ეგეოსის კულტურა

ეგეოსის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურაბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III-II ათასწლ.) — კულტურა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (კონტინენტური საბერძნეთი, კ. კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები). XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების (ჰომეროსი, ჰესიოდე და სხვა.) ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო.

William Faden. Composite Mediterranean. 1785.I
ეგეოსის რეგიონი

განვითარების ეტაპები

ეგეოსის კულტურის განვითარების რამდენიმე ცალკეულ ეტაპს განარჩევენ:

  • ადრინდელი ბრინჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 2800/2600 — 2100/2000).
  • შუა ბრინჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 2100/1900 — 1580/1550).
  • გვიანდელი ბრიჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 1580/1550 — 1200/1100).

ისტორია

ადრინდელი ბრინჯაოს ხანა

Figure cycladique Louvre Ma2709
კიკლადური კერპი

ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში ეგეოსის კულტურამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. მეტალურგიის წარმოქმნის შედეგად განვითარდა და დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. აღსანიშნავია ამ ხანის კიკლადური ხელოვნება (მარმარილოს მცირე ზომის ქანდაკებები).

ხსენებული პერიოდის გლიპტიკის საუკეთესო ნიმუშებია სხვადასხვა გამოსახულებით შემკული ბეჭდები. ამ დროს კუნძულ კრეტაზე დიდი ყურადღება ექცეოდა დასახლებათა დაგეგმარებას და კეთილმოწყობას. ჰისარლიქის მაღლობზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასახლება. 5 კულტურული ფენიდან საყურადღებოა ტროა II, რომელიც შლიმანს შეცდომით ჰომეროსის ტროა ეგონა. ამ დროს ეგეიდური კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა მცირეაზიული, აფრიკული, ჩრდილობალკანური და სხვა კომპონენტი.

შუა ბრინჯაოს ხანა

Akrotiri blue monkeys
„ლურჯი მაიმუნები“ ფრესკა სანტორინიდან

შუა ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა, რასაც მინოსური კულტურის დინამიზაცია მოჰყვა: კრეტა მთელი ეგეიდის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. დაწინაურდა ფესტოსი და კნოსოსი. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. კნოსოსის დიდი სასახლე (მინოსის სასახლე), რომლის ფართობი 16 ათ. მ²-ს აღწევდა.

ის გამოირჩეოდა თავისუფალი და რთული გეგმარებით. ცენტრში დიდი საზეიმო ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ განლაგებული იყო სხვადასხვა სიდიდისა (არანაკლებ 3-სართულიანი და მეტიც) და ფორმის შენობები, რომლებიც ნათდებოდა ჭერში დატანებული ხვრელებიდან ან შევიდა ეზოებიდან. სართულები დაკავშირებული იყო ქვის საძირკვლებზე დაყრდნობილი ხის სვეტებით. კუნძულ კრეტაზე ცნობილია აგრეთვე ფესტოსისა და აგია-ტრიადის სასახლეები, რომელთა კედლებზე შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ფრესკული ფერწერა. ფერთა საუცხოო შეზავებითა და მოხაზულობით მათზე გამოსახულია კრეტის საზოგადოების ცხოვრება, ჩაცმულობა. ამ დროს სპირალური ორნამენტის გაჩენამ დინამიკურობის შთაბეჭდილება შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. კამარესის სტილის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული კერამიკა. ამ დროს მოხდა ტროა VI-ის კულტურის ამაღლება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დასახლების III-IV ფენათა კულტურისაგან. საბერძნეთში შუა ბრინჯაოს ხანაში მრავალი კატასტროფა მოხდა. დაინგრა ძველი დასახლებანი და დაარსდა ახალი. ტროისა და საბერძნეთის კულტურას ბევრი საერთო ნიშანი აქვს: სამეთუნეო ჩარხის შემოღება, რუხი გაპრიალებული კერამიკის წარმოება, დასახლებული ადგილების გამაგრება, მეგარონის ტიპის შენობების აგება, ცხენის გამოყენება. მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ცვლილებებს მიაწერს მცირე აზიიდან ხალხთა გადასახლებას, მეორე კი — ჩრდილოეთიდან ბერძენ ტომთა შემოსვლას.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანა

Young boxers fresco, Akrotiri, Greece
„მოკრივე ბიჭები“ კუნძულ სანტორინიდან

გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში კრეტის კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია; ამავე პერიოდში მოხდა მისი დაქვეითებაც. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კნოსოსმა, რომელსაც ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში მჭიდრო კავშირი ჰქონდა კონტინენტურ საბერძნეთთან, ელადურ კულტურასთან. ამ ხანის კნოსოსის ფრესკებზე გადმოცემულია ცხოვრებისეული სცენები, ადამიანის წამიერი განცდები. აღსანიშნავია გაპრიალებული მინოსური კერამიკა, რომლებზეც მოცემულია სტილიზებული ორნამენტი, ზღვის სამყარო, საკულტო სიმბოლოები, აგრეთვე ფუფუნების საგნები, ამულეტები გემები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სასახლეები, რომლებშიც მრავალრიცხოვანი დარბაზები, გასასვლელები, სააბაზანო ოთახები, წყალსადენები იყო. მინოსურ ხელოვნებაში იგრძნობა სწრაფვა მცირე ზომებისა და ინტიმურობისაკენ. განვითარებული ყოფილა დამწერლობა. უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან კ. კრეტაზე ხმარებაში უნდა ყოფილიყო იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობა. განსაკუთრებით საინტერესოა ფესტოსის დისკო, რომელზეც მატრიცებით ამოტვიფრულია დამწერლობის სრულიად უცხო ნიშნები. მისი პარალელები ძველ სამყაროში ჯერჯერობით არ მოიპოვება. ყველაზე მეტად გავრცელებული ყოფილა მინოსური A-ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობა (აღმოჩენილია 300-მდე დოკუმენტი) და მისგან განვითარებული B-ხაზოვანი, რომლის გამოყენებით შედგენილი დოკუმენტი მრავლადაა აღმოჩენილი კნოსოსსა და კონტინენტურ საბერძნეთში (მიკენი, პილოსი). ამავე წრეს განეკუთვნება კვიპროსული C-ხაზოვანი დამწერლობაც. აღნიშნულ სისტემათაგან ამ ეტაპზე გაშიფრულია B-ხაზოვანი დამწერლობა (1952, მ. ვენტრისი), რომელიც, როგორც ჩანს, უმთავრესად ბერძნულენოვანი დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა. გვიანდელი ბრინჯაოს ხანა კონტინენტურ საბერძნეთში აღინიშნა მიკენის კულტურის აღმავლობით. მიკენში, არგოლიდაში, ორქომენოსში და სხვა დასახლებებში მინოსური კულტურის ძლიერ გავლენასთან ერთად დამოუკიდებელ ნიშნებსაც ვხვდებით. ძვ.წ. 1300 წლისათვის მიკენი კულტურის ცენტრად იქცევა, რაც სავსებით შეესაბამება ჰომეროსის ეპოსში წარმოდგენილ სურათს. მიკენურ კულტურას ახასიათებს ფერდობზე განლაგებული მეგარონის ტიპის გამაგრებული მონუმენტური სასახლეები, რომელთა ძირშიც მჭიდროდ დასახლებული დაბები იყო, შახტური და გუმბათიანი სამარხები. ხელოვნებაში შეინიშნება სტატიკურობა და სიმკაცრე. ფრესკებზე უმთავრესად საბრძოლო სცენებია გამოსახული. მიკენის კერამიკაში ჩნდება ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებანი. მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოსა და ოქროსგან სხვადასხვა ნივთების დამზადება. დიდებულთა სასახლეებში შეინიშნება სწრაფვა ასეთი ნივთების დაგროვებისაკენ. მიკენური პროდუქციისათვის შეიქმნა სტანდარტები (მაგ. მიცვალებულთა ოქროს ნიღბები). მიკენის კულტურის გავლენა გავრცელდა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიაში, შესაძლოა იტალიაშიც.

ძვ.წ. XIII საუკუნის დასასრულს ეგეიდასა და მცირე აზიაში მძლავრი კატასტროფები მოხდა — ე.წ. ზღვის ხალხების შემოსევების შედეგად დაემხო ხეთების იმპერია უგარითი, დაქვეითდა ეგეოსის კულტურა; დაინგრა მრავალი დასახლება . დორიელთა შემოსვლით საბერძნეთში დაიწყო ახალი ხანა. ეგეოსის რელიგიის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. კრეტაზე დედაღმერთის კულტს ეთაყვანებოდნენ. მრავლადაა ხელაპყრობილი ღვთაებების ქანდაკებები. B-ხაზოვან წარწერებში მოხსენიებულია ზევსი, პოსეიდონი, არტემიდე, ჰერმესი, ათენა და სხვა ღმერთები.ძნელია ეგეოსური საზოგადოების სტრუქტურის განსაზღვრაც . კრეტაზე უნდა ყოფილიყო მეფე და მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა. B-ხაზოვანი დამწერლობა საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ საზოგადოების რამდენიმე ფენა: უზენაესი მმართველი (wanax); მხედართმთავარი (lawagetas); წარჩინებულნი (toreta); მამულის მფლობელი სამხედრო პირნი (moraga); კორპორაცია, რომელიც აერთიანებს მიწათმფლობელებს, ხელოსნებს, მწყემსებს (damos) და ა.შ. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი კომპონენტი იყო ანატოლიური წარმომავლობის არაინდოევროპული ტომები, გამოთქმულია თვალსაზრისი ეგეოსურ და ქართველურ ტომთა შორის არსებული მჭიდრო მიმართებების შესახებ, რაც ნეოლითსა და ბრინჯაოს ხანაში მომხდარი გადასახლებებით შეიძლება აიხსნას

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 5-6, თბ., 1979 წელი.
  • ეგეოსის კულტურა ბრინჯაოს ხანაში ტ 4-5, 1968. რ. გორდეზიანი
აგია-ტრიადა

აგია-ტრიადა, ჰაგია-ტრიადა (ბერძ. Αγία Τριάδα) — ნაქალაქარი კუნძულ კრეტაზე, ფესტოსის მახლობლად. ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. სახელწოდება მიიღო თანამედროვე სოფელ აგია-ტრიადადან.

კვლევა დაიწყო 1901 წლიდან. მისი უძველესი ფენები მიეკუთვნება ნეოლითის ხანას. აგია-ტრიადამ აყვავების საფეხურს ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში მიაღწია (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში). აგია-ტრიადას ნაგებობები განლაგებული იყო სასახლის გარშემო, შედარებით უკეთ არის შემონახული სასახლის ჩრდილოეთ-დასავლეთის ნაწილი. აღმოჩენილია საზეიმო (9 მ X 6 მ) და სვეტებიანი დარბაზები, წარწერებიანი თიხის ფირფიტების არქივისა და სხვა სათავსები. აგია-ტრიადის დაცემა დაკავშირებულია კუნძულ კრეტაზე აქაველების შემოსევასთან (ძვ. წ. XV საუკუნე).

ალექსანდრე წერეთელი

ალექსანდრე (ალიოშა) იოსების ძე წერეთელი (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფელი ცხრუკვეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — გ. 29 მარტი, 1967, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927).

ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი (მაკედონია)

ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი (აბრევიატურა NOF) (მაკედ. Народно Ослободителен Фронт (НОФ)), ასევე ცნოვილი, როგორც სახალხო გამათავისუფლებელი ფრონტი — კომუნისტური პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მაკედონური უმცირების მიერ საბერძნეთში. ორგანიზაცია მოქმედებდა 1945-1949 წლებში, მეტწილად საბერძნეთის სამოქალაქო ომში. ამ ორგანიზაციის მონაწილეობა საბერძნეთის სამოქალაქო ომში უფრო ნაციონალისტური ხასიათის იყო, ვიდრე კომუნისტურის და მიზნად ისახავდა საბერძნეთისგან გამოყოფას.

მაკედონია (რომის პროვინცია)

მაკედონია (ლათ. Macedonia) — რომის რესპუბლიკის, შემდეგ კი რომის იმპერიის პროვინცია.

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძ. Ελληνική Δημοκρατία - გამოითქმის როგორც ელინური რესპუბლიკა, რაც მისი ოფიციალური სახელიცაა) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ჩრდილოეთით ბულგარეთთან და თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მათ შორისაა: კრეტა, დოდეკანესი, იონიის კუნძულები, კიკლადი. საბერძნეთის 80 % შედგება მთიანი რელიეფისგან და მისი უმაღლესი მთა ოლიმპო 2917 მეტრს აღწევს.

ჰაინრიხ შლიმანი

ჰაინრიხ შლიმანი (გერმ. Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann; დ. 6 იანვარი, 1822, ნოიბუკოვი — გ. 26 დეკემბერი, 1890, ნეაპოლი) — გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი, სახელი გაითქვა ტროის აღმოჩენით. მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.

ბავშვობაში შლიმანს მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს. 7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა, რომ ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც. 14 წლისამ სკოლა მიატოვა და დუქანში დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე ვაჭრობას მიჰყო ხელი. 1863 წელს, კი დიდების ზენიტში მყოფმა მილიონერმა მიატოვა კომერცია და ბავშვობის ოცნების ასრულება დაიწყო. ჯერ კიდევ 1841 წელს შლიმანი თავისივე გამოგონებული მეთოდით 18 თვეში დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებს. თითოეული ენის ისე შესწავლას, რომ თავისუფლად წერა-კითხვა და ლაპარაკი შესძლებოდა, 6 კვირას ანდომებდა. 1844 წელს ლიტერატურის არქონის მიუხედავად ამდენივე ხანში დასძლია რუსული ენა. 1854 წელს შეისწავლა შვედური და პოლონური, 1856 წელს კი ბერძნულიც. საბოლოო ჯამში მან 20 ენა იცოდა, მათ შორის თურქული და არაბულიც.

შლიმანი სავაჭრო საქმიანობისას რუსეთში იმყოფებოდა. აქ მან სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბანკის დირექტორობას, ამავე ქალაქის სავაჭრო სასამართლოს მოსამართლეობასა და რუსეთის საპატიო მოქალაქეობასაც მიაღწია. მას რუსეთი იმდენად უყვარდა, რომ მზად იყო შემდგომში თავის მიერ აღმოჩენილი უდიდესი საფასურის მქონე განძეული რუსეთისათვის ნახევარ ფასში დაეთმო. თუმცა, საბოლოოდ განძეული გერმანიის მუზეუმებში აღმოჩნდა.

შლიმანის თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ნაწარმოებებს მითებად მიიჩნევდნენ. ზოგიერთს ეჭვი შეჰქონდა ჰომეროსის არსებობაშიც კი. იმდროინდელი ჰიპოთეზებით ტროა იქ მდებარეობდა, სადაც დღეს თანამედროვე საბერძნეთის პატარა სოფელი ბურნაბაშია. შლიმანმა გარისკა და უარყო ეს მოსაზრებები. მან გათხრები დაიწყო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით, სკამანდერას ველზე, ზღვის ნაპირზე, ე.წ. „ჰისარლიყის ბორცვზე“. იმ დროს საბერძნეთის ეს ნაწილი თურქეთს ემორჩილებოდა. გათხრებისათვის ნებართვის აღება თურქეთის ხელისუფლებისაგან ძალზე გაუძნელდა. სწორედ ამიტომ მოპოვებული საგანძური შემდგომში შლიმანმა ჩუმად გადაგზავნა თავის სამშობლოში.

1884-1885 წლებში შლიმანმა გათხარა ქალაქი ტირინთი ქ. მიკენის მახლობლად. აქ მან აღმოაჩინა ჰომეროსამდელი დროის ეგეოსის კულტურა, რომელსაც დღეს მეცნიერები კრეტა-მიკენის კულტურას უწოდებენ. მიკენსა და ტირინდში შლიმანი წააწყდა აზიური და აფრიკული კულტურების კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს, კერძოდ აქ იყო საბერძნეთისა და ეგვიპტის მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთები.

მთელი ამ არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების თანამონაწილე იყო შლიმანის ბერძენი მეუღლე სოფიო ენგასტრომენოსი, რომელიც ჰაინრიხმა 1869 წელს შეირთო ცოლად. სოფიო ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მის ერთგულ და დაუღალავ თანაშემწეს წარმოადგენდა. შლიმანის სიყვარულს ჰომეროსის მითებისადმი ისიც ადასტურებს, რომ მის ორ ვაჟს ერქვათ ანდრომაქე და აგამენონი.

კაცს, რომელმაც საბერძნეთის ისტორიას ათასი წელი შეჰმატა, მისი დროის პროფესიონალი არქეოლოგების უმეტესობა არ აღიარებდა. მას შეშლილსა და მატყუარას უწოდებდნენ. გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი, მას დილეტანტად მოიხსენიებდა და მილიონერ შლიმანს იმასაც კი აბრალებდა, თითქოს არქეოლოგია შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ჰქონდა გამხდარი. ამ ადამიანის უმთავრესი დამსახურებები კაცობრიობის წინაშე ისაა, რომ მან ჰომეროსის მითები ისტორიად აქცია, ამასთან მეცნიერთა თვალში ჰაინრიხის აღმოჩენებმა მითების წონა აღამაღლა, როგორც ისტორიის ერთგვარი წყაროებისა. შლიმანმა დაამტკიცა, რომ საბერძნეთის ისტორია პირველი ოლიმპიადიდან კი არა, ძვ. წ. 1180 წლიდან — ტროას ომიდან იწყებოდა. აგრეთვე მისი აღმოჩენებით დადასტურდა საბერძნეთ-ეგვიპტის ურთიერთობაც. თუმცა, შლიმანის დამსახურებების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ იგი თვითნასწავლი არქეოლოგი იყო და ძეგლებსაც არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა. შლიმანი ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის სისწორეში, მაგრამ მისი ყველა პირველი განსაზღვრა და თარიღი არასწორი აღმოჩნდა. ამდენად მის დეტალურ არქეოლოგიურ დღიურებსა და პუბლიკაციებს დაბალი სამეცნიერო ღირებულება აქვს. შლიმანი იტალიის ქალაქ ნეაპოლში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ათენში გადაასვენეს. მის კუბოსთან იდგნენ საბერძნეთის მეფე და უფლისწული, დიპლომატიური წარმომადგენლები, საბერძნეთის მინისტრები, ყველა ბერძნული სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელები და რა თქმა უნდა მისი ოჯახი: სოფიო, ანდრომაქე და აგამენონი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.