ მაჰფუზი;
  • მსახიობები – ომარ შარიფი, სუად ჰუსნი;
  • ბიზნესმენი – მოჰამედ ალ-ფაიედი;
  • სპორტსმენები – მოჰამედ სალაჰი; მიდო; მოჰამედ ზიდანი; ამრ ზაკი;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Egypt's Mubarak resigns as leader (11 February 2011). წაკითხვის თარიღი: 11 February 2011.
  2. ერთი და იმავე საგვარეულოს მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ტახტზე ნათესაობისა და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე
ალექსანდრია

ალექსანდრია (არაბ. اسكندرية [eskendeˈrejjæ], ძვ. ბერძნ. Aleksándreia, კოპტ. Rakotə) — ქალაქი ეგვიპტეში. სახელი მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე დიდის პატივსაცემად დაერქვა და როგორც ეგვიპტის პტოლემეური მმართველების სატახტო ქალაქი, მყისვე გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ელინისტურ სამყაროში - ჩამორჩებოდა რა მხოლოდ რომს მისი სიდიდითა და სიმდიდრით ანტიკურობის ხანის განმავლობაში. თუმცა ეგვიპტის შუა საუკუნეების მაჰმადიანი მმართველების მიერ ქაიროს დაფუძნების შემდეგ ალექსანდრიის სტატუსი, როგორც ქვეყნის დედაქალაქისა, მალევე დასრულდა. ამან დასაბამი მისცა მის დაღმასვლას და ოსმალეთის იმპერიის პერიოდში ის უკვე იმდენად დაკნინდა, რომ მხოლოდ მცირე მეთევზეთა სოფლადღა მოიხსენიებოდა.

ანტიკურ ხანაში ალექსანდრია ცნობილია იყო მისი შუქურით (მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ერთ-ერთი) და ბიბლიოთეკით (მსოფლიოში უდიდესი). ალექსანდრიის მიდამოების არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1994 წელს, რამაც ალექსანდრიის პტოლემეოსის დინასტიის პერიოდის მრავალი დეტალი გამოავლინა.

ამენემჰეტ III

ამენემჰეტ III — ეგვიპტის ფარაონი. მეფობდა ძვ.წ. დაახლოებით 1849-1801 წლებში. მის დროს განმტკიცდა სახელმწიფო ხელისუფლება, რამაც შეასუსტა ნომარქოსთან ძლიერება. აყვავდა ეგვიპტის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება; გაფართოვდა ვაჭრობა სირიასთან (კერძოდ, ბიბლოსთან), გაიზარდა საირიგაციო მშენებლობა; წარმოებდა ნუბიის, სირიისა და სინას ბუნებრივ სიმდიდრეთა ინტენსიური ექსპლუატაცია. ფაიუმში (ჩრდილოეთი ეგვიპტე) აშენდა ქვის გრანდიოზული ტაძარი, რასაც ბერძნებმა ლაბირინთი უწოდეს (შესაძლოა, ამენემჰეტ III-ის სახელის "ლამარეს - ლაბირეს" გამო). ლაბირინთს მიაკუთვნებდნენ "სამყაროს შვიდი საოცრების" რიცხვს.

ბაკენრენეფი

ბაკენრენეფი (ასევე ბოკხორისი) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეოთხე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მესამე გარდამავალი პერიოდის დროს. ბაკენრენეფის მმართველობა ძვ.წ. 725 დაიწყო და დასრულდა ძვ.წ. 720, მან 5 წელი სრულად იმეფა. ბაკენრენეფის შემდეგ ეგვიპტე დაიშალა, ზემო ეგვიპტის სათავეში ქუშის სამეფოს მეფე პიანხი მოვიდა, რითაც ზემო ეგვიპტეში ოცდამეხუთე დინასტიის მმართველობა დაიწყო. მხოლოდ ფარაონ შაბაკას მმართველობის დროს გაერთიანდა ეგვიპტე, რა დროსაც შაბაკა მეფობდა, როგორც გაერთიანებული ეგვიპტის ფარაონი და ქუშის სამეფოს მეფე.

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია

ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ეგვიპტური სატრაპია ----- აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია ძვ.წ. 343 წლიდან ძვ.წ. 332 წლამდე იყო. რამდენიმე წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რის დროსაც ეგვიპტეში სამსა დინასტიამ იმეფა (28-ე, 29-ე და 30-ე დინასტიები), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358 - ძვ.წ. 338) ხელახლა დაიპყრო ეგვიპტე და დაიწყო ეგვიპტეში სპარსელთა მეორე მმართველობა, რომელიც ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტიის სახელითაა ცნობილი.

ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი

პირველი შუალედური პერიოდი — ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ–ერთი ეტაპია, რომელიც გრძელდებოდა ძვ.წ 2280–2016 წლებში. იგი მოიცავს VII-X დინასტიებს. ეს ეგვიპტის ისტორიაში მეტად მძიმე პერიოდია. ამერიკელი მეცნიერის ვ.ჰეისის რეკონსტრუქციით, VI დინასტიიდან IX დინასტიამდე სულ 21 წელი გავიდა. მანეთონს აქვს ცნობა, რომლის მიხედვითაც VII დინასტია შედგება 70 მეფისაგან, რომლებიც 70 დღეს მეფობდნენ.

ეგვიპტის ძველი სამეფო

ეგვიპტის ძველი სამეფო — ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა. მას სხვანაირად პირამიდების ეპოქას უწოდებენ. ძველი სამეფო ფარაონის აბსოლუტური ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტური პირამიდის მფლობელი ფარაონის–ჯოსერის გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი - იმჰოტეპი - ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ–ერთ ღვთაებად შერაცხეს.

ზემო ეგვიპტე

ტა-შემაუ (ძვ. ეგვ. tA-Smaw), თებაისი (ძვ. ბერძნ. θηβαίς), ზემო ეგვიპტე (ლათ. Aegyptus Superior) — ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქი. მდებარეობდა ნილოსის ზემო დინების ვიწრო ხეობაში. სამხრეთით ესაზღვრებოდა ნილოსის პირველი ჭორომი, ხოლო ჩრდილოეთით ფაიუმის ოაზისი. ძველ ეგვიპტურ ენაზე ტა-შემაუ ნიშნავს „ლერწამის ქვეყანას“.

ინტეფ II

უაჰანხ ინტეფ II (ასევე ინიოტეფ II, ანტეფ II) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეთერთმეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა პირველი გარდამავალი პერიოდის დროს. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 2112, ინტეფ II-მ დაახლოებით 50 წელი იმეფა, მისი მმართველობა დასრულდა ძვ.წ. 2063 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ინტეფ III ავიდა. მისი მეფობის დროს დედაქალაქად თებე იყო გამოცხადებული, ინტეფის მეფობის დროს ეგვიპტე რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი და ერთდროულად რამდენიმე დინასტია მართავდა ეგვიპტის სხვადასხვა ნაწილებს.

მენესი

მენესი — ისტორიული ტრადიციით, ძველი ეგვიპტის მეფე (ძვ. წ. XXX ს.). ჰეროდოტესა და მანეთონის მიხედვით პირველი დინასტიის პირველი ფარაონი. კარგი მეომარი და ენერგიული ადმინისტრატორი. გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე; მათ საზღვარზე დააარსა სამეფო რეზიდენცია მემფისი. იმეფა დიდხანს. მისი მეფობის დროს დასრულდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის ხანგრძლივი პროცესი.

მენტუჰოტეპ II

ნებჰეპეტრა მენტუჰოტეპ II — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) მეთერთმეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა შუა სამეფოს პერიოდში. მენტუჰოტეპ II-ის მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 2061 წელს და დასრულდა ძვ.წ. 2010 წელს, მენტუჰოტეპმა დაახლოებით 51 წელი იმეფა. მენტუჰოტეპმა მმართველობის ოცდამეცხრამეტე წელს ეგვიპტე კვლავ გააერთიანა, რითაც ეგვიპტეში პირველი გარდამავალი პერიოდი დასრულდა და დაიწყო შუა სამეფოს პერიოდი, იგი მიჩნეულია შუა სამეფოს პერიოდის პირველ ფარაონად (მეფედ).

მერშეპსესრა ინი

მერშეპსესრა ინი — ძველი ეგვიპტელი მეფე (ფარაონი) მეცამეტე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. დერელ ბეიკერის მიხედვით მერშეპსესრა ინი იყო მეცამეტე დინასტიის ორმოცდამეექვსე ფარაონი. ცნობილია, რომ იგი მართავდა ზემო ეგვიპტე, თუმცა უცნობია მისი მმართველობის თარიღი და ხანგრძლივობა.

ნაქადა III

ნაქადა III — პრეისტორიული ეგვიპტის ნაქადას კულტურის ბოლო ფაზა, რომელიც თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 3200 წლიდან ძვ.წ. 3000 წლამდე. ეს არის პერიოდი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას (ფორმირებას), ეს პროცესი ნაქადა II-ის დროს დაიწყო. ამ პერიოდში უკვე თვალსაჩინოდ ჩნდებიან მეფეები, რომლებიც ძლიერ სახელმწიფოს მეთაურობდნენ. ნაქადა III ხშირად მოხსენიებულია, როგორც 0 დინასტია ან წინადინასტიური პერიოდი.

ნექტანებ II

ნექტანებ II (ან ნახტჰორჰები) — ოცდამეათე დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. ნექტანებ II მოიხსენიება, როგორც ძველი ეგვიპტის უკანასკნელი ადგილობრივი ფარაონი, იგი მებობდა ძვ.წ 360–342 წლებში. ნექტანებ II-ის მმართველობის დროს ეგვიპტე აყვავდა. მისი მეფობის დროს ეგვიპტურ ხელოვნებაში შეიქმნა სპეციალური სტილი, რომელმაც განსაკუთრებული ნიშანი დატოვა ბარელიეფში, პტოლემეების ეპოქის დროს. ნექტანებ II-მ ნექტანებ I-ის მსგავსად დიდი ყურადღება გამოიჩინა ყველა ეგვიპტური კულტის მიმართ და ეგვიპტის ასზე მეტი ადგილი ატარებს მისი ყურადღების მტკიცებულებას. ნექტანებ II-მ საკუთარ თავზე უფრო მეტი ნაგებობის აშენება და რესტავრაცია აიღო, ვიდრე ნექტანებ I-მა, კერძოდ ღვთაება ისიდას უზარმაზარი ტაძრის მშენებლობა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ნექტანები წარმატებით უნარჩუნებდა ეგვიპტეს უსაფრთხოებას და თავს არიდებდა აქემენიანთა იმპერიის მხრიდან მომავალ საფრთხეებს. მისი ყოფილი მსახურის მენტორ როდოსელის ღალატის შემდეგ, ძვ.წ. 343 წელს ნექტანებ II საბოლოოდ მაინც დამარცხდა სპარსულ-ბერძნული კომბინირებული ძალის წინააღმდეგ პელუზიის ბრძოლაში. ძვ.წ. 342 წელს სპარსელებმა ჯერ მემფისის ოკუპაცია მოახდინეს, შემდგომ კი მთელი ეგვიპტის. რის შემდეგაც ეგვიპტე კვლავ დაბრუნდა აქემენიანთა იმპერიის შემადგებნლობაში. განცდილი მარცხის შემდეგ ნექტანები სამხრეთით გაიქცა და გარკვეული დროის მანძილზე ინარჩუნებდა ძალებს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

პიანხი

პიანხი — ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. VIII საუკუნეში, XXV (ეთიოპური) დინასტიის პირველი მეფე. ძვ. წ. 728 წელს დაქუცმაცებული ზემო ეგვიპტე ადვილად დაიკავა პიანხის ჯარებმა. ამის პარალელურად ეგვიპტის დარცენილ ტერიტორიას მართავდნენ XXIV დინასტიის წარმომადგენლები: ტეფნახტ I და ბოკჰორისი, რომლებიც თავიანთ თავს მეფეებს უწოდებდნენ. პიანხი გარდაიცვალა ძვ. წ. 721 წელს. იგი შეცვალა შაბაკამ.

პტოლემე I

პტოლემე I სოტერი (ბერძ. Πτολεμαῖος Σωτήρ) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 305-283 წწ. ეგვიპტე სამმართველოდ მიიღო ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ. მის დროს საირიგაციო სისტემა აღადგინეს, თებესთან ახალი ქალაქი პტოლემაიდა დაარსდა.

პტოლემეების დინასტია

პტოლემეები — დინასტია ეგვიპტეში ძვ.წ IV—I საუკუნე. დინასტიამ ეგვიპტის მართვა დაიწყო ელინიზმის პერიოდში, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ. დინასტიიდან ეგვიპტის პირველი მმართველი იყო პტოლემე I.

ფარაონი

ფარაონი — ძველი ეგვიპტელი მეფეების ტიტული. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი „ფარაონი“ ორი სიტყვის შერწყმაა: „პერ-აა“, რაც „დიდ სახლს“ ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.

გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი „რა“ იყო. შემდეგ მოდიოდნენ სხვა ღმერთები. მოგვიანებით ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი „ხორი“ ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახე და პორტრეტია. თითოეული ფარაონი რას და ხორის შთამომავლად ითვლებოდა და მისი ე.წ ტიტულატურა ხუთი სახელისგან შედგებოდა: ხორის, ოქროს ხორის, ორი ქალღმერთის (ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფე+სახელი) და რას ვაჟის სახელებისგან. ფარაონი სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. „პერ-აა“-ს თავიდან ფარაონის სახლს ეძახდნენ, დაახლოებით შუა სამეფოს დასასრულიდან კი თავად ფარაონსაც ასე მოიხსენიებდნენ.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალი ცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი. ეგვიპტეს ფარაონი ქალებიც მართავდნენ (ნიტოკრისი — VI დინასტია; ნეფრუსებეკი — XII დინასტია, ძვ. წ. 1789-1785; ჰატშეფსუტი — XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490-1468). ყველა ეგვიპტურ ტაძარში ქებას უძღვნიდნენ ფარაონს, როგორც ღმერთს. თვით ფარაონიც ღმერთს უგალობდა. იგი ღმერთკაცად ითვლებოდა და სჯეროდათ, რომ ფარაონსა და ღმერთს შორის ურღვევი კავშირი არსებობდა.

ქვემო ეგვიპტე

ტა-მეჰუ (ძვ. ეგვ. tA-mHw), დელტა (ძვ. ბერძნ. Δέλτα), ქვემო ეგვიპტე (ლათ. Aegyptus Inferior) — ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქი. ქვემო ეგვიპტე დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეულში და დამოუკიდებლად არსებობდა მენესის მიერ ძველი ეგვიპტის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბებამდე. ქვემო ეგვიპტე დაყოფილი იყო 20 რაიონად, რომლებასაც ნომები ეწოდებოდა. ქვემო ეგვიპტის დედაქალაქი იყო ბუტო. ქვემო ეგვიპტეში კლიმატი უფრო რბილი იყო ვიდრე ზემო ეგვიპტეში, რაც გამოწვეული იყო ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს მდებარეობით. ძველ ეგვიპტურ ენაზე ტა-მეჰუ ნიშნავს „პაპირუსების ქვეყანას“.

ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით. ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

ქვეყნები და ტერიტორიები აფრიკაში
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა
არაღიარებული
ქვეყნები
ნაწილობრივ აფრიკაში
დამოკიდებული
სადავო ტერიტორიები
არაბული რესპუბლიკები
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები და ტერიტორიები
სუვერენული სახელმწიფოები
ტერიტორიები
არაბულენოვანი ქვეყნები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.