დავითი

დავითი, დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფსალმუნე (ებრ. דָּוִד; დ. დაახ. ძვ. წ. 1035, ბეთლემი — გ. ძვ. წ. 965, იერუსალიმი) — ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი.

მეფობდა 40 წელს (დაახ. ძვ. წ. 1005—965): შვიდი წელი და ექვსი თვე იყო იუდეის მეფე, დანარჩენი 33 წელი ისრაელის მეფე. ის არის მმართველის იდეალური განსახიერება. წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.

ბიბლიის მიხედვით დავითი იყო მწყემსი. ღმერთმა ნახა მისი სიკეთე, ამიტომ მოაშორა საული სამეფოს და ტახტზე დავით წინასწარმეტყველი აიყვანა.

დავითი აბრაამისეული რელიგიების ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ის გვხვდება იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა ტრადიციებში. ყურანში ის დაუთის სახელითაა მოხსენიებული.

დავითი
דָּוִד
Rey David por Pedro Berruguete

პედრო ბერუგეტე, დავითი, XV ს.
გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მე-2 მეფე
მმართ. დასაწყისი: დაახ. ძვ. წ. 1005
მმართ. დასასრული: 965
წინამორბედი: საული
მემკვიდრე: სოლომონ მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახ. ძვ. წ. 1035
დაბ. ადგილი: ბეთლემი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 965
გარდ. ადგილი: იერუსალიმი
მეუღლე: მიქალი, აჰიონამი, აბიგაილი, მახაჰი, ჰაგითი, ეგლაჰი, აბიტალი და ბერსაბე
შვილები: ამნონი, თამარი, აბესალომი, ადონია, სოლომონი
დინასტია: იუდეას მეფეთა დინასტიის დამაარსებელი
მამა: იესეი
რელიგია: იუდაიზმი

ხსენების დღე

დავით წინასწარმეტყველი იუდაიზმში, ქრისტიანობაში და მუსულმანობაში აღიარებულია წმინდანად. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღე გარდამავალ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება და უწევს შობის შემდეგი კვირა დღე (თუ შობის დღესასწაული კვირა დღეა, მაშინ იდღესასწაულება მომდევნო კვირა დღეს).

რესურსები ინტერნეტში

ალექსი I (ტრაპიზონი)

ალექსი I დიდი კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Α΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1181, კონსტანტინოპოლი, ბიზანტია — გ. 1 თებერვალი, 1222, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის პირველი იმპერატორი 1204–1222 წწ. კომნენოსების დინასტიის დამაარსებელი.

ალექსი იყო ბიზანტიის კარის სევასტოკრატორის მანუელ კომნენოსის და საქართველოს მეფის გიორგი III-ის ასულის რუსუდანის შვილი. 1185 წელს კონსტანტინოპოლში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიღუპა მისი მამა და პაპა ანდრონიკე I, ალექსი და მისი ძმა დავითი საიდუმლოდ გადავიდნენ საქართველოში, სადაც უკვე მათი დეიდა თამარი მეფობდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა თამარ მეფემ და ტრაპიზონის იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის იმპერატორადაც თავისი დის შვილი ალექსი I აკურთხა.

ბაგრატ V დიდი

ბაგრატ V დიდი (გ. 1393) — საქართველოს მეფე 1360–1393 წლებში, დავით IX-ის ძე.

ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი.

ბაგრატ V-ის მეფობის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1366 წელს მისი მსხვერპლი გახდა დედოფალი ელენე, რომლისაგანაც მეფეს ორი ძე გიორგი და კონსტანტინე ჰყავდა. 1367 წლის ივნისში ბაგრატ V დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის, იოანე-ალექსი III-ის ასულ ანაზე, რომლისაგანაც შეეძინა მესამე ვაჟი დავითი. 1367 წელსვე მან ჩაახშო სვანთა აჯანყება.

ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს: 1386 წელს თემურლენგი დიდძალი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა და, მიუხედავად ქართველთა მედგარი წინააღმდეგობისა, აიღო თბილისი. მტერმა დაატყვევა ბაგრატ V, მისი მეუღლე ანა და შვილი დავითი. თემურლენგმა ბაგრატ V-ს გამაჰმადიანება მოსთხოვა. ბაგრატ მეფე დიდხანს უარზე იყო, ბოლოს დათანხმდა, რომ ტყვეობიდან თავი დაეღწია და დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩასდგომოდა, მაგრამ განთავისუფლების შემდეგ მალე გარდაიცვალა. მის შემდეგ საქართველოს მეფე გახდა მისი უფროსი ვაჟი, გიორგი VII.

დავით IV აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 6 თებერვალი, [ძვ. სტ. 24 იანვარი], 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.

დავით V (დევდარიანი)

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავით V (ერისკაცობაში — ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი; დ. 6 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი], 1903, სოფ. მირონწმინდა — გ. 9 ნოემბერი, 1977, თბილისი) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972–1977 წლებში.

დავით კომნენოსი

დავით კომნენოსი, იშვიათად დავით I დიდი (ბერძ. Δαβίδ Κομνηνός; Δαβίδ Α΄ Μέγας; დ. 1184, კონსტანტინოპოლი, ბიზანტია — გ. 12 დეკემბერი, 1212, ათონი) — ტრაპიზონის იმპერიის ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი იმპერატორის, ალექსი I-ის (1204–1222) თანამმართველი 1204–1212 წლებში.

დავითი იყო ბიზანტიის კარის სევასტოკრატორის მანუელ კომნენოსის და საქართველოს მეფის გიორგი III-ის ასულის რუსუდანის უმცროსი ვაჟი. 1185 წელს კონსტანტინოპოლში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიღუპა მისი მამა და პაპა ანდრონიკე I, ალექსი და მისი ძმა დავითი საიდუმლოდ გადავიდნენ საქართველოში, სადაც უკვე მათი დეიდა თამარი მეფობდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა თამარ მეფემ და ტრაპიზონის იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის იმპერატორადაც თავისი დის შვილი ალექსი I აკურთხა, ხოლო დავითი მის თანამმართველად დანიშნა.

1206 წლიდან ბევრჯერ მონაწილეობდა შეთქმულებებსა და ომებში ნიკეისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ. 1212 წელს ბერად აღიკვეცა ათონის მთაზე, იმავე წელს გარდაიცვალა 28 წლის ასაკში.

დავით ქუბრიაშვილი

დავით ქუბრიაშვილი (დ. 12 მარტი, 1986, თბილისი, საქართველო) — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი. დღეისათვის დავითი ფრანგული „მონპელიეს“ ღირსებას იცავს „ტოპ 14-ში“. რაგბის 2011 და 2015 წლების ჩემპიონატებზე ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო.

დავითი (ბურდულაძე)

დავითი (ბურდულაძე) (დ. 12 მარტი, 1877 — გ. 1963) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

დავითი (კაჭახიძე)

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) (დ. 15 ოქტომბერი, 1872 — გ. 19 მარტი, 1935, ბათუმი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი.

დავითი (მახარაძე)

მიტროპოლიტი აბბა დავითი (ერისკაცობაში — ირაკლი რომანის ძე მახარაძე; დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; ანგელოზის დღე — ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი (ღირსი დავით გარეჯელის ხსენება); კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

დავითი (მიქელანჯელო)

დავითი — რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501–1504 წლებში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სამთავრობო სასახლეს. ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ქანდაკება გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო, რადგანაც დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოს იმ ხანად ყოველმხრივ ემუქრებოდა საფრთხე მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისგან.

დავითის ქანდაკება 1873 წელს გადატანილ იქნა ფლორენციის აკადემიის გალერეაში. მოგვიანებით კი მის განთავსების თავდაპირველ ადგილას დაიდგა მისი ასლი.

დავითი (ნემსაძე)

დავითი (გვარად ნემსაძე), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1673-1696 წლებში. დავითმა აღადგინა ოდიშის სამთავროში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლესი საეკლესიო უფლებები, რომლის ხელყოფა ოდიშის მთავარმა ლევან III დადიანმა სცადა. 1675 წელს დავითმა ლევან III დადიანს კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობის პირობა დაადებინაა. მისგანვე მიიღო საკათოლიკოსო მამულად ხობი, ხოლო სადგომად და სასაფლაოდ ხობის ღვთისმშობლის ეკლესია და ორი სასახლე.

დავითი (ტიკარაძე)

მთავარეპისკოპოსი დავითი (ერისკაცობაში – გიორგი გურამის ძე ტიკარაძე; დ. 1 მაისი, 1956, ლანჩხუთი) — ადიშელი მღვდელთმთავარი 1999-2013 წლებში.

1989 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;

1995 წლის 18 დეკემბერი - ბერად აღკვეცა;

1996 წლის 19 იანვარი - დიაკონი;

1996 წლის 6 მაისი - მღვდლად კურთხევა;

1997 წლის 17 მაისი- იღუმენი;

1998 წლის 14 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;

1998-1999 - ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი;

1999 - ბოდბელი ეპისკოპოსი.

2006 წლის 1 ივნისი - მთავარეპისკოპოსი.

2013 წლის 11 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად და ეწოდა ადიშელი მთავარეპისკოპოსი..

დავითი (ტრაპიზონი)

დავით დიდი კომნენოსი (ბერძ. Δαβίδ Μέγας Κομνηνός; დ. დაახლ. 1408 — გ. 1 ნოემბერი, 1463) — ტრაპიზონის იმპერიის ოცდამეერთე, უკანასკნელი იმპერატორი 1459-1461 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ ალექსი IV-ისა და თეოდორა კანტაკუზენის შვილი. ტახტზე ავიდა თავისი ძმის იოანე IV-ის გარდაცვალების შემდეგ. თავისი მეფობის განმავლობაში რომის პაპის ეგიდით და ევროპელი და აზიელი მმართველების მონაწილეობით აყალიბებდა სამხედრო კოალიციას ოსმალეთის სულთან მეჰმედ II დამპყრობელის წინააღმდეგ.

1461 წლის 26 ოქტომბერს სულთანმა ტრაპიზონი აიღო. დავით კომნენოსი დაატყვევეს და სტამბოლში წაიყვანეს. მიუხედავად სულთნის დიდი მცდელობისა არ მიიღო ისლამი, რის გამოც 1463 წლის 1 ნოემბერს თავის შვილებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

2013 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოახდინა მისი კანონიზაცია.

დავითი (ქორეპისკოპოსი)

დავითი — კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წწ. კვირიკე II-ის ძე. მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა. დაახლოებით 1010 წელს, დავითის მემკვიდრის კვირიკე III-ის დროს, ეს ბრძოლა კახეთ-ჰერეთის საქართველოს სამეფოსთან შეერთებით დამთავრდა.

დავითი (ჭკადუა)

დავითი (ჭკადუა) (დ. 22 მარტი, 1926 — გ. 7 ოქტომბერი, 1992) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი.

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები

სვიმეონი – XI საუკუნის დამლევი, ან XII საუკუნის დასაწყისი

ნიკოლოზი – XIII საუკუნის დამლევი

არსენი – 1390–?

დანიელი – XIV საუკუნის მიწურული – XV საუკუნის დამლევი

იოაკიმე (იოვაკიმე) – XV საუკუნის 70-იანი წლები

სტეფანე – 1490–1516

მალაქია I - 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ.

ევდემონ I - 1557-1578

ეფთვიმე I - 1578-1616

მალაქია II - 1616-1639

გრიგოლ I – 1639

მაქსიმე I - 1639-1657

ზაქარია - 1657-1660

სვიმონი - 1660-1666

ევდემონ II - 1666-1669

ეფთვიმე II - 1669-1673

დავითი - 1673-1696

გრიგოლ II - 1696-1742

ბესარიონი - 1742-1769

გერმანე - XVIII საუკუნის 40-იანი წწ.

იოსები - 1769-1776

მაქსიმე II - 1776-1795

დოსითეოს ქუთათელი - მიტროპოლიტი, საკათოლიკოსოს გამგებელი - 1792-1814

ოსკარის 24-ე დაჯილდოება

ოსკარის 24-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 24-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით.

რუსუდანი

რუსუდანი (დ. დაახლოებით 1194 — გ. 1245) — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა რუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენიმეჯერ ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 წელს თბილისს მიადგნენ. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები) და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-1230 წლებში ქართველთა ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს.

დაახლოებით 1230/1231 წელს რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა ქუთაისში. დაახლოებით 1233 წელს რუსუდანი სამეფო კართან ერთად თბილისში გადავიდა. 1235 წელს მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ დაიძრნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. გაატარა ფულის რეფორმა; განახლდა ვერცხლის მონეტების მოჭრა. 1236/1237 წელს რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.

რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ. დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 წელს რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 წელს რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.

ძველი ისრაელის და იუდეის მმართველები
გაერთიანებული სამეფო
იუდეა
ისრაელი

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.