ბრიტები

ბრიტები (ლათ მხ. რ. Britto. შესაძლებელია ძველი კელტური ფუძიდან Britt, ინგლ. Brythons) — კელტური ტომები, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი მოსახლეობა ძვ.წ. VIII ს.-დან ახ.წ. V ს.-მდე; მათი ნაწილი გაანადგურეს ანგლოსაქსებმა, ნაწილი გადასახლდა უელსსა და შოტლანდიაში, აგრეთვე ბრეტანში (კონტინენტზე).

Map Gaels Brythons Picts GB
ბრიტანეთის კუნძულები V საუკუნის მეორე ნახევარში.
   ბრიტების ტერიტორიები.
   გელების ტერიტორიები.
   პიქტების ტერიტორიები.

ისტორია

ბრიტებს ჰქონდათ თემურ-გვაროვნული წყობილება, რომლის გადმონაშთები შემორჩათ რომაელთა ბატონობის ხანაშიც (I ს. შუა წლები — V ს. დასაწყისი). იბრძოდნენ რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ანგლო-საქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის ხანაში (V—VI სს.) ბრიტების ნაწილი შემუსრეს, ნაწილი მონებად და ლეტებად აქციეს, ნაწილი უელსში, შოტლანდიასა და არმორიკის ნახევარკუნძულზე გაიხიზნა. ბრიტანეთში დარჩენილი ბრიტები მომავალი ინგლისელების ეროვნების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი გახდნენ.

რკინის ხანის კელტური ტომები ბრიტანეთში

ცენტრალური ბრიტანეთი

  • დობუნები — თანამედროვე გლოსტერშირი, ჰერეფორდშირი, ოქსფორდშირი და უესტ–მიდლენდსი
  • იცენები — თანამედროვე ნორფოლკი, საფოლკი და კემბრიჯშირი
  • კატუველაუნები — თანამედროვე ჰარტფორდშირი, კემბრიჯშირი და დიდი ლონდონი ტემზიდან ჩრდილოეთით
  • კორიტანები — თანამედროვე ლინკოლნშირი, ლესტერშირი და სტაფორდშირი
  • კორნოვიები — თანამედროვე ჩეშირი, დერბიშირი და შროპშირი
  • პარიზიები — თანამედროვე იორკშირის აღმოსავლეთ რაიდინგი
  • ტრინოვანტები — თანამედროვე ესექსი და საფოლკი

ჩრდილოეთ ბრიტანეთი

  • ბრიგანტები — თანამედროვე იორკშირი, კამბრია, ლანკაშირი და დარემი
  • ვოტადინები — ჩრდილოეთ ნორტუმბერლენდი, შოტლანდიის საზღვრები და აღმოსავლეთ ლოტიანი
  • დამნიები — სტრატკლაიდი
  • კალედონელები — შოტლანდიის მაღალმთიანეთი

სამხრეთ ბრიტანეთი

  • ანკალიტები — სავარაუდოდ ტემზის ველი, ლონდონის დასავლეთით
  • ატრებატები (ერთ–ერთი ბელგების ტომებისგან) — თანამედროვე ჰემპშირი, ტემზის ველი
  • ბელგები — თანამედროვე ჰემპშირი და გლოსტერშირი
  • ბიბროკები — თანამედროვე ბერკშირი
  • დუროტრიგები — თანამედროვე სომერსეტი და დორსეტი
  • დუმნონიები (დუმნონები) — თანამედროვე დევონი, კორნუოლი და სომერსეტი
  • კანტიაკები (კანტიები) — თანამედროვე კენტი
  • რეგნიები — თანამედროვე სურეი და სუსექსი

დასავლეთ ბრიტანეთი

  • განგანიები (ერთ–ერთი ორდოვიკების ტომებისგან) — ნახევარკუნძული ლაინი
  • დეკეანგლიები — თანამედროვე ფლინტშირი და დენბიშირი
  • დემეტები — თანამედროვე პემბრუკშირი, კერედიგიონი და კარმარტენშირი
  • ორდოვიკები — ჩრდილო–დასავლეთ უელსი: ისტორიული გვინედი და ჩრდილოეთ პოუისი
  • სილურები — სამხრეთ–აღმოსავლეთ უელსი: ისტორიული გლამორგანი, მონმუტშირი და სამხრეთ პოუისი

ლიტერატურა

ანგლო-საქსური ინგლისი

ანგლო-საქსური ინგლისი — ინგლისის ისტორიის პერიოდი. მოიცავს 450-1066 წლებს. ანგლო-საქსთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ნორმანთა გაბატონებამდე.

V საუკუნეში რომის იმპერიას ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს, იმპერია ტერიტორიების დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომაც იძულებული გახდა ბრიტანეთიდან ჯარი გამოეყვანა. გერმანულენოვანი ტომები ანგლები, საქსები და იუტები წარმოშობით იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან და საქსონიის ტერიტორიიდან იყვნენ. მათ გადალახეს ჩრდილოეთის ზღვა და ინგლისში შეიჭრნენ. მათ ადვილად დაამარცხეს ბრიტები და დაიპყრეს მრავალი კელტური სახელმწიფო. ბრიტების ნაწილი უელსის, შოტლანდიისა და კორნუოლის მთიანეთს შეეხიზნა. დაახლოებით 475-616 წლებში მიმდინარეობდა ანგლო-საქსთა მიერ კუნძულის დაპყრობა. ჩამოყალიბდა ჰეპტარქია ანუ შვიდი სამეფო. ეს სამეფოები იყო: კენტი (475 წ.), სასექსი (491 წ.), უესექსი (519 წ.), ესექსი, მერსია (585 წ.), ნორთუმბრია (593 წ.) და აღმოსავლეთი ინგლისი (616 წ.).

VII საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა უესექსის მეფე კერნვულფი (597-611 წწ.), 607 წელს მან სასექსიც დაიპყრო. 628 წელს მერსიის მეფე პენდამ (633-655 წწ.) უესექსელები დაამარცხა, ხოლო 633 წელს გვინედელთა ლაშქრის დახმარებით დაამარცხა ნორთუმბრიის მეფე ედვინი (616-633) ჰიტფილდის ბრძოლაში. ქრისტიანობა ანგლო- საქსონურ ინგლისში VI საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როდესაც კენტის მეფე ეთელბერტ I-მა (560-616) და მისმა მეუღლემ დედოფალმა ბერტამ ქრისტიანობა მიიღეს, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წარგზავნილი ბერი ავგუსტინე კენტერბერის პირველ არქიეპისკოპოსად დაინიშნა.

რეალურ ძლიერებას მერსიის სამეფომ VIII საუკუნეში მიაღწია ორი დიდი მეფის ეთელბალდისა (716-757 წწ.) და ოფას (757-796 წწ.) მმართველობისას მიაღწია. მერსიამ ზედიზედ დაიმორჩილა ყველა ანგლო-საქსონური სამეფო. უესექსი 740 წელს, სასექსი 771 წელს, აღმოსავლეთ ინგლისი 794 წელს, ასევე კენტიც და სასექსიც. აღსანიშნავია, რომ მეფე ოფას ურთიერთობა ჰქონდა კარლოს დიდთანაც.

786 წელს დანიელი ვიკინგი ბეოტრიკი უესექსის მეფედ დაინიშნა, 789 წელს მან მეფე ოფას ქალიშვილზე იქორწინა. 793 წელს დაიწყო ვიკინგთა სამსაუკუნოვანი ექსპანსია ბრიტანეთზე, ლინდისფარნეზე თავდასხმით. ამას მოყვა მერსიის დასუსტება და უესექსის გაძლიერება. სასექსის, უესექსისა და ესექსის გაერთიანება (825 წ.). აღმოსავლეთ ინგლისის გათავისუფლება (825-827 წწ.) ვიკინგთა მიერ ირლანდიის ნაწილის დაპყრობა (835-841 წწ.), პირველი თავდასხმა ინგლისზე (851 წ.) და წარმატებით მოგერიება მეფე ეთელვულფის მიერ (839-858 წწ.), დანიელთა დაპყრობითი ომები (865-878 წწ.) კუნძულის შუაზე გაყოფა უესექსის მეფე ალფრედისა (871-899 წწ.) და აღმოსავლეთ ინგლისის დანიელ გამგებელ გუთრუმს (869-890 წწ.) შორის, დენლოს დაპყრობა ედუარდ უფროსის მიერ (910-924 წწ.), ინგლისის წარმოქმნა უესექსის ნანგრევებზე მეფე ათელსტანის ქარტიის მიხედვით (927წ.). საქსონი მეფეების მმართველობა (927-1016 წწ.), დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042 წწ.), ანგლო-საქსთა ხელისუფლების აღდგენა ედუარდ აღმსარებლის მიერ (1042-1066 წწ.). ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა (1066-1072 წწ).

ინგლისი

ინგლისი (ინგლ. England [ˈɪŋɡlənd]) — გაერთიანებული სამეფოს ისტორიული და ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც იკავებს დიდი ბრიტანეთის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შოტლანდია, ხოლო დასავლეთიდან უელსი. რაც შეეხება გეოგრაფიულ საზღვრებს, ინგლისის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან საზღვრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთიდან კელტების და ირლანდიის ზღვები, ხოლო სამხრეთიდან ინგლისის არხი, სწორედ ამ არხის მეშვეობით ხდება დაკავშირება კონტინენტურ ევროპასთან. ინგლისის შემადგენლობაში შედის სანაპირო ზოლის სიახლოვეს არსებული ასამდე მცირე კუნძული, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კუნძულები: სილლი და უაიტი.

ინგლისის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული, აქ ადამიანის აქტიური დასახლება 35,000 ათასი წლის წინ დაიწყო. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს აქ არსებული ანგლური ტომისგან. ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-5 და მე-6 საუკუნეებში დასახლდნენ. ინგლისი გაერთიანდა 927 წელს. XV საუკუნეში დაწყებული დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, ინგლისის გავლენა დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ინგლისური ენა და ანგლიკანური ეკლესია. ინგლისური კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემის საფუძველი გახდა. XVIII საუკუნეში სწორედ ინგლისში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია.

ინგლისის რელიეფი, ძირითადად, შედგება გორაკებისგან რომელიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთისკენ რელიეფი კი უფრო მთიანი ხდება. აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მოიცავს დაჭაობებულ ტერიტორიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის ძირითადად ამომშრალია. ინგლისის ადმინისტრაციული ცენტრი ლონდონი მდებარეობს სამხრეთ ნაწილში. ეს ქალაქი წარმოადგენს არამარტო ამ რეგიონის არამდე მთელი გაერთიანებული სამეფოს უდიდეს დასახლებას და უდიდეს ურბანულ არეს. ინგლისის მოსახლეობა შეადგენს 51 მილიონ კაცს, (მთელი ქვეყნის 84%). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს.

ინგლისის ისტორია

ინგლისის ისტორია არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ხალხის წარსული.როგორც 2010 წლის არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს,ინგლისის ანუ გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ქვეყნის ტერიტორია 800 000 წლის წინ დასახლებული ყოფილა.თანამედროვე ადამიანებისთვის ყველაზე ადრეული აღმოჩენა არის 1927 წელს ჩრდილო დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი ყბის ძვალი,რომელიც 2011 წელს ხელახლა დაათარიღეს 41-44 ათასი წლის წინანდელი კვალიფიკაციით.ადამიანთა შემდგომი დასახლებები თარიღდება 12 000 წლის წინანდელი პერიოდით.ეს არის ბოლო გამყინვარების ეპოქა.რეგიონში არის უმარავი მეზოლითური,ნეოლითური და ბრინჯაოს ხანის ნაშთები,მაგალითად სტოუნჰენჯი და ეივბერი.რკინის ხანაში ფორტის ყურეს სამხრეთით,დღევანდელი ინგლისის და უელსის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კელტუერი ტომები ბრიტები,კუნძულ ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ცხოვრობდნენ ბელგები,ატრებატები,კეტვულანები,ტრინოვანტები და სხვები.ჩვ.წ–აღ 43 წელს ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს.მათი მმართველობა 5 საუკუნის ჩათვლით გაგრძელდა.

დაახლოებით 800 წლის შემდეგ, IX საუკუნის დამდეგიდან, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ვიკინგთა თავდასხმები. 1066 წელს ბრიტანეთში ნორმანები შეიჭრნენ და დაიპყრეს იგი. შუა საუკუნეებში ხშირი იყო სამოქალაქო ომები და ბრძოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან. რენესანსის პერიოდში ინგლისი ტიუდორების მიერ იმართებოდა. XII საუკუნეში ინგლისმა დაიპყრო უელსი, XVIII საუკუნეში შემოიერთა შოტლანდია და ამით ფაქტობრივად დასრულდა გაერთიანებული სამეფოს ფორმირება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უდიდეს იმპერიად გადაიქცა, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს, თუმცა მისი კულტურის გავლენა დღესაც მრავალ ქვეყანაზე იგრძნობა.

ლონდონი

ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2012 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8 278 251 ადამიანს, აქედან 2 700 000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 13 709 000 ადამიანი.

ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდინიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია სიტი. დაახლოებით, XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტი, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს შეიქმნა ე.წ. დიდი ლონდონი.

ლონდონმა სამჯერ (1908, 1948 და 2012 წლებში) უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.

ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი — 480 უცხოური ბანკია. ჟურნალმა „ნიუ-იორკ“ ლონდონს XXI საუკუნის „მსოფლიოს დედაქალაქი“ უწოდა.

პიქტები

პიქტები (სავარაუდოდ ლათ. Picti — „შეღებილები“, როგორც ჩანს თვითწოდებიდან) — შოტლანდიის უძველესი მოსახლეობა.

ერთ-ერთი ვერსიით პიქტები კელტებისგან უნდა მომდინარეობდნენ, ისინი კელტებს ძალიან ადრე გამოყოფიან, დაახლოებით ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულში. ბრიტანელი მკვლევარები უფრო მეტად პიქტების იბერთაგან წარმოშობის ვერსიას იზიარებენ.

პიქტებს ენათესავებოდნენ კრუითნები (Cruthin, Cruithnig, Cruithni), რომლებიც ირლანდიის ტერიტორიაზე სახლობდნენ.

პიქტები შოტლანდიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ფერტ-ოფ-ფორტის უბის ჩრდილოეთით. პიქტები ხშირად აწყობდნენ ბრიტანეთის სამხრეთზე თავდასხმებს. IV საუკუნის 60-იან წლებში ლონდონამდეც მიაღწიეს. თავდაპირველად პიქტები ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდნენ, VI საუკუნისთვის კი უკვე რამდენიმე სახელმწიფოსმაგვარი გაერთიანება ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგომ პიქტების სამეფოდ იქცა. VI საუკუნეში პიქტები გაქრისტიანდნენ. ახალ რჯულზე ისინი ირლანდიელმა მისიონერმა კოლუმბმა მოაქცია. პიქტების სახელმწიფოს აყვავების ხანა VIII საუკუნეში დაუდგა, რის შემდეგაც პიქტებმა მოახერხეს ანგლების ჩრდილოეთით გადანაცვლება შეეფერხებინათ (ბრძოლა ნექტანსმერთან 685 წ.), მოგვიანებით კი დასავლეთიდან შოტლანდიელთა ურდოების შეტევები მოიგერიეს.

პიქტების სახელმწიფო მოწყობის თავისებურებას წარმოადგენდა ტახტის გადაცემა არა მამიდან შვილზე, არამედ დედიდან შვილზე. შედეგად, სხვადასხვა დროს პიქტების მეფეები იყვნენ გელური დალ-რიადას დინასტიის, ბრიტთა სტრატკლაიდისა და ანგლთა ნორთუმბრიის წარმომადგენელი პრინცესების ვაჟები. 843 წელს პიქტების მეფედ კენეთ I აკურთხეს. მან პიქტების და სკოტების სახელმწიფოები შოტლანდიის სამეფოდ გააერთიანა. თანდათანობით სკოტების გელურმა ენამ პიქტების ენაკავი განდევნა (რომლის გენეტიკურ წარმომავლობაზეც დღემდე მიდის კამათი), მოკლე ხანში კი, უკვე ასიმილირებულმა პიქტებმა, როგორც განყენებულმა ერმა, არსებობა შეწყვიტეს.

ვალიურ ლიტერატურაში პიქტები იწოდებიან როგორც 'Pryden', ბრიტანეთის კუნძული კი როგორც — 'Prydain'. ამგვარად, დასახელება "ბრიტანეთი", "ბრიტები" თავდაპირველად შეიძლება პიქტებს აღნიშნავდა, მოგვიანებით კი მთელი კუნძულის და იქ მყოფი მოსახლეობის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.

რომანული ბრიტანეთი

რომანული ბრიტანეთი- ეს პერიოდი მოიცავს ახ.წ. 43-450 წლებს, ამ პერიოდში ახლანდელი ინგლისის ტერიტორია შედიოდა რომის ვრცელი იმპერიის შემადგენლობაში. ბრიტანეთის კუნძულის ტერიტორიაზე ძვ.წ. 3000 წელს დასახლდა კელტური წარმოშობის ტომების ძირითადად სამი განშტოება: ბრიტები ინგლისში, კიმრები უელსში და პიქტები - შოტლანდიაში. ძვ.წ. 55-54 წლებში იულიუს კეისარმა (ძვ.წ.100-44) გალიიდან გეზი ბრიტანეთისაკენ აიღო და გაილაშქრა. მან გაიმარჯვა კელტებზე, თუმცა გალიის მსგავსად ბრიტანეთის დაპყრობა ვერ შეძლო. რომის იმპერიის უშუალო შემადგენლობაში ინგლისი 43 წელს შევიდა, იმპერატორ კლავდიუსის(41-54) დროს. დაახლოებით 47 წელს რომაელებმა დააარსეს ქალაქი ლონდონიუმი მდინარე ტემზაზე. დაიწყო რომაული აბანოების მშენებლობა, ამ მხრივ გამოირჩეოდა ქალაქი ბათი. რომაელებმა ვერ შეძლეს თავიანთი გავლენის სფერო გაეფართოებინათ უელსისა და შოტლანდიის ტერიტორიაზე. I საუკუნის 60-იან წლებში იცენთა ტომის დედოფალმა ბუდიოკამ აჯანყება მოაწყო რომაელთა წინააღმდეგ და სათავე დაუდო ამბოხს ლონდონშიც. რომაელებს მოსვენებას არ აძლევდნენ შოტლანდიელი პიქტები, რამდენიმეჯერ რომაელები გადავიდნენ შოტლანდიაში, თუმცა ყველა ლაშქრობა წარუმატებლად დამთავრდა. ახ.წ. 122-124 წლებში იმპერატორ ადრიანეს(117-137) ბრძანებით აიგო 800 კილომეტრიანი კედელი რაც ინგლის-შოტლანდიის საზღვრად ითვლებოდა და მიზნად ისახავდა ლეგიონის პიქტებისაგან დაცვას. მე-IV საუკუნეში რომაელებმა ინგლისში ქრისტიანობაც გაავრცელეს. მე-V საუკუნეში რომს ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს და რომაელები იძულებულნი გახდნენ დაეტოვენინათ ინგლისის ტერიტორია, რომელსაც ვეღარ აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ ინგლისი გერმანულმა ტომებმა, ანგლო-საქსებმა დაიპყრეს და დაიწყო ანგლო-საქსონური პერიოდი.

შოტლანდიურ-გელური ენა

შოტლანდიური ენა ან შოტლანიურ-გელური (გაელური) ენა (საკუთარი წოდება Gàidhlig; ინგლ. Gaelic ან Scottish Gaelic) — კელტური ენების გელური ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოსაუბრეები კელტური წარმოშობის ხალხი გელები არიან, რომლებიც ტრადიციულად მთიან შოტლანდიასა და ჰებრიდის კუნძულებზე ცხოვრობენ. გელურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა შოტლანდიაში 58 652 ადამიანია (2001 წლის აღწერით), 500-1000 კაცამდე ცხოვრობს კანადაში. ეს ენა არ უნდა აგვერიოს ანგლო-შოტლანდიურში (Scots), რომელიც გერმანიკული ენაა და ახლო მონათესავეა ინგლისური ენისა. სწორედ ამ ენაზე წერდა რობერტ ბერნსი. ქვემო შოტლანდიაშიც ამ ენაზე საუბრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.