არიანელობა

არიანელობა, არიოზელობა — მიმდინარეობა, წარმოშობილი ქრისტიანულ ეკლესიაში IV-VI საუკუნეებში. საფუძველი ჩაუყარა 318 წელს ალექსანდრიელმა ხუცესმა არიოზმა. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, მაგრამ ჭარბობს ადამიანურობა. არიანელობამ დიდი განხეთქილება შეიტანა როგორც ქრისტიანულ წრეებში, ისე მაშინდელ ბიზანტიურ საზოგადოებაში; იგი მჭიდროდ იყო გადახლართული სოციალური მოძრაობისა და რომის (მოგვიანებით ბიზანტიის) ორბიტაში მოქცეული პროვინციების პოლიტიკურ ბრძოლასთან. 320 წელს ალექსანდრიის საეკლესიო კრებაზე არიანელობა დაგმეს, მაგრამ მას მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ნაწილმა. კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ 325 წელს არიანელობა მწვალებლობად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსებობა. გართულებულმა ვითარებამ კონსტანტინე აიძულა, შერიგებოდა არიანელობას. დაიწყეს არიანელების მოწინააღმდეგეების დევნა, განსაკუთრებით ათანასე ალექსანდრიელისა, რომელსაც მხარი დაუჭირა დასავლეთის ეკლესიამ. აღმოსავლეთის ეკლესიაში საიმპერატორო ხელისუფალთა მხარდაჭერით წარმოიშვა შემთანხმებლური, ნახევრად არიანული მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებდა ძე ღმერთის არა „ერთარსებობას“, არამედ „მსგავსარსებობას“. 381 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიანელობა, ხოლო დასავლეთ ეკლესიაში მოძღვრებას წმინდა სამების შესახებ დაუმატეს დოგმატი სულიწმიდის წარმოშობისა არამარტო მამა ღვთისაგან, არამედ ძე ღვთისგანაც. აღმოსავლეთის ეკლესიაში არიანელობის ნაშთები დიდხანს შემორჩა. იგი შემოინახეს აგრეთვე იმ გერმანელმა ტომებმა, რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს აღმოსავლეთიდან – გუთებმა, ვანდალებმა, ბურგუნდებმა და სხვ. ყველაზე დიდხანს არიანელობა შემორჩა ლანგობარდებში (VII საუკუნემდე). არიანელობის სახესხვაობაა XVII საუკუნეში პოლონეთში გავრცელებული სოცინიანობა.

იხილეთ აგრეთვე

  • სოცინიანობა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

დიდი სქიზმა

დიდი სქიზმა — საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო. დიდი სქიზმის თარიღად, ჩვეულებრივ, სახელდება 1054 წელი, როდესაც რომის პაპ ლეო IX-ის დესპანმა კარდინალმა ჰუმბერტ სილვა-კანდიდელმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ I კერულარიოსმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. თუმცა ამგვარი ზუსტი დათარიღება ისტორიულად უმართებულოა. ფაქტობრივად რომის პაპი ზოგჯერ ამის შემდეგაც მოიხსენიებოდა მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა ემოციურად გაუარესდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც ვენეციელებმა ქალაქი კონსტანტინოპოლი დაუნდობლად გაძარცვეს და ბიზანტიის ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფო, ლათინთა იმპერია და ლათინთა საპატრიარქო შექმნეს. დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო მზარდი გაუცხოების გამო, რომელსაც თან დაერთო პაპის ავტორიტეტის ზრდაც. განხეთქილებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები. მართლმადიდებელ ეკლესიას რომი საბოლოოდ გამოეყო 1729 წელს, როდესაც რწმენის გამავრცელებელმა კონგრეგაციამ მართლმადიდებლურ საიდუმლოებში თანაზიარება (communicatio in sacris) აკრძალა. ამის საპასუხოდ, 1755 წელს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა კათოლიკები მწვალებლებად გამოაცხადეს. ანტიოქიის საპატრიარქო მათ მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია. კათოლიკეთა მწვალებლებად აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე არ წაუღია უკან, თუმცა 1054 წლის ანათემა პაპ პავლე VI-ის მიერ მოწვეული ვატიკანის მეორე კრებისა და მსოფლიო პატრიარქ ათინაგორა I-ის მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს ერთდროულად რომსა და სტამბოლში გაუქმებულად გამოცხადდა.

ვანდალთა სამეფო

ვანდალთა სამეფო (ლათ. Regnum Vandalum) ან ვანდალთა და ალანთა სამეფო (ლათ. Regnum Vandalorum et Alanorum) — გერმანული ტომების ბარბაროსული სახელმწიფო, რომელიც V–VI საუკუნეებში არსებობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დღევანდელი ტუნისის, ალჟირის, ლიბიის, აგრეთვე კუნძულების სიცილიის, სარდინიისა და კორსიკის ტერიტორიაზე.

ვესტგუთებისაგან შევიწროვებულმა ვანდალებმა და ალანებმა, რომელთა მოსახლეობა 80 000-ს აღწევდა, 429 წელს გეიზერიხის მეთაურობით ესპანეთიდან ნავებით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკაში შეიჭრნენ. 435 წელს რომისაგან მიიღეს ნუმიდიისა და მავრიტანიის პროვინციებში დასახლების უფლება, როდესაც ნათელი გახდა, რომ რომაელებს არ შეეძლოთ ვანდალთა არმიის დამარცხება. 439 წელს ვანდალებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და კართაგენი, ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის კუნძულები: სიცილია, სარდინია და კორსიკა. 460-იან წლებში რომაელებმა განახორციელეს ორი უშედეგო სამხედრო ექსპედიცია, რათა დაებრუნებინათ ჩრდილოეთ აფრიკა. ჩრდილოეთ აფრიკის დაკარგვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა დასავლეთ რომის იმპერიისათის, რადგან ეს მიწები იყო შემოსავლისა და მარცვლეულის (უმთავრესად ხორბლის) მთავარი წყარო ქალაქ რომისთვის.

455 წელს ვანდალებმა რომი გაძარვეს. დევნიდნენ ნიკეის ქრისტიანებს არიანელობის სასარგებლოდ. მფარველობდნენ სწავლულებს. მათ გააგრძელეს დიდი პროექტების აშენება, აყვავდა სკოლები. აქ მოღვაწეობდა მრავალი რომაელი ლათინურენოვანი მწერალი და ბუნებისმეტყველი.534 წელს ვანდალთა სამეფო აღმოსავლეთ რომის მხედართმთავარმა, ველისარიუსმა დაიპყრო და იმპერიას შეუერთა (იხ. ვანდალური ომი).

ვანდალური ომი

ვანდალური ომი მიმდინარეობდა 533–534 წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიასა და ვანდალთა სამეფოს შორის. ომის მიზანი იყო ყოფილი რომის იმპერიის პროვინციების შეერთება ჩრდილოეთ აფრიკაში.

V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე გერმანულმა ტომებმა ბარბაროსული სახელმწიფოები შექმნეს. ვანდალები ალანებთან ერთად თავდაპირველად ესპანეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდნენ, მაგრამ შემდეგ ვესტგუთებისაგან შევიწროვებულებმა (ამას დაერთო ბონიფაციუსის მიერ მათი დასახმარებლად მოწვევა; ამ დროს იგი აფრიკის მმართველი იყო და დასავლეთ რომის იმპერატორს აუჯანყდა) 429 წელს გეიზერიხის მეთაურობით გადალახეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკაში შეიჭრნენ.

523–533 წლებში ვანდალთა მეფე იყო ჰილდერიხი, რომელიც კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორ იუსტინიანე I-თან. 530 წელს მას აუჯანყდა გელიმერი, რომელმაც შეძლო მისი დამარცხება და ტახტის დასაკუთრება. სახელმწიფო რელიგიად არიანელობა აღადგინა, რამაც იუსტინიანეს უბიძგა დაპყრობითი ომისკენ. თავდაპირველად იმპერატორმა ჰილდერიხის ტახტზე აღდგენა ან მისი კონსტანტინოპოლში გაგზავნა მოითხოვა, მაგრამ გელიმერმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა. ამ დროს აღმოსავლეთ რომმა სტაბილური საზღვარი აღადგინა სპარსეთთან, ჩაახშო აჯანყება დედაქალაქში და შეძლო 533 წელს ველისარიუსის მეთაურობით არმიის გაგზავნა აფრიკაში.

ველისარიუსმა ვანდალთა სამეფოსკენ ფლოტით გაცურა და კართაგენის სამხრეთით გადავიდა ხმელეთზე. 13 სექტემბერს ად-დეციმიუმის ბრძოლაში დაამარცხა ვანდალთა მთავარი არმია და 15 სექტემბერს კართაგენიც აიღო. მალე გელიმერის არმიას მისი ძმის ცაზოს სამხედრო ნაწილებიც შეუერთდნენ, რომლებმაც სარდინიაზე ჩაახშვეს გოდას აჯანყება და კუნძულზე ვანდალთა მმართველობა აღადგინეს. გელიმერი კონტრშეტევაზე გადავიდა და კართაგენს მიადგა. ტრიკამარუმის ბრძოლაში რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად რომაელებმა შეძლეს ვანდალთა არმიის დამარცხება, რითაც საბოლოოდ დამთავრდა ომი. აფრიკაში, სარდინიაზე, კორსიკასა და სიცილიის ნაწილზე კვლავ რომის მმართველობა აღდგა. ველისარიუსი კონსტანტინოპოლში ტრიუმფით შევიდა.

ვესტგუთების სამეფო

ვესტგუთების სამეფო — სამეფო, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა საფრანგეთის სამხრეთდასავლური ნაწილი და პირენეს ნახევარკუნძული მეხუთე საუკუნიდან მერვე საუკუნემდე (418 – 720 წლები).

თეოდორიხ დიდი

თეოდორიხ დიდი (გოთ. 𐌸𐌹𐌿𐌳𐌰𐍂𐌴𐌹𐌺𐍃 𐍃𐌰 𐌼𐌹𐌺𐌹𐌻𐌰/Þiudareiks sa Mikila, ლათ. Flavius Theodericus (Theodoricus), ბერძ. Θευδέριχος (Θεοδώριχος) ὁ Μέγας, ძვ. ინგლ. Þēodrīc, გერმ. Theoderich der Große, ძვ.-სკანდ. Þjóðrekr, Þiðrek; 451 — 30 აგვისტო 526) — ოსტგუთების მეფე ამალების საგვარეულოდან. 489 წელს შეიჭრა იტალიაში და 493 წლისთვის დაიპყრო მთელი აპენინის ნახევარკუნძული და სიცილია, ალპისწინარე რაიონები და დალმაცია. 493 წლიდან 526 წლამდე ერთპიროვნულად მართავდა ოსტგუთების სამეფოს დედაქალაქ რავენიდან.

ლანგობარდები

ლანგობარდები (გერმ. Langobarden; სიტყვასიტყვით – გრძელწვერიანები) — გერმანული მოდგმის ხალხი. ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ბინადრობდნენ მდინარე ელბის დინების მარცხენა სანაპიროზე. 546 წელს დასახლდნენ პანონიაში, სადაც დუნაის ავარების დახმარებით 567 წელს გაანადგურეს გეპიდების სახელმწიფო. 568 წელს ლანგობარდების ტომთა კავშირი მეფე ალბოინის მეთაურობით შეიჭრა იტალიაში, დაიკავა მისი ჩრდილოეთი ნაწილი და ტოსკანა (ტუსცია). აქ ლანგობარდებმა შექმნეს თავიანთი სამეფო, ხოლო მოგვიანებით დაიკავეს სპოლეტო და ბენევენტო, რომლებიც დამოუკიდებელ ლანგობარდულ საჰერცოგოებად იქცნენ.

წარმართმა ლანგობარდებმა თავდაპირველად არიანელობა მიიღეს, მაგრამ მეფე აისტულფის მმართველობის დროს (VII საუკუნის დამდეგი) გაიმარჯვა კათოლიციზმა, რამაც ხელი შეუწყო ლანგობარდების რომანიზაციას.

ლანგობარდებში მიმდინარეობდა ტომურ-გვაროვნული წყობილებიდან ადრინდელ ფეოდალურზე გადასვლისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესი. VIII საუკუნიდან დაიწყო ინტენსიური ფეოდალიზაცია. ლანგობარდების საზოგადოებრივი წყობილების შესწავლის მთავარი წყაროა „ლანგობარდული სამართალი“. VIII საუკუნის I ნახევარში ლანგობარდების სახელმწიფომ მნიშვნელოვან ძლიერებას მიაღწია.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება (მართლმადედებლებისთვის — პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა ქალაქ ნიკეაში, 325 წელს, რომის იმპერატორის — კონსტანტინე I დიდის საგანგებო ბრძანებით.

უილიამ უისტონი

უილიამ უისტონი (ინგლ. William Whiston; დ. 9 დეკემბერი 1667 წელი — გ. 22 აგვისტო 1752 წელი) — ინგლისელი მეცნიერი-ენციკლოპედისტი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი, თეოლოგი.

დაასრულა კემბრიჯის უნივერსიტეტის კლერ კოლეჯი (1690 წელს გახდა ბაკალავრი, 1695 წელს - მაგისტრი).

1696 წელს გამოაქვეყნდა წიგნი «დედამიწის ახალი თეორია მისი შექმნის დღიდან…» (ინგლ. A New Theory of the Earth from its Original...), რომელშიც გამოთქვა იმის ვარაუდი, რომ დედამიწა კომეტური წარმოშობისა იყო და რომ დიდი წარღვნა განპირობებული იყო დედამიწის წყლიანი კომეტის კუდში გასვლით. 1701 წელს დაიკავა ისააკ ნიუტონის ასისტენტის პოსტი კემბრიჯში, ხოლო ორი წლის შემდეგ გახდა მისი პროფესორი. 1710 წელს უინსტონმა დაკარგა თავისი პოსტი არიანელობის დოგმატების გაზიარების გამო.

უისტონს ეკუთვნის რამდენიმე სერიოზული თარგმანიც, უპირველეს ყოვლისა იოსებ ფლავიუსის «ებრაული სიძველეები».

ხლოდვიგ I

ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus; დ. დაახლ.466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში.

ხლოდვიგმა მიიღო ქრისტიანობა განსხვავებით სხვა გერმანელი ტომებისგან, რომლებმაც არიანელობა მიიღეს. ხლოდვიგმა სამეფო ხელისუფლება აქცია მემკვიდრეობითად, რეზიდენცია გადაიტანა პარიზში. მის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.