ავღანეთი

ავღანეთი (პუშტუ افغانستان, დარი სპარს. افغانستان, Afġānestān) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში. 1978 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

ესაზღვრება დასავლეთით ირანს, სამხრეთით და აღმოსავლეთით — პაკისტანს, ჩრდილოეთით — უზბეკეთს და ტაჯიკეთს, ძალიან მცირე ზოლზე აღმოსავლეთით ავღანეთი ესაზღვრება ჩინეთს და სამხრეთით ინდოეთს. ავღანეთი მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და წარმოადგენს ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთს შორის, საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებში.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
د افغانستان اسلامي جمهوریت
جمهوری اسلامی افغانستان
ავღანეთი
ავღანეთის დროშა ავღანეთის გერბი
ჰიმნი: Milli Tharana
ავღანეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ქაბული
34°31′ ჩ. გ. 69°08′ ა. გ. / 34.517° ჩ. გ. 69.133° ა. გ.
ოფიციალური ენა პუშტუ, დარი
მთავრობა ისლამური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აშრაფ ღანი
 -  პრემიერ-მინისტრი აბდულა აბდულა
 -  ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი
 -  ვიცე-პრეზიდენტი სარვარ დანიში
ფართობი
 -  სულ 647 500 კმ2 (41-ე)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 31 889 923 (37-ე)
 -  1979 აღწერა 13 051 358 
 -  სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ2 (150-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $32.4 მილიარდი (92-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1490 (158-ე)
აგი (1993) 0.229 
ვალუტა ავღანი (AFN)
დროის სარტყელი UTC +04:30
ქვეყნის კოდი AFG
Internet TLD .af
სატელეფონო კოდი 93

სახელწოდება

  • ოფიციალური: ავღანეთის ისლამური სახელმწიფო.
  • ეროვნული: افغانستان (Afghanistan), Dowlat-e Eslami-ye Afghanestan; Da Afghanistan Islami Dawlat.
  • ეტიმოლოგია: იგი შესაძლოა წარმოდგებოდეს სანსკრიტული Upa-Ghana-Stan-ისაგან, რაც ითარგმნება როგორც „გაერთიანებული ტომების ქვეყანა“.

გეოგრაფია

რელიეფი

ავღანეთი მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთში, ირანის ზეგნის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ძველი „აბრეშუმის გზაზე“. ტერიტორიის დიდ ნაწილს შეადგენს მთები და მათ შორის მდებარე ხეობები. ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებულია ბაქტრიის ვაკე, რომელიც წარმოადგენს ქვიშიან–თიხიან უდანბოს. იგი ყარა–ყორუმის უდაბნოს გაგარძელებაა. აღმოსავლეთსა და სამხრეთში ქვეყანა შემოსაზღვრულია პაროპამიზის – რომელიც მოიცავს ორ ქედს: საფედკოხს (თეთრი მთები) და სიახკოხს (შავი მთები), აგრეთვე, ჰინდიყუშის მთიანი სისტემებით. სამხრეთით განლაგებულია შუა ავღანეთის მთები და ღაზნი–ყანდაარის მთიანეთი. დასავლეთში ირანის საზღვართან მდებარეობს ნაომიდის პლატო (დარდის უდაბნო) და სისტანის აუზი. უკიდურესი სამხრეთი უკავია ჰაუდი–ზირას აუზს, თიხისშემცველ უდაბნოს დაშთი–მარგოს (სიკვდილის უდაბნო) და გარმსერისა და რეგისტანის ქვიშის უდაბნოებს. ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარეობს ხაზარაჯათის მთიანეთი, სიმაღლით 3000–4000 მ. პაკისტანის საზღვართან მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი – ნოშაკის მთა, სიმაღლით 7492 მ.

ავღანეთი გარშემორტყმულია ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინეტის ქვეყნებით (ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი). მისი ფართობი შეადგენს: 647 500 კვ.კმ-ს.

კლიმატი

ავღანეთის კლიმატი არის სუბტროპიკული და კონტინენტური, ცივი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ტემპერატურა და ნალექების საშუალო რაოდენობა მერყეობს ზამთარში +8-დან −20 °C-მდე და ქვემოთ, ზაფხულში +32-დან 0 °C-მდე. უდაბნოში ნალექების რაოდენობა წელიწადში 40-50 მმ-ია, ხოლო მთიანეთში — 200—250 მმ. ჰინდიყუშის კლდის წვერებზე 400-600 მმ. ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ინდოეთის ოკეანის მუსონები აღწევს 800 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარში და გაზაფხულზე. 3000-5000 მ. სიმაღლეზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 6-8 თვეა, ხოლო უფრო ზემოთ მყინვარებია.

გეოგრაფიული აგებულება

ავღანეთის ტერიტორია ძირითიდად მდებარეობს ალპურ-ჰიმალაურ სარტყელში, ბაქტრიის ვაკის გარდა, რომელიც წარმოადგენს თურანის დაბლობის სამხრეთ განშტოებას.

მდინარეები და ტბები

ავღანეთის მდინარეთა ნაწილი ჩაედინება მდინარე ინდში. მათ შორის ყველაზე მსხვილია ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან გამავალი მდინარე ამუ–დარია. მდინარე ჰერირუდი გამოიყენება სარწყავად. მდინარე ჰელმანდი შენაკადებით — ფარაჰრუდი, ჰაშრუდი და ჰარუტრუდი ჩაედინება სისტანის აუზში, სადაც ქმნიან ჰამუნის მტკნარი ტბების ჯგუფს. მდინარეები იკვებებიან ძირითადად მთის მყინვარების ნადნობი წყლით. ვაკის მდინარეები გაზაფხულზე განიცდიან წყალდიდობას, ზაფხულში კი შრებიან. მთის მდინარეებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ჰიდროპოტენციალი. ბევრ პროვინციაში წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მიწისქვეშა წყლები.

სასარგებლო წიაღისეული

ავღანეთი მდიდარია მინერალებით, მაგრამ მათი დამუშავება განსაზღვრულ ხასიათს ატარებს მინერალების ცალკეულ მთიან რეგიონებში მდებარეობის გამო. არსებობს ქვანახშირის და ძვირფასი ლითონების საბადოები. აგრეთვე, ბერილიუმის საბადოები, გოგირდის, საკვები მარილის, მარმარილოს, ლაზურიტის, ბარიტის და სხვა საბადოები. არსებობს ადგილობრივი ნავთობი, ბუნებრივი აირი, თაბაშირი. შესწავლილია სპილენძის, რკინის, მანგანუმის საბადოები. აინაკის სპილენძის საბადო ქაბულის სიახლოვეს ითვლება ევრაზიაში უდიდეს საბადოდ (მისი რეზერვები შეიცავს 2.3 % შემცველობის 240 მილიონი ტონა მადანს (2006 მონაცემებით), ქაბულის სიახლოვეს მდებარეობს, აგრეთვე, ჰაჯიგეკის რკინის მადანი (428 მილიონი ტონა მადნის 62-68 %–ანი შემცველობის რეზერვი), რომელიც ითვლება სამხრეთ აზიის რეგიონში ყველაზე დიდ რკინის საბადოდ.

ისტორია

Taller Buddha of Bamiyan before and after destruction
ბამიანის ბუდები. ამჟამად, დანგრეულია თალიბების მიერ. გამოქვაბული
Indo-Sassanid
მრავალი საუკუნის მანძილზე ავღანეთი იყო სპარსეთის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი, რამაც განაპირობა მისი კულტურის ირანის გავლენის ქვეშ მოქცევა
Greco-BactrianKingdomMap
ბერძნულ–ბაქრიული სამეფო თავისი აყვავების პერიოდში
Califate 750
ავღანეთი არაბთა სახალიფოს პერიოდში 750 წ.
Afgempdur
დურანის იმპერია თავისი ზენიტის პერიოდში

ავღანეთი უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. პირველი ადამიანების კვალი ავღანეთის მიწაზე არანაკლებ 5000 წლისაა. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია ამ რეგიონის სოფლური თემები.

ფიქრობენ, რომ ზოროასტრიზმი ჩამოყალიბდა ავღანეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. 1800-800 წლებს შორის პერიოდში. ზარათუშტრა ცხოვრობდა და გარდაიცვალა ბალხაში. ზოროასტრიზმის აყვავების პერიოდში ამ რეგონში საუბრობდნენ ძველაღმოსავლურ ირანულ ენებზე, მაგ: ავესტურ ენაზე. ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებში აქემენიდებმა მოახერხეს ავღანეთის დაპყრობა და სპარსეთის იმპერიასთან მიერთება.

აქემენიდების იმპერია ძვ. წ. 330 წლის შემდეგ მოექცა ალექსანდრე მაკედონელის დარტყმების ქვეშ და მალე ავღანეთის ტერიტორია გადავიდა მაკედონელის იმპერიის ხელში, ხოლო მისი განადგურების შემდეგ ავღანეთი მოექცა სირიის სელევკიდების სამეფოს შემადგენლობაში. ამავე პერიოდში რეგიონში დომინირება დაიწყო ბუდისტურმა რელიგიამ.

ამის შემდეგ, რეგიონი გახდა ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ნაწილი. ინდო-ბერძნები განადგურებული და განდევნილ იქნენ ავღანეთიდან სკვითების მიერ ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს. ინდო-ბერძნულმა სამეფომ იარსება ძვ. წ. 125 წლამდე.

ახ. წ. I საუკუნეში პართიის იმპერიამ დაიპყრო ავღანეთი. II საუკუნის შუა ხანებისათვის ქუშანის სამეფო თანამედროვე ავღანეთის ცენტრში გახდა ბუდისტური კულტურის დიდი მფარველი. ქუშანები განადგურდნენ III საუკუნეში სასანიდების მიერ. თუმცა ზოგიერთი მმართველი უწოდებდა რა საკუთარ თავს ქუშანს (სინამდვილეში იყო სასანიდი) აგრძელებდა ამ რეგიონის (ყოველ შემთხვევაში რეგიონის ნაწილის) მმართველობას. საბოლოოდ, კუშანები გაანადგურეს ჰუნებმა, რომელთა ადგილი მოგვიანებით დაიკავეს ეფთალიტებმა, რომლებმაც თავისი სახელმწიფო შექმნეს ამ რეგიონში V საუკუნის შუახანებში. ეფთალიტები გაანადგურა სასანიდების მეფე ხოსრო I-მა თურქთა სახანოს დახმარებით 557 წელს. მხოლოდ ეფთალიტებისა და კუშანების შთამომავლებმა მოახერხეს შეექმნათ მცირე სახელმწიფო ქაბულისტანი თანამედროვე ქაბულის სიახლოვეს, რომელიც მოგვიანებით დაიპყრეს საფარიდების მუსლიმმა მმართველებმა, ხოლო შემდეგ შევიდა სამანიდების და ღაზნევიდების სახელმწიფოში.

ისლამური და მონღოლური პერიოდი

VII საუკუნეში ავღანეთის ტერიტორიების დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს არაბებმა, რომლებმაც თან მოიტანეს თავიანთი კულტურა და რელიგია ისლამი. მხოლოდ ახალმა რელიგიამ ავღანეთში საბოლოოდ ფეხი მოიკიდა X საუკუნეში, როცა რეგიონი საბოლოოდ შევიდა სამანიდების სახელმწიფოში.

X საუკუნეში ქვეყანაში შუა აზიიდან მოვიდნენ თურქები. ავღანეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ღაზნევიდების სახელმწიფო დედაქალაქით ღაზნში. ღაზნევიდების სახელმწიფომ მოგვიანებით შეიერთა, აგრეთვე, ირანის, შუა აზიის და ინდოეთის ტერიტორიები. დაიწყო მეცნიერებისა და კულტურის აყვავება.

XII საუკუნეში გაძლიერდა ადგილობრივი ავღანური ღურიდების დინასტია, რომელმაც თავისი გავლენის ქვეშ გააერთიანა ავღანეთი და მეზობელი ტერიტორიები. XIII საუკუნის დასაწყისში ღურიდების სახელმწიფო დაიპყრო ხორეზმმა.

XIII საუკუნეში რეგიონში შეიჭრნენ მონღოლები, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით. ავღანეთი შევიდა მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში. მის ტერიტორიებზე არსებობდა მონღოლთა ვასალი კურტების დინასტიის სახელმწიფო. ავღანეთი მდებარეობდა ორი მონღოლური ულუსის — ჰულაგუიანებისა და ჩაღათას ულუსის საზღვარზე.

XIV საუკუნის მეორე ნახევარში ავღანეთი შევიდა თემურ-ლენგის იმპერიაში, რომლის სიკვდილის შემდეგ მას უკვე თემურიდები მართავდნენ. თემურიდებიდან ყველაზე ცნობილი მმართველი აღმოჩნდა დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებელი ბაბური.

XVI—XVII საუკუნეებში ავღანეთის ტერიტორიისათვის ბრძოლას ეწეოდნენ ერთი მხრივ სეფიანთა ირანი, მეორე მხრივ ინდოეთის დიდ მოგოლთა იმპერია.

ხოტაკის დინასტია

XVIII საუკუნეში ავღანეთი შედიოდა სპარსეთის იმპერიაში, რომელსაც სეფევიდები მართავდნენ. სპარსეთის დასუსტების შემდეგ, რამდენიმე აჯანყების შედეგად, ავღანებმა მოახერხეს დამოუკიდებელი ყანდაარისა და ჰერათის სამთავროების შექმნა. ყანდაარის სამთავროს მართავდა მირ-ვეისის მიერ დაარსებული პუშტუნური ხოტაკის დინასტია. 1722 წელს ავღანური ჯარები შეიჭრნენ ირანში და მისი დედაქალაქი ისფაჰანიც კი აიღეს. მოგვიანებით მათ განიცადეს მარცხი ნადირ-შაჰისგან. ნადირ-შაჰმა თავისი ხელისუფლება გაავრცელა ავღანეთზე, თუმცა ხელისუფლება იყო სუსტი. ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ 1747 წელს, სეფევიდები დამარცხდნენ და სპარსეთის იმპერია შინაომებში ჩაეფლო.

დურანის სახელმწიფო

დურანის იმპერია დაარსდა 1747 წელს ყანდაარში მთავარსარდალ აჰმად-შაჰ დურანის მიერ. ის გახდა პირველი გაერთიანებული ავღანური სახელმწიფო. თუმცა აჰმად შაჰის მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ქვეყნის ერთიანობა. დურანის სახელმწიფო მისი გარდაცვალების შემდეგ დაიშალა რიგ დამოუკიდებელ სათავადოებად — პეშავარის, ქაბულის, ყანდაარისა და ჰერათის.

ავღანეთი XIX-XX საუკუნეებში

თავისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, ევრაზიის ცენტრში, ავღანეთი გახდა ორი დიდი სახელმწიფოს — რუსეთისა და ინგლისის იმპერიების საბრძოლო არენა. ბრძოლამ მიიღო სახელწოდება „დიდი თამაშები“. ბრიტანეთ-ავღანეთის პირველი ომი მიმდინარეობდა ათ წელს 1838-48 წლებში და ის ბრიტანეთის დამარცხებით დასრულდა. მეორე ომი 1878-81 წლებში მიმდინარეობდა და ბრიტანეთმა კვლავ ვერ მოახერხა ავღანეთის დაპყრობა. ავღანეთმა შეინარჩუნა საშინაო დამოუკიდებლობა, მაგრამ იძულებული გახდა ეღიარებინა ბრიტანეთის კონტროლი საგარეო პოლიტიკაზე. საბოლოოდ, ბრიტანეთი იძულებული გახდა მესამე ომის (1919) შემდეგ ეცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა 1919 წლის 9 აგვისტოს. ამავე წლიდან ავღანეთის დამოუკიდებლობა ცნო რუსეთის ფედერაციამ და დაამყარა მასთან დიპლომატიური კავშირი. ავღანეთის მეფე ამანულა ხანი გახდა. 1929-1973 წლებში სახელმწიფო ატარებდა ავღანეთის სამეფოს სახელწოდებას.

1963 წელს ავღანეთში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა, ხოლო 1973 წელს დაემხო. 1973 წლის 17 დეკემბერს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და მონარქიული წყობილება შეიცვალა რესპუბლიკური წყობილებით. ისტორიის ეს პერიოდი ხასიათდება უკიდურესად არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით. პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი უშედეგოდ ცდილობდა რეფორმების გზით ქვეყნის მოდერნიზებას.

1978 წელს ქვეყანაში დაიწყო რევოლუცია. პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოახრჩვეს. ხელისუფლებაში მოვიდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული კომუნისტური პარტია. 1978 წელს სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. ქვეყანაში დაიწყო რეფორმები, რამაც გამოიწვია კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია.

ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და სამოქალაქო ომი

1978 წლის საურის (აპრილის) რევოლუციის შედეგად ავღანეთი გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად. სახელმწიფოს მეთაური გახდა ნურ მუჰამედ თარაქი, ხოლო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე — ჰაფიზულა ამინი. მთავრობამ დაიწყო რადიკალური რეფორმების გატარება. კერძოდ, სეკულარიზაცია, რამაც ტრადიციულ ავღანურ საზოგადოებაში გამოიწვია მასობრივი სახალხო პროტესტი. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. მალე მმართველი სახალხო–დემოკრატიული კომუნისტური პარტია ორ ნაწილად გაიყო (ჰალკი და პარჩამი), რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ნურ მუჰამედ თარაქი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაური გახდა ჰაფიზულა ამინი. საბჭოთა კავშირში ამინს არასაიმედო პარტნიორად თვლიდნენ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დროს გადასულიყო დასავლეთის მხარეს. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეშორებინა ამინი და მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანით „დახმარებოდა“ ავღანეთის კომუნისტურ პარტიას – გამკლავებოდა ამბოხებულებს. შედეგად, სსრკ ჩაერია ავღანეთის სამოქალაქო ომში. აშშ-ს ოფიციალური პოზიცია ამ ომის მიმართ ასეთი იყო: საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში და მოახდინა მისი ოკუპირება. ამინის მკვლელობის შემდეგ საბჭოთა სპეცნაწილების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების შემდეგ, რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა ბაბრაქ ქარმალმა.

საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ თავდადებით იბრძოდნენ ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც ფინანსური და შეიარაღების თვალსაზრისით, დახმარებას უწევდნენ აშშ, ჩინეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ავღანეთში გამოჩნდა სარაკეტო გადამტანი კომპლექსები – „სტინგერები“, რამაც დიდი დახმარება გაუწია ადგილობრივ მოჯაჰედებს. განუწყვეტელმა წინააღმდეგობამ საბჭოთა კავშირი აიძულა გამოეყვანა თავისი ჯარები ავღანეთიდან.

1986 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბაბრაქ ქარმალი გადადგა თანამდებობიდან. ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის რევოლუციური საბჭოს ახალი ლიდერი გახდა მუჰამედ ნაჯიბულა. იგი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტიც. 1989 წელს საბჭოთა ჯარები გაიყვანეს ავღანეთიდან. ამის შემდეგ ნაჯიბულა კიდევ სამი წელი რჩება ხელისუფლებაში.

თალიბანის რეჟიმი

1989 წელს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, პირიქით, ახალი ძალით იფეთქა. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყნის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ. ქვეყნის ჩრდილოეთში საველე ჯგუფების მეთაურებმა დააარსეს ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსი“. 1992 წლის აპრილში ამბოხებულები შევიდნენ ქალაქ ქაბულში და ავღანეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. აჰმად შაჰ მასუდსა და გულბედინ ჰექმათიარს შორის ატეხილი ხელისუფლებისათის ბრძოლის დროს დედაქალაქი ქაბული გადაიწვა და დაინგრა. ავღანეთის კულტურულ ძეგლთა დიდი ნაწილი განადგურდა.

ამ დროიდან ქვეყნის სამხრეთში ძალებს იკრებდა მოძრაობა თალიბანი, რომლის დიდი ნაწილი იყვნენ ეროვნებით პუშტუნები და თავი გამოაცხადეს პუშტუნი ხალხის ინტერესების დამცველებად. მათი მიზანი იყო ავღანეთში რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

1996 წლისათვის მათ კონტროლს დაექვემდებარა ქვეყნის დიდი ნაწილი. ქაბულის აღების შემდეგ, სექტემბერში, მუჰამედ ნაჯიბულა იქნა დახვრეტილი, ხოლო ჩრდილოეთის ალიანსი განდევნილ იქნა ქვეყნის ცალკეულ ჩრდილოეთის პროვინციებში. თალიბების მმართველობა ხასიათდებოდა სხვა რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობით (მაგ: მიუხედავად მსოფლიო საზოგადოების მძლავრი პროტესტის, მათ შორის, თვით მუსლიმური ქვეყნების, თალიბებმა გაანადგურეს არქიტექტურის ძეგლები — ბამიანის ბუდები, რომლებიც წარმართულ კერპებად გამოაცხადეს) და სისასტიკით — (მაგ: ხელს აჭრიდნენ ქურდებს, ქალებს და გოგონებს ეკრძალებოდათ სწავლა, ასევე, ქუჩაში მამაკაცის თანხლების გარეშე ყოფნა და ა. შ).

1980-იანი წლების ბოლოს ავღანეთში გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება. 1999 წელს თალიბების მმართველობის დროს ოპიუმის რეკორდული მოსავალი — 4600 ტონა მიიღეს. 2000 წელს ძლიერი გვალვის გამო, მხოლოდ 3275 ტონა ოპიუმის ყაყაჩო შეაგროვეს. იმავე წელს მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეამცირეს ოპიუმის მოყვანა და შედეგად 2001 წელს ავღანეთში მოვიდა რეკორდულად მცირე რაოდენობის ოპიუმი, სულ 185 ტონა და ისიც, ოპიუმის დიდი ნაწილი იყო შეგროვილი ჩრდილოეთის ალიანსის კონტროლირებად ბადახშანის ტერიტორიაზე.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, როდესაც ტერორისტებმა ააფეთქეს აშშ-ის „ტყუპი შენობები“, თალიბანურ ავღანეთს თავი შეაფარა საერთაშორისო ტერორისტმა უსამა ბინ ლადენმა. ეს გახდა აშშს ავღანეთში შეჭრის მიზეზი. ხოლო ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ავღანეთში შეჭრის რეალური მიზეზი აშშ-ს 11 სექტემბრის მოვლენებამდე ჰქონდა ხელთ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თალიბებმა უარი განაცხადეს ტრანსავღანური ნავთობსადენის (თაპი. თურქმენეთი - ავღანეთი - პაკისტანი - ინდოეთი) გაყვანაზე.

2001 წლიდან დღემდე

2001 წელს ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ ფარგლებში ავღანეთის ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. მაგრამ თალიბანი საბოლოოდ არ განადგურებულა. მათი ძირითადი ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ. სხვები გადავიდნენ პარტიზანულ ბრძოლაზე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე.

თალიბების განადგურების შემდეგ წარმოიქმნა თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა. 2001 წლის დეკემბერში ბონის კონფერენციაზე ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწე ჰამიდ ქარზაის დაევალა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის ფორმირება. 2001 წლის ბოლოს შეიქმნა ჰამიდ ქარზაის დროებითი მთავრობა. 2002 წელს ლოია ჯირგამ (უმაღლესი საბჭო, რომელშიც შედის ავღანეთის ყველა ხალხის, ტომის და დაჯგუფების ლიდერი), იგი აირჩია ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. 2004 წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჰამიდ ქარზაიმ. იგი აირჩიეს, აგრეთვე 2009 წელსაც მეორედ ქვეყნის პრეზიდენტად.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ამჯერად, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალებთან ერთად (ISAF). ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: გარდამავალი პოლიტიკური სისტემა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი (Hamid KARZAI, 2002 წლის ივნისიდან).

დემოგრაფია

ეკონომიკა

ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.

მემკვიდრეობა

Jam Qasr Zarafshan
ჯამის მინარეთი

მნიშვნელოვანი ძეგლებია: ბამიანის ბუდები (I - VIII სს.), სასახლე ბუსტაში (XI ს.), ჯამის მინარეთი (XII ს.), გაუხარშადის მავზოლეუმი ჰერათში (XV ს.). ომებმა გაანადგურა ქაბულისა და ყანდაარის ბევრი ისტორიული მონუმენტი.

გალერეა

Mountains in Afghanistan

ავღანეთის მთები

Landscape in Afghanistan

ავღანეთის ლანდშაფტი

Northwestern Afghanistan

ავღანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთი

Eastern Afghanistan

ავღანეთის აღმოსავლეთი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

27 აპრილი

27 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 117-ე დღე (ნაკიან წლებში – 118-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 248 დღე.

ავღანეთი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

ავღანეთმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეცამეტედ 2012 წელს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში იასპარეზა. ამ თამაშებზე მათ მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ავღანეთი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

ავღანეთმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეცამეტედ 2016 წელს, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში იასპარეზა. ამ თამაშებზე მათ ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს.

ავღანეთის პრეზიდენტი

ავღანეთის პრეზიდენტი - ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური, ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით. ავღანეთი რესპუბლიკას წარმოადგენდა მხოლოდ 1973—1992 წწ. და 2001 წლიდან დღემდე.

ახლო აღმოსავლეთი

ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელსაც ხშირად არქეოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ, ბოლო დროს ჟურნალისტები და კომენტატორებიც, და მიუთითებს რეგიონზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისრაელს, პალესტინის ტერიტორიებს, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის პლატო (ირანი, ავღანეთი და დას. პაკისტანი). ალტერნატიულად ასევე არსებობს ტერმინი შუა აღმოსავლეთი, რომელსაც უფრო ნაკლებად გასაზღვრული საზღვრები აქვს და ამიტომ არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ნაკლებად გამოიყენება. კიდევ ერთი ალტერნატიული, არა-ევროცენტრისტული ტერმინი, რომელიც ბოლო დროს აღმოცენდა არის „სამხრეთ-დასავლეთი აზია“, თუმცა ეს ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია.

ეგვიპტე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მიმოიხილება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნაწილი. ეს ფაქტი განპირობებულია ეგვიპტის მნიშვნელოვანი კავშირებით ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებთან უძველესი, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის პერიოდებში.

ბელუჯისტანი

ბელუჯისტანი (ბელოჯური: بلوچستان) — რეგიონი სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ირანის მთიანეთის ნაწილი. მოიცავს ირანის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთ პაკისტანსა და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთს. სახელწოდება მომდინარეობს ბელუჯებისგან, რომლებიც ამ რეგიონის ძირითად მაცხოვრებლებს წარმოადგენენ.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის ქვეშ (ინგლ. List of World Heritage Sites in danger, ფრანგ. Liste du patrimoine mondial en péril) — სიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დგანან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამორიცხვის საფრთხის წინაშე (2010 წლის აგვისტოს მონაცემები).

ნადირ-შაჰი

ნადირ-შაჰ ავშარი (სპარს. نادر شاه افشار; იგივე თამაზ I ყული–ხანი تهماسپ قلی خان

); დ. 22 ოქტომბერი, 1688, დერაგიოზი, ხორასანი — გ. 20 ივნისი, 1747, ხაბუშანი, იქვე) — ირანის შაჰი 1736—1747, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან.

1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰ წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წელს კი — ირანის შაჰი. ნადირ-შაჰმა 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735—1747 წლებში ნადირ-შაჰმა მძიმე ხარკი დაადო ქართლს (ყიზილბაშობა). სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰი მოკლეს ხორასანში შეთქმულებმა.

პუშტუ

პუშტუ (پښتو‎), იგივე ავღანური ენა — ავღანეთში მცხოვრები პუშტუნების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს. იგი ავღანეთის ერთ-ერთი ოფიციალური და ლიტერატურული ენაა, გავრცელებულია აგრეთვე პაკისტანის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში.

სამხრეთი ხორასანის ოსტანი

სამხრეთი ხორასანის ოსტანი (სპარს. استان خراسان جنوبی) — ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ირანის 4 ოსტანი: ჩრდილოეთ ხორასანი, ქერმანი, იაზდი, სისტანი და ბელუჯისტანი და ავღანეთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბირჯენდი. სამხრეთ ხორასანის ოსტანის მოსახლეობა შეადგენს 636,420 ადამიანს.

სამხრეთი ხორასანის ოსტანში ყველაზე გავრცელებული ენაა სპარსული.

სახელმწიფო ენა

სახელმწიფო ენა არის ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათრეთის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში - ორი, სამი და მეტი ენა.

2 სახელმწიფო ენა: კანადა, ფინეთი, ირლანდია, ბელარუსი, ავღანეთი, ჰაიტი...

3 სახელმწიფო ენა: ბელგია, პარაგვაი, ...

4 სახელმწიფო ენა: შვეიცარია, სინგაპური, ...და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.

სპარსული ენა

სპარსული ენა, იგივე ფარსი — სპარსელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ ენებს. სპარსულთან ძალიან ახლოსაა დარი ანუ ქაბულის სპარსული ენა. განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა, ლექსიკის დონეზე. სპარსულის დიალექტზე საუბრობენ ტაჯიკებიც (იხ. ტაჯიკური ენა და დარი). იყენებს სპარსულ დამწერლობას, რომელიც არაბულ გრაფიკაზეა დაფუძნებული.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი (ტაჯ. Тоҷикистон) ოფიციალურად ტაჯიკეთის რესპუბლიკა (ტაჯ. Ҷумҳурии Тоҷикистон) — მთიანი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. 2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს, ხოლო ფართობი 143 100 კმ²-ს. ტაჯიკეთს სამხრეთით ესაზღვრება ავღანეთი, დასავლეთით უზბეკეთი, ჩრდილოეთით ყირგიზეთი და აღმოსავლეთით ჩინეთი. პაკისტანს ესაზღვრება სამხრეთში, გამოყოფილი ვიწრო ვახანის დერეფანით. ტაჯიკების ტრადიციული სამშობლო, ავღანეთთან და უზბეკეთთან ერთად.

უზბეკეთი

უზბეკეთი (უზბეკ. Oʻzbekiston) ოფიციალურად უზბეკეთის რესპუბლიკა (უზბეკ. Oʻzbekiston Respublikasi) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მას ასევე ესაზღვრება ხუთი ქვეყანა, რომლებსაც თვითონაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი: ჩრდილოეთით ყაზახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტაჯიკეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ყირგიზეთი, სამხრეთით ავღანეთი და სამხრეთ-დასავლეთით თურქმენეთი. იგი არის უნიტარული, კონსტიტუციური და საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს თორმეტ რეგიონს, ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას და დედაქალაქს.

ერთ დროს თურქთა სახაკანოს და მოგვიანებით თემურიდების რეგიონის ნაწილი, რომელიც დღეს მოიცავს უზბეკეთის რესპუბლიკას, ადრეულ XVI საუკუნეში დაიპყრეს აღმოსავლეთ თურქულენოვანმა მომთაბარე ტომებმა. XIX საუკუნეში უზბეკეთის შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მოგვიანებით, 1924 წელს, გახდა სსრკ-ს ნაწილი, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უზბეკეთის სსრ). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უზბეკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1991 წლის 31 აგვისტოს გახდა უზბეკეთის რესპუბლიკა (ოფიციალურად აღინიშნება მომდევნო დღე).

უზბეკეთი ოფიციალურად დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. ქვეყნის ოფიციალური ენა არის უზბეკური, თურქული ენა, რომელიც იყენებს ლათინურ ანბანს და რომელზეც საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 85 %, თუმცა, რუსული რჩება ფართოდ გამოყენებაში. უზბეკეთის მოსახლეობის 81 % წარმოადგენენ უზბეკები, მათ მოჰყვება რუსები (5,4 %), ტაჯიკები (4,0 %), ყაზახები (3,0 %) და სხვა (6,5 %). უზბეკების უმრავლესობა მუსლიმია. უზბეკეთი დსთ-ს, ეუთო-ს, გაეროს და შთო-ს წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად უზბეკეთი დემოკრატიული რესპუბლიკაა, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაზღვრავენ უზბეკეთს, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით“.უზბეკეთის ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე, მათ შორის ბამბის, ოქროს, ურანის და ბუნებრივი აირის. მიუხედავად დეკლარირებული მიზნისა, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, უზბეკეთის მთავრობა განაგრძობს ეკონომიკურ კონტროლს, რომელიც აფერხებს იმპორტს შიდა იმპორტის სასარგებლოდ.

ქვეყნების სია

სია მოიცავს 206 პოლიტიკურ ერთეულს, მათ შორის 192 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია, ორი დაკვირვების ქვეშ მყოფი და 11 სხვა.

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. 中华人民共和国, პინ-ინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.

აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი; სამხრეთით ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.

ცენტრალური აზია

ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი (მცირე ევროპული ნაწილის გამოკლებით), უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ოთხი ქვეყანა შუა აზიის რეგიონად მოიხსენიებოდა.

აზიის შიგამატერიკული რაიონები: ავღანეთი, დასავლეთი ჩინეთი და მონღოლეთი.ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.

ხორასან-რეზავის ოსტანი

ხორასან-რეზავის ოსტანი (სპარს. استان خراسان رضوی) — ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ირანის 4 ოსტანი: ჩრდილოეთი ხორასანი, სემნანი, იაზდი და სამხრეთი ხორასანი. ხორასან რეზავს ესაზღვრება ავღანეთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მეშჰედი. ხორასან-რეზავის ოსტანის მოსახლეობა შეადგენს 5,593,079 ადამიანს.

ხორასან-რეზავის ოსტანში საკმაოდ ბევრი ენაა გავრცელებული. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საუბრობს: სპარსულ, თურქმენულ და ქურთულ ენებზე.

ავღანეთის დროშა ავღანეთის პროვინციები ავღანეთის დროშა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.