აფსიდა

აფსიდა, აბსიდი (ძვ. ბერძნ. ἁψίς, ἁψῖδος — თაღი, კამარა) — შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით. პირველად გამოიყენეს ძვ. რომის ბაზილიკაში. ქრისტიანულ ტაძრებში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და შიგ მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.

Yarspas
მართლმადიდებლური ეკლესიის სამმაგი აფსიდა

ლიტერატურა

აირავანქის მონასტერი

აირავანქის მონასტერი (სომხ. Հայրավանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ აირავანქში.

აირავანქის მონასტერი დაარსებულია IX საუკუნეში. ცენტრალური აფსიდი ნახევარწრიულია. მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრე და ორი პატარა სასაფლაო.

არმათიონი

არმათიონი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ზემო მაჩხაანის შუაში, გზის პირას. თარიღდება XVIII საუკუნით. 2008 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: განახლდა სახურავი, აღდგა გარეთა კუთხეების მონგრეული ნაწილები, შიგნით ეკლესია შეილესა გაჯით, შენობის ირგვლივ მოეწყო სარინი, ხოლო გზის გასწვრივ კი რიყის ქვის კედელი.

ბერძენაულის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

ბერძენაულის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის ცენტრში დგას იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ტიპის ეკლესია (13,65X6,2 მ). გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ადრეული კედლები ნაგებია დიდი ზომის გათლილი ქვებით, XIX საუკუნისა – აგურით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა ვიწრო სარკმლით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. 2002-2008 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია სოფლის მოსახლეობის შემწეობით, კერძოდ, აღდგა სამრეკლო.

ეკლესიის შიდა ეზოში მდებარეობს ბერძენაულის სასაფლაო.

ბუკისციხე

ბუკისციხე, თამარის ციხე ― ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე სოფელ ბუკისციხეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურიდან 6 კმ.

ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ამ ადგილებში, ე.წ. გურიის ტბასთან ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.

ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვითა და ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე კიბის დიდი ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული საბრძოლო. კოშკი არქიტექტორმა კ. მელითაურმა VI-VII საუკუნის ძეგლად მიიჩნია.

ციხის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებია შემორჩენილი. შესასვლელი გამოვლენილია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესიას სწორი აფსიდა აქვს. ძეგლის შიდაპირი მოპირკეთებულია. არქიტექტურული მონაცემებით, ეკლესია X საუკუნით თარიღდება.ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა.1774 წელს ბუკისციხე ლიხაურის ციხესა და ასკანის ციხესთან ერთად ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ II-მა უკან დაიბრუნეს. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811 წლამდე) კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.

არსებობს მოსაზრება, რომ ბუკისციხეს ადრე „გვაბრათი" ეწოდებოდა, ისევე როგორც ასკანის ციხეს. წყაროებში სახელი ბუკისციხე XVIII საუკნის 70-იანი წლებიდან მოიხსენიება.

დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსი

დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ სამსარში. გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს მდ. სამსარის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში.

გამოქვაბულები ორ-სამ იარუსადაა გაშლილი. რამდენიმე ნაწილადაა დაჯგუფებული. შედგება სამლოცველოების, სატრაპეზოს, სენაკების, სამეურნეო დანიშნულების ქვაბულების, გვირაბების და მთავარი ეკლესიისგან. დასავლეთით მდებარეობს სამი ერთნაირი გამოქვაბული დარბაზი, რომელთაც შესასვლელი კარის გარდა სამხრეთის მხარეს აქვს პატარა ღიობები, ჭერში გაკეთებული აქვთ საკვამლე ხვრელი გვერდითა და უკანა კედლებზე კი თაღჩები და გვირაბები. პირველი გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელზე მხართეძოზე წამოწოლილი კაცის რელიეფია გამოკვეთილი. მესამე გამოქვაბული მცირე სამლოცველოა, რომელსაც ოთხივე მხარეს კელდებზე დეკორატიული თაღები აქვს ამოკვეთილი. ჭერი კამაროვანი აქვს. კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მთავარი ეკლესია, რომელიც წარწერის თანახმად ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა. ესაა კლდეში ნაკვეთი ცენტრალურგუმბათიანი ნაგებობა. აფსიდა ნახევარწრიულია. ტაძრის სივრცე ორი წყვილი სვეტით სამ ნაწილადაა გაყოფილი. კლდეში გაკეთებული ნამდვილი გუმბათი ეყრდნობა აფსიდისა და აღმოსავლეთით ორ თავისუფლად მდგარ ბუჯრს. საკურთხეველს ქვის კანკელი ქონია, რომლის ფრაგმენტებიღაა ახლა შემორჩენილი. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხიდან კარით გასასვლელია მცირე სამლოცველოში, მასაც ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი მოხატული ყოფილა. მხატვრობა აღარაა შემორჩენილი. ტაძრის თავზე, სამხრეთ ფასადზე კლდეზე შესრულებული ასომთავრული წარწერაა:

ერთ-ერთ საფასადო ქვაზე მეორე წარწერაა:

დიდი სამსარის საეკლესიო კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ეკი

ეკი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში,ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპირო, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 45 მ. სენაკიდან 12 კმ.

სოფელი წყაროებში პირველად XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან. ეკის სამხრეთ–აღმოსავლეთით მთაზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლია, რომელიც მაღალი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სოფლის აღმოსავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით ნაგები და ორნამენტებით შემკული ეკლესია დგას.მას ორიგინალური ქვისებრი გეგმა და წახნაგოვანი აფსიდა აქვს (ვარაუდით XIII ს II ნახევრის).

მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები.

ერელაანთ საყდარი

ერელაანთ საყდარი — V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადების და კედლების შიგა პირისთვის კი გამოყენებულია კირქვის ფილები.

გეგმით მარტივ, თავისუფალი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდა აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი 8-წახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, შემორჩენილია XVII ს. მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები. ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. 1969 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია (არქიტ. ო. თორთლაძე). ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავი აღდგენილია. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყის ქვით ნაგები გალავანი (დიდი ნაწილი აღდგენილია). ეკლესიასა და ეზოში გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ორმოსამარხები და ქვისსამარხები, რ-ებშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს საყურე, თეთრკეციანი და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ერელაანთ საყდარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ექექი

ექექი — X საუკუნის ქართული მონასტერი თორთომის ხეობაში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა). კარგად გათლილი ქვით ნაგებ ჯვაროვან-გუმბათოვან ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს სამი აფსიდა აქვს, რომელშიც საკურთხეველია, სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. გუმბათის ყელი და ზოგიერთი სარკმლის თავი მორთულია პოლიქრომული ქვებით. კარს-სარკმლები შემკულია მსუბუქი სათაურებით. ემჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალი.

ვილდის ციხე

ვილდის ციხე – გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვილდის ჩრდილოეთით 4 კმ-ზე. ნაგებია დიდი ზომის ფიქალით, გამოყენებულია კლდის ქანებიც. წყობა მშრალია.

ციხე გეგმით ოვალურია, სამხრეთ-დასავლეთით ჩართულია სწორკუთხა კოშკი. ციხეში შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. მის მარჯვნივ, ციხის კედლის გარეთ შემორჩენილია ციხის სწორკუთხა სათავსის ნანგრევები. კედლების სიმაღლე დაახლოებით 1-2 მეტრს აღწევს. გალავნის შიგნით ერთმანეთის მიჯრით განლაგებულია გეგმით სწორკუთხა სათავსები. ციხის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. იკითხება აფსიდა და კონქის მცირე ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლების ფრაგმენტები. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.

იკორთის ტაძარი

იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს სოფელ იკორთას (გორის მუნიციპალიტეტი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.

ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უადრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.

იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები:ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

იშხანი

იშხანი — შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.

მაჭის ეკლესია

მაჭის ეკლესია, ასევე ცნობილია, როგორც თოღის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხი-ბელაქნის გზატკეცილიდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით მდინარე მაწიმისწყლის ხეობაში, მაღალ, ფლატენაპირებიან ხერთვისზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

მაჭის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

მაჭის ციხის სამხრეთით, მდინარის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს დარბაზული ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით კირის ხსნარზე. შესავლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. შვერილი აფსიდა ნალისებურია, გარედან ხუთკუთხა. დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში თითო სარკმელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ინახება ოქროს ხატი, რომლის წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ალექსანდრე II კახთა მეფესა და მის მეუღლე თინათინს მაჭში (იგივე თოღაში) აუგიათ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისთვის სწორედ ეს ოქროს ხატი შეუწირავთ.

მაჭის ეკლესიას და ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

სოლომონ-ყალა

სოლომონ-ყალა — ეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ კოლა-ოლთისის მხარეში. გუმბათოვანი ეკლესია მდებარეობს ციხის გალავნის შიგნით. კედლის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი წმინდა დიმიტრის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპის ეკლესიებს.ნაგებია პატარა თლილი ქვებისაგან. ცენტრალური გეგმა კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის აფსიდა. გუმბათის ყელი მრგვალია, ცილინდრისებული გუმბათით. გუმბატის ყელში ოთხი მრგვალი სარკმელია, ყელი გარედან შემკობილია რვა კამარით. გუმბათის ზემო ნაეილი ჩამონგრეულია.

დასავლეთის კედელზე ასომთავრული წარწერებია: „ღმერთო და წმინდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ“ და „ქრისტე შეიწყალე...“ეკლესია მოხატული ყოფილა. მოხატულობა დიმიტრი ბაქრაძის ვარაუდით XI საუკუნისაა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის აზრით ფრესკები ძალიან ჰგავს ზარზმისა და ჭულეს მოხატულობას და ათარიღებს XIV საუკუნით, ხოლო თვით ტაძარს IX-X საუკუნით.

ქარზამეთი

ქარზამეთი — XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მდებარეობს მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრების სწორი რიგებით. ადგილობრივი გადმოცემით იგი დაუმთავრებლადაა დარჩენილი. ეკლესიის სწორკუთხა სივრცე კედლის სვეტებით აფსიდა უჩვეულოდ ღრმაა. კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს.

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი (ასევე მოძველებული — ქაფანაქჩის ეკლესია) — წმინდა გიორგის სახელობის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა და მონასტერი. მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში. მონასტერი ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ამ ტაძარში ინახებოდა ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.2019 წლის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.ტაძარი არის სამეკლესიანი ბაზილიკა, გეგმაში კვადრატს მიახლოვებული. აგებულია ნათალი სხვადასხვა ფერის ტუფისა და ქვიშაქვით. ტაძარს აღმოსავლეთით ნახევარწრიული განზიდული აფსიდა აქვს. კედლები დასრულებული იყო შეკბილული ლავგარდნით (ფრაგმენტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში), რომელიც ტაძრის აღდგენისას შეიცვალა მარტივი თაროსებრი კარნიზით. ტაძარი კრამიტით იყო გადაურული. ეკლესიის ბოლო განახლებისას გადაიხურა თუნუქით. ცენტრალური ტაძარი განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ორი ფართო სარკმლით, რომელთა ნახევაწრიული თავსართები განზე განზიდული ჰორიზონტალური მკლავებით სრულდებოდა (ამჟამად მხოლოდ კვალი იკითხება). ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ორია, ორივე არქიტრავული გადახურვით. შუაში მდებარე კარი უფრო ფართოა, ვიდრე დასავლეთისა. ნახევარწრიული აფსიდის კონქი იმპოსტებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზი სადაა და მარტივად გადაწყვეტილი. კედლები არაა დანაწევრებული.კამარას არ აქვს საბჯენი თაღები. გვერდითა ეკლესიები გაცილებით დაბალია ცენტრალურთან შედარებით. სამხრეთის ნავი სამი თაღით გახსნილი გალერეა იყო, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდებოდა. აფსიდას სარკმელი არ აქვს. თაღები მრგვალ სვეტებს ეყრდნობოდა. ამჟამად ნავიდან მხოლოდ აფსიდა და დასავლეთის კედლის ნაწილია დარჩენილი. ჩრდილოეთის ეკლესიაში გასასვლელი ცენტრალური ეკლესიიდანაა. ის ვიწრო დერეფნისებური ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთით ასევე ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდა აქაც სარკმლის გარეშეა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის წინ კვადრატული ნიშია. აფსიდის კონქი აქაც იმპოსტებს ეყრდნობოდა. კამარა კი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შექმნილ თარსებრ შვერილზე იყო გადასული. ტაძრის ფასადები სადაა. დეკორი არსებობს სარკმელთა თავსართებისა და შესასვლელთა არქიტრავზე შესრულებულ რელიეფური ორი კომპოზიციის სახით. მარჯვენა კარის თავზე მოცემული იყო მედალიონში ჩასმული ქრისტე, რომელსაც ორი ანგელოზი აღამაღლებდა. ამჟამად მხოლოდ ანგელოზთა ფრთების ნაწილია შემორჩენილი. მარცხენა კარის თავზე წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ამაღლება ასევე ორი ანგელოზის მიერ. აფსიდის ღერძზე, ქვემოდან მესამე რიგში, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული ანბანის ასო „რ“. 2012 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად ცენტრალურ ეკლესიას გაუკეთდა აგურის კამარა და სახურავი, ჩაისვა სარკმლები და კარები. აღდგა ტაძრის გარშემო არსებული გვიანი პერიოდის გალავანი. ტაძრისდან ჩრდილო-დასავლეთით 30 მეტრში აშენდა საღვდელმთსახურო დამხმარე ნაგებობა. ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია რელიეფები, რომელთაგან ქრისტეს ამაღლება აღარ იკითხება, ხოლო ღვთისმშობლის ამაღლების რელიეფი ფრაგმენტულია.

შილდის ღვთისმშობლის ეკლესია

შილდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ჩრდილო-დასავლეთით, განაპირას. მდინარე ჩელთის მარცხენა ნაპირზე. ძეგლი კომლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, ნაგებობათა ნაშთები და გალავანი.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, თარიღდება VI საუკუნით. ნაგებია ფლეთილი ქვითა და ნატეხი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამი მხრიდანაა. ეკლესიას შემოუყვება გეგმით მრავალკუთხედი, ორიარუსიანი გალავანი. ქვედა იარუსი ყრუა, ზედა – საბრძოლო. გალავნის დასავლეთით, კედელში დგას კოშკი, რომლის ქვედა სართულში შესასვლელია. ძეგლს რამდენჯერმე შეკეთების გამო თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ყველაზე დიდი შეკეთება ნაგებობას XIX საუკუნეში განუცდია, ტაძარში ამბროსი ნეკრესელის მოღვაწეობის დროს. ამ დროს განუახლებიათ მთავარი ეკლესიის კედლების ზედა ნაწილები და კამარა, მოუწყვიათ აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდანი, გადაუკეთებიათ გვერდითი ნავების შესასვლელები, მთავარი ეკლესია და გვერდითი ეკლესიების დამაკავშირებელი დერეფანი შიგნიდან მთლიანად შეულესავთ და შეუთეთრებიათ.

შესასვლელის ჩრდილოეთით და სამხრეთით რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა იდგა. ეკლესიასა და გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს შორის სამსართულიანი, ოთხკუთხა კოშკია. იგი გეგმით კვადრატულია (5 X 5 მ). შედგება სამი სართულისაგან. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. გვიანდელი გადაკეთების შედეგად სახეშეცვლილია. გალავანი, საცხოვრებელი ნაგებობები და კოშკი თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

შილდის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

შოღაკათის ეკლესია

შოღაკათის ეკლესია (სომხ. Շողակաթ եկեղեցի; ნიშნავს „სინათლის წვეთს“) — ეკლესია სომხეთში, ვაღარშაპატში, არმავირის პროვინციაში. აიგო 1694 წელს პრინც აღამალ სოროტეცის მიერ კათოლიკოს ნაჰაბედ I-ის დროს.

წოფის ეკლესია

წოფის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში. მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ში. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც ხუთწახნაგა საკურთხევლის აფსიდა გააჩნია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს. ინტერიერში ქვაჯვარათა მრავალი ფრაგმენტია აღმოჩენილი. ეკლესია ერთი ზომის, სწორკუთხა ფორმის, მოგრძო, უხეშად დამუშავებული კირქვითაა ნაგები. კონსტრუქციები კარგად გათლილი მუქი ფერის ტუფითაა ამოყვანილი. ეკლესიის ორი განიერი კარი დასავლეთსა და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი. მათ მასიური არქიტრავები ხურავთ.

ეკლესია რესტავრაციამდე ძლიერ დაზიანებული იყო. თითქმის მთლიანად ჩანგრეული იყო აფსიდი, კამარა. ერთადერთი შემორჩენილი კაპიტელი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული. კაპიტელზე ხარირემსა და ორ ფურ ირემს დადევნებული ორი ლომია გამოსახული, მისს აბაკუსს პალმისებრი მცენარის სტილიზებული გამოსახულებების რიგი ამკობს (ამგვარი სცენები გვხვდება V საუკუნის ბოლნისის სიონის კაპიტელზეც).

2016 წლის სექტემბერ-ოქტობრის თვეში ტაძარი განახლდა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.