გალისია

გალისია (Galicia) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება 1981 წლიდან. მოიცავს პროვინციებს – ლა-კორუნია, ლუგო, ორენსე, პონტევედრა.

გალისია
Basílica de Santiago 02
სანტიაგო დე კომპოსტელას ბაზილიკა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ალ-ანდალუსია

ალ-ანდალუსია (არაბ. الأندلس) — იბერიის ნახევარკუნძულის ნაწილის და სეპტიმანიის არაბული სახელი. ეს ტერიტორია იყო მუსლიმანების (ზოგადი სახელი მავრები) მმართველობის ქვეში 711-1492. წლებში.

ალ-ანდალუსია დაყოფილი იყო ხუთ ადმინისტრაციულ ერთულად: ანდალუსია, გალისია და პორტუგალია, კასტილია და ლეონი, არაგონი და კატალონია, სეპტიმანია. ალ-ანდალუსიის პოლიტიკური სტატუსი 711–750 წლებში იყო ომაიანების სახალიფოს პროვინცია, რომელიც დააარსა ალ-ვალიდ I-მ; 750–929 წლებში - კორდოვის ემირატი; 929–1031 წლებში კორდოვის სახალიფო; და კორდოვის სახალიფოს ტაიფა (მემკვიდრე) სამეფოები.

ალფონსო VII (კასტილია)

ალფონსო VII (ესპ. Alfonso VII; დ. 1 მარტი, 1105 — გ. 21 აგვისტო, 1157) — კასტილიის მეფე 1127–1157 წლებში. გალისიის მეფე 1112 წლიდან. დედოფალ ურაკასა და რაიმონდ ბურგუნდიელის ვაჟი. იქორწინა 1128 წელს ბერენჟერაზე, რაიმონდ ბერენდარია III ბარსელონის გრაფის ასულზე და 1152 რაშილდაზე, პოლონეთის მეფე ვლადისლავის ასულზე.

მამის გარდაცვალების შემდეგ ალფონსომ მხოლოდ გალისია მიიღო. მაგრამ დედასთან და მამინაცვალთან, ალფონსო I არაგონელთან, ცხარე ომის შედეგად იგი გახდა კასტილიის მეფეც. იგი ენერგიული, გონიერი, და სამართლიანი მმართველი იყო, კარგი მეომარი და ეკლესიის მფარველი. შემდგომ წლებში, განსაკუთრებით ალფონსო არაგონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძალაუფლება სულ იზრდებოდა. იგი პირველი ესპანელი მეფე იყო, ვინც ანდალუსიაში იბრძოდა. 1144 წელს კასტილიელებმა კორდობა აიღეს. 1147 წელს ხანგძლივი ალყის შედეგად დაეცა ალმერია, მაგრამ შემდგომ წლებში ქრისტიანთა შეტევები გაჩერებულ იქნა. XII საუკუნის შუა წლებში ნახევარკუნძულზე მუსულმანური სამფლობელოები დაიპყრეს მეომარმა მავრებმა ალმოგადებმა. ისლამის ამ მცველებმა დაიწყეს საღვთო ომი და მთელ რიგ ბრძოლებში სასტიკად დაამარცხეს კასტილიელები. ალფონსო ცოცხალი იყო, როდესაც მავრებმა აიღეს ალმერია, და მან ვერაფერი იღონა ქალაქის გასათავისუფლებლად. ალფონსოს ანდერძმა კიდევ უფრო დაასუსტა ქრისტიანები. სიკვდილის წინ მან შვილებს გაუყო სამეფო, კასტილია სანჩო III-ს მისცა. ხოლო ლეონის სამეფო ფერნანდო II-ს.

ალფონსო VI (კასტილია)

ალფონსო VI (ესპ. Alfonso VI) (1040 - 1 ივლისი 1109) — კასტილიის მეფე 1072-1109 წლებში. ფერდინანდ I-სა და სტანცია ლეონელის ვაჟი. იქორწინა აგნესა აკვიტანელზე, აკვიტანიის ჰერცოგ ვილჰელმ VI-ის ასულზე, 1081 წელს კონსტანცია ბურგუნდიელზე, ბურგუნდიუს ჰერცოგ რობერ I-ის ასულზე, რომელიც გარდაიცვალა 1092 წელს, და ზაიდაზე, სევილიის ემირის ასულზე.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ მემკვიდრეობით მიიღო ლეონი და ასტურია. 1067 წელს დაიწყო ომი მასსა და მის უფროსი ძმის სანჩო II-ს შორის; ამ უკანასკნელმა იგი ორჯერ დაამარცხა ლიანტანდეს ბრძოლაში და გალპეხარის ბრძოლაში. მეორე ბრძოლის შედეგად ალფონსო ტყვედ ჩავარდა და ძმამ იგი ერთ-ერთ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ალფონსომ გაქცევა მოახერხა და თავი ტოლედოს ემის შეაფარა. 1072 წელს სანჩოს გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ ჩუმად დატოვა ტოლედო და გამოცხადდა კასტილიის მეფედ. უმცროსი ძმა, გარსია, რომელიც გალისიის მეფე იყო, მან მოტყუებით შეიპყრო და მის სიკვდილამდე დამწყვრეული ჰყავდა. ამრიგად ალფონსომ ხელში ჩაიგდო მამის მთელი სამეფო: კასტილია, ლეონი და გალისია.

ალფონსომ ისარგებლა იმით, რომ სევილიის ემირი ალ-მუტამიდი გარსიას ეხმარებოდა, და ომი გამოუცხადა მას. ემირმა ქრისტიანთა შემოსევა თავიდან დიდი ხარკის გადახდით აიცილა. 1082 წელს ალფონსომ მუსულმანებს ბრალი დასდო ხარკის დაგვიანებაში და ალყა შემოარტყა სევილიას, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ტოლედოელებმა ქალაქიდან გააგდეს ემირი ალ-კადირი. 1084 წელს ალფონსომ მას დაუბუნა ტოლედო, რის სანაცვლოდაც გაუზარდა ხარკი და რამდენიმე ციხესიმაგრე მოსთხოვა. შემდეგ წელს ალფონსო დიდძალი ლაშქრით ტოლედოს მიადგა. ხანმოკლე ალყის შემდეგ აკ-კადირი დანებდა. 1085 წლის 25 მარტს ალფონსო საზეიმოდ შევიდა ვესტგუთების ძველ დედაქალაქში.

ალფონსოს წარმატებებით შეშინებულმა ემირებმა დახმარება სთხოვეს აფრიკელი ალმორავიდების მეთაურს იუსუფს. 1086 წლის ოქტომბერში, სილაკასთან ბრძოლაში, მან სასტიკად დაამარცხა ალფონსო. ქრისტიანებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 1090 წელს ალმორავიდებმა კასტილიელები აიძულეს დაეტოვებინათ ტოლედო. 1108 წელს იუსუფის ვაჟმა ალიმ დაამარცხა კასტილიელები უკლესის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიღუპა სანჩო, ალფონსოს ერთადერთი ვაჟი. ამ დანაკარგმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იგი ავად გახდა და მალე გარდაიცვალა.

ბისკაიის ყურე

ბისკაიის ყურე ასევე ბისკაია (ფრანგ. Golfe de Gascogne, ბასკ. Bizkaiko Golkoa, ესპ. Golfo de Vizcaya) – ატლანტის ოკეანის ყურე, რომელიც ვრცელდება გალისიიდან ბრეტანამდე, ესპანეთის ჩრდილოეთი სანაპიროსა და საფრანგეთის დასავლეთი სანაპიროების გასწვრივ. ყურე ცნობილია ცუდი ამინდების, ძლიერი შტორმებისა და მღელვარე წყლის სიხშირით.

ბისკაიის ყურის ესპანეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებს ესპანურად Mar Cantábrico , კანტაბრიის ზღვა ეწოდება. ესპანეთში ასევე გამოიყენება ტერმინი Golfo de Vizcaya (ბისკაიის ყურე), რომელიც მთელ ყურეს აღნიშნავს. ფრანგულადაც ყურის სამხრეთ ნაწილს "კანტაბრიის ზღვა" (Mer Cantabrique) ეწოდება, ხოლო ბარკურად Kantauri Itsasoa.

ბისკაიის ყურის ერთ–ერთი სანაპირო ესპანეთთან, ტურიზმში ასევე ცნობილია, როგორც Costa Verde (მწვანე სანაპირო).

ბისკაიის ყურის ესპანურ სანაპიროზე მდებარეობს (დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ) შემდეგი ავტონომიური რეგიონები (ფრჩხილებში მნიშვნელოვანი ნავსადგურები):

გალისია

ასტურია (ხიხონი)

კანტაბრია (სანტანდერი)

ბასკეთი (ბილბაო, სან-სებასტიანი)ხოლო საფრანგეთის სანაპიროზე (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ):

ბაიონა

ბორდო

რუაიანი

როშფორი

ლა-როშელი

სენ-ნაზერი

გალისიის მეფეთა სია

გალისიის სამეფო ჩამოყალიბდა მას შემდეგ რაც ასტურიის მეფე ალფონსო III დიდმა სამეფო გაუნაწილა თავის სამ შვილს. გარსია I-ს ერგო ლეონი, ფრუელა II-ს - კასტილია, ხოლო ორდონიო II-ს - გალისია. გარსია I-ის სიკვდილის (914 წ.) შემდეგ ორდონიომ დაიკავა ლეონის სამეფო ტახტი ორდონიო II-ის სახელწოდებით.

გალისიის სამეფო

გალისიის სამეფო (ესპ. Reino de Galicia) – სამეფო სამხრეთ–დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ–დასავლეთ პირენეს ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. არსებობდა 410 – 1833 წლებში. სამეფო დააარსა სვებების მეფე ხერმერიხმა 410 წელს. გალისიამ ესპანურ სამეფოებს შორის პირველმა მიიღო კათოლიკობა და ასევე პირველმა მოჭრა საკუთარი მონეტა. ვესტგოთების ბატონობის შემდეგ (585-711 წწ.) გალისია შევიდა ასტურიისა და ლეონის სამეფოების შემადგენლობაში.

გალისიური ენა

გალისიური ენა (A lingua galega)

გარსია I (გალისია)

გარსია I (ესპ. García I; დ. 1042 — გ. 22 მარტი, 1090) — გალისიის მეფე 1065-1071 წლებში. ფერდინანდ I დიდის მესამე შვილი. 1065 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ სამართავად მიიღო გალისია და თანამედროვე პორტუგალიის ნაწილი კოიმბრის ჩათვლით. დედის მხრიდან იყო ალფონსო V-ის შვილიშვილი. გალისიის სამეფოს ხარკს უხდიდნენ სევილიისა და ბადახოსის საემიროები.

დენის სუარესი

დენის სუარესი (ესპ. Denis Suárez; დ. 6 იანვარი, 1994, სალსედა-დე-კასელასი, გალისია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, პოზიციით შემტევი ნახევარმცველი. საფეხბურთო კლუბ „სელტას“ წევრი. 2016-2018 წლებში გამოდიოდა „ბარსელონას“ სახელით, მანამდე თამაშობდა „ვილიარეალსა“ და „სევილიაში“. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2016 წლის 29 მაისს.

ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებები

ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებები (ესპ. comunidad autónoma) — ესპანეთის სამეფოს ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეული. ამჟამად ქვეყანაში 17 ავტონომიური გაერთიანებაა. ავტონომიური გაერთიანებები იყოფიან პროვინციებად. პროვინციები იყოფიან კომარკებად ხოლო კომარკები — მუნიციპალიტეტებად.

ესპანეთის პროვინციები

ესპანეთის პროვინციები (ესპ. Provincias de España) — ესპანეთის ადმინისტრაციული დაყოფის ერთეული. პროვინციებად იყოფა ესპანეთის ავტონომიური რეგიონები, ხოლო პროვინციები თავის მხრივ იყოფა მუნიციპალიტეტებად.

ესპანელები

ესპანელები — ხალხი, ესპანეთის ძირითადი მოსახლენი (27,6 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე საფრანგეთში 500 ათ., არგენტინაში 400 ათ., აშშ-ში 200 ათ., ბრაზილიაში 200 ათ.. ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანულ შტოს. ესპანელი ეთნოსი ჩამოყალიბდა იბერების ტომებისაგან, რომელთაც შეერია მოსული კელტური და გერმანული ტომები.

სახელები: თვითწოდება - Españoles.

საერთო რაოდენობა: 29,0 მლნ.

ენა: ესპანური.

მორწმუნეები: ძირითადად კათოლიკები.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში — ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში. 1972 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის დეკლარაცია (ძალაში 1975 წელს შევიდა), რომელსაც ესპანეთი 1982 წლის 4 მაისს შეუერთდა. ესპანეთის კულტურა გამორჩეულად მრავალფეროვანია — იგი მოიცავს კელტური, იბერიული, რომაული, მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების ელემენტებს. 2018 წლის მონაცემებით ესპანეთში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 47 ძეგლია და იგი იტალიისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით. 1984 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ესპანეთი მიუერთდა დეკლარაციას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუერთდა 5 ესპანური ძეგლი:

ალჰამბრა და ხენერალიფე გრანადაში.

ბურგოსის კათედრალი,

კორდობა,

ესკორიალი,

ანტონიო გაუდის ქმნილებები.იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1092 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,3 % ესპანეთის წილია.

აქედან:41 კულტურული ობიექტია

4 ბუნების ობიექტია (გარახონაის ეროვნული პარკი, დონიანას ეროვნული პარკი და ტეიდეს ეროვნული პარკი, კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები)

2 შერეული ტიპის ობიექტია (იბიცა და მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი)

ლეონის სამეფო

ლეონის სამეფო — ესპანური სამეფო პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში X–XIII საუკუნეებში. წარმოიშვა ალფონსო III–ის (მეფე 866–910 წწ.) მიერ ასტურიის სამეფოს გაყოფის შემდეგ. 924 წელს ლეონი, გალისია და ასტურია კვლავ გაერთიანდნენ და შეადგინეს სამეფო ლეონი (დედაქალაქი – ლეონი). X საუკუნის 50–იანი წლებიდან ლეონის სამეფო კონტრიბუციას უხდიდა კორდოვის სახალიფოს. ალფონსო V (994–1027 წწ.) აღადგინა ლეონის სამეფოს ძლიერება, 1037 წელს მდინარე კარიონის ნაპირას მომხდარ ბრძოლაში ლეონის მეფე ბერმუდო III დაიღუპა და ფერდინანდ I–მა (მეფე 1037–1065 წწ.) ლეონი და კასტილიის სამეფო გააერთიანა ლეონ–კასტილიის სამეფოდ (გაერთიანებული იყო 1157 წლამდე). საბოლოოდ ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდა 1230 წელს ფერდინანდ III–ის დროს.

პელაიო

პელაიო (ესპ. Pelayo, ლათ. Pelagius, ასტ. Pelayu; დ. დაახლ. 690 — გ. 737) — ასტურიის სამეფოს პირველი მეფე. ქვეყანას მართავდა 718-737 წლებში.

მას შემდეგ, რაც ვესტგუთების მეფე როდერიკმა არაბებთან მარცხი განიცადა, მისმა ჯარმა ასტურიისკენ დაიხია. თავდაცვისათვის ასტურიის მთები, ხეობები და გამოქვაბულები საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა, ვესტგუთების ჯარები უკვე მზად იყვნენ არაბებისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ. ამასობაში გარდაიცვალა როდერიკი და ახალ მეფედ პელაიო აირჩიეს.

ასეთ რთულ სიტუაციაში ჩაიბარა ქვეყანა პელაიომ და თავდაპირველად წარმატებების მიღწევა გაუჭირდა, რადგანაც ჯარი საკმაოდ მცირე ჰყავდა. 714 წელს, არაბების მოახლოებისას პელაიომ პიკოს-დე-ეუროპის მთისწინეთისკენ დაიხია. აქ ისინი წარმატებით ებრძოდნენ მტერს. 718 წელს უკან დახეულმა პელაიომ კოვადონგის ხეობაში მტერს ბრძოლა გაუმართა. არაბები დაამარცხეს და მათი მთავარსარდალი ალკამა ბრძოლაში მოკლეს.

კოვადონგის ბრძოლაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ბრძოლით დაიწყო რეკონკისტა. პელაიოს მმართველობის დასასრულს ასტურიამ აღმოსავლეთით ბასკები შემოიერთა, ხოლო დასავლეთით — გალისია.

სილო

სილო (ესპ. Silo; დ. უცნობია - გ. 783) — ასტურიის მეფე 774 - 783 წლებში.

სილოს ზუსტი წარმომავლობა უცნობია. 774 წელს აურელიუსის გარდაცვალების შემდეგ სილომ ცოლად შეირთო ალფონსო I-ის ქალიშვილი ადოსინდა, რის წყალობითაც მეფედ აირჩიეს. ზოგიერთი ინფორმაციით სილოს დედა მუსლიმი იყო, მაგრამ სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ყოველ შემთხვევაში სილო არაბებთან მშვიდობიან დამოკიდებულებაში იყო და მათთან კავშირიც კი დაამყარა თავისი მოწინააღმდეგეების საპირისპიროდ.

სილოს მმართველობის დროს აჯანყდა გალისია, რომელიც დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდა. გალისიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კანგას-დე-ონისიდან დედაქალაქი გადაიტანა პრავიაში.

სილო გარდაიცვალა 783 წელს და მისმა ქვრივმა მოინდომა ტახტზე ასულიყო თავისი ძმისშვილი ალფონსო, მაგრამ მისმა ძმამ, ალფონსო I-ის უკანონო შვილმა, მაურეგატომ ტახტის უზურპაცია მოახდინა. ადოსინდა 785 წელს მონასტერში წავიდა.

ფერნანდო III

ფერნანდო III (ესპ. Fernando III de Castilla, el Santo; დ. 5 აგვისტო, 1199, სამორა — გ. 30 მაისი, 1252, სევილია, ესპანეთი) — კასტილიის ტოლედოსა და ესტრემადურის მეფე 1217 წლიდან, ლეონის და გალისიის მეფე 1230 წლიდან, ალფონსო IX-ისა და ბერენგარიას უფროსი შვილი. ფერნანდომ საბოლოოდ თავის ხელში გააერთიანა კასტილია, ლეონი და გალისია და დააარსა ერთიანი კასტილიისა და ლეონის სამეფო. თვისი მმართველობის პერიოდში ფერნანდო აქტიურად ადგა რეკონკისტის გზას. პირენეს ნახევარკუნძულის თითქმის ყველა მუსულმანური სახელმწიფო დაიპყრო და შემოუერთა თავის ქვეყანას. ფერნანდო III კათოლიკური ეკლესიის წმინდანადაა შერაცხილი მისი კანონიზაცია 1671 წელს მოხდა.

ფერნანდო II (ლეონი)

ფერნანდო II (ესპ. Fernando II de León; დ. 1137 — გ. 22 იანვარი, 1188) — ლეონისა და გალისიის მეფე 1157-1188 წლებში. ალფონსო VII-ის შვილი.

მამის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო ლეონი და გალისია, ხოლო მისმა უმცროსმა ძმამ სანჩომ - კასტილია და ტოლედო. 1158 წელს ძმები შეხვდნენ ერთმანეთს მემკვიდრეობის საკითხზე, მაგრამ ამავე წელს სანჩო გარდაიცვალა და ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალფონსო VIII-მ.

რეკონკისტის ფარგლებში გაათავისუფლა ალბუკერკე და ალკანტარა.

1165 წელს ფერნანდომ ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფის აფონსუ I-ს ასული ურაკა. 1175 წელს რომის პაპმა ალექსანდრე III-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლო ნათესაობის გამო ურაკა და ფერნანდო ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ. რის შემდეგაც იქორწინა ტერესა ფერნანდესზე.

1178 წელს კასტილიის წინააღმდეგ წამოიწყო ახალი ომი. ფერნანდომ დაიპყო კასტროხერისი და დუენიასი. საომარი მოქმედებები დასრულდა 1180 წელს ტორდესილასის სამშვიდობო ხელშეკრულებით. ამავე წელს გარდაიცვალა ფერნანდოს მეორე ცოლი.

1185 წელს დაქორწინდა მესამედ ურაკა ლოპეს დე აროზე, რომელიც მისი საყვარელი იყო 1180 წლიდან.

ფერნანდო II გარდაიცვალა 1188 წელს დაკრძალულია სანტიაგო-დე-კომპოსტელაში.

ჰერკულესის კოშკი

ჰერკულესის კოშკი (ესპ. Torre de Hércules) არის ძველი რომაული შუქურა ნახევარკუნძულზე, რომელიც მდებარეობს დაახლ. 2.4 კმ-ის დაშორებით ქალაქ ლა-კორუნიადან, გალისია, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში. ნაგებობის სიმაღლე 55 მეტრია და გადაყურებს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს. იგი არის თითქმის 1900 წლის. რესტავრაცია გაუკეთდა 1791 წელს და იგი კვლავ გამოიყენება შუქურად.ჰერკულესის კოშკი არის ესპანეთის ეროვნული მონუმენტი და ასევე 2009 წლის 27 ივნისიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (კრიტერიუმი III).

იგი არის მეორე ყველაზე მაღალი შუქურა ესპანეთში, ფარო დე ჩიპიონას შემდეგ.

ესპანეთის ადმინისტრაციული ერთეულები
ავტონომიური გაერთიანება
ავტონომიური ქალაქები
სუვერენული ტერიტორიები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.